1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები”-The Daily Telegraph
“როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები”-The Daily Telegraph

“როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები”-The Daily Telegraph

126
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 14 ნოემბრის ნომერში  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები” (ავტორი – ჯო ბარნსი). პუბლიკაციაში მოცემულია აშშ-ვენესუელას დაპირისპირების მიზეზები და განხილულია მმართველი ხელისუფლების დამხობის რამდენიმე ვერსია.

კარიბის ზღვის სამხრეთით, ვენესუელის ნაპირებთან მსოფლიოში უდიდესი ამერიკული ავიამზიდი ხომალდის „ჯერალდ ფორდის“ მიახლოება შეიძლება ერაყის ომის შემდგომ აშშ-ის არმიის ყველაზე ფართო მობილიზებას შევადაროთ.

ვენესუელის ნაპირებთან დღეისათვის თავმოყრილია დაახლოებით 10 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ათეულობით სამხედრო წყალზედა ხომალდი და წყალქვეშა ნავები „ტომაჰავკებით“, ასევე ავიაგამანადგურებლები, რომელთა შეიარაღებაშია შორი მოქმედების რადიუსის მქონე ასეულობით რაკეტა. მთელი საცეცხლე ძალა მიმართულია ვენესუელის ხელისუფლების წინააღმდეგ და პირადად პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დასამხობად.

როგორც იტყობინებიან, თეთრი სახლისა და პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა უკვე შეიმუშავეს სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოში გაბატონებული დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის რამდენიმე ვარიანტი – ნიკოლას მადუროზე პირდაპირი თავდასხმისა ან ქვეყნის ნავთობსაბადოების ხელში ჩაგდების ჩათვლით. გეგმის თანახმად, ოპერაციები ვენესუელის კონტინენტურ ნაწილზე გავრცელდება, ანუ მოსალოდნელია სახმელეთო შეჭრა და ბრძოლები.

აშშ-ვენესუელას შორის წარმოქმნილი მწვავე დაძაბულობის მიზეზს ნარკოვაჭრობა წარმოადგენს: ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ-ში დიდი რაოდენობით ნარკოტიკები სწორედ ვენესუელიდან  შედის. ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონს შანსი ეძლევა დიდი ხნის სურვილი აისრულოს და კარაკასის პრომარქსისტული მთავრობა დაამხოს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აშშ-ის სამხედრო ძალების თავმოყრა ვენესუელის ნაპირებთან იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები დარტყმებს მიაყენებენ ბევრ მნიშვნელოვან ობიექტს – სამხედრო ბაზებს, კოკაინის მწარმოებელ ლაბორატორიებს, შენიღბულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლებს, რომლებსაც ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ექსპორტისათვის იყენებენ, საიდუმლო ბანაკებს და ა.შ.

აშშ-ის მტკიცებით, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც ვენესუელას 2013 წლიდან მართავს, წინამორბედ უგო ჩავესის სიკვდილის შემდეგ, პირადად არის ჩართული ნარკოვაჭრობაში და იმ კარტელებს ხელმძღვანელობს, რომლებსაც ნარკოტიკები აშშ-ში არალეგალურად შეაქვთ. აგვისტოში შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბომდიმ განაცხადა, რომ დიქტატორი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და რომ მას აუცილებლად დაამხობენ. გამოცხადებულია ჯილდო მისი დაპატიმრების მიზნით – 50 მილიონი დოლარი.

ჯერჯერობით დონალდ ტრამპი თავის ზუსტ გეგმებს არ ამჟღავნებს. ტელარხ CBS News-ის ჟურნალისტის კითხვაზე – „დათვლილია თუ არა მადუროს დღეებიო“, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „დიახ, მე ასე ვფიქრობ“.

კარიბის ზღვის აუზში ვაშინგტონს ადრეც ბევრი სამხედრო ოპერაცია – ე.წ. „ბანანის ომები“ აქვს ჩატარებული და თითქმის ყველა მიმართული იყო აშშ-ის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში კონფლიქტის მთავარი პრიზის დაუფლებისათვის, ანუ ნიკოლას მადუროს დამხობისათვის დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, უცხოელი ლიდერების მკვლელობის აკრძალვის დარღვევა მოუხდება.

სანამ თეთრი სახლი თავის მომდევნო ნაბიჯს გადადგამს, „დეილი ტელეგრაფმა“ გაანალიზა აშშ-ის მოქმედების სამი ვარიანტი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიძლება მადუროს დიქტატურის დასამხობად გამოიყენოს. ვარიანტები ეფუძნება რეჟიმების შეცვლის ადრე მომხდარ ფაქტებს.

ა) „შეჭრა“ ბაზიდან და საელჩოს ალყა (მანუელ ნორიეგა, პანამა, 1989 წ.)

1989 წლის 24 დეკემბერს თეთრმა სახლმა ბრძანება გასცა პანამაში შეჭრისა და ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერის დაპატიმრების თაობაზე. აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფებმა ალყა შემოარტყეს პანამაში არსებულ ვატიკანის საელჩოს, სადაც გენერალი მანუელ ნორიეგა – პანამის ეროვნული გვარდიის სარდალი და ქვეყნის ფაქტიური მეთაური – თავშესაფრის მიღების მიზნით იმალებოდა. ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და „დელტა ფორსის“ სპეცრაზმელების მცდელობის შედეგად, მანუელ ნორიეგა ათი დღის შემდეგ იძულებული გახდა ნებაყოფლობით დანებებულიყო (ამ ფაქტმა ვაშინგტონსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რომელიც შემდეგ განეიტრალდა). ნორიეგა ფლორიდაში წაიყვანეს, გაასამართლეს და 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2007 წელს ნორიეგა ექსტრადირებული იქნა საფრანგეთში, სადაც დამატებით 7 წელი მიუსაჯეს ფულის გათეთრებისათვის, 2011 წელს პანამაში დააბრუნეს და ადგილობრივ ციხეში ჩასვეს. გარდაიცვალა 2017 წელს.

ისევე როგორც პანამელ დიქტატორი, ნიკოლას მადუროც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაშია დადანაშაულებული, მაგრამ მსგავსება მხოლოდ ამით ამოიწურება – პანამაში შეჭრა სრულიად განსხვავდება ვენესუელას ტერიტორიაზე სავარაუდო შეჭრისაგან.

პანამა შედარებით პატარა სახელმწიფოა ერთი მთავარი ქალაქით. ამერიკელებს უკვე ჰქონდათ სამხედრო ბაზა პანამაში, ცნობილ არხთან, საიდანაც ისინი უბრალოდ გამოვიდნენ და დედაქალაქში შევიდნენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე (ანუ „პანამაში შეიჭრნენ“)

„ვენესუელა პანამა არ არის. ვენესუელა ორჯერ დიდია ერაყზე და მას რამდენიმე მსხვილი ქალაქი აქვს მილიონიანი მოსახლეობით. გარდა ამისა, ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ბაზა არ არის, ამიტომაც ვაშინგტონს ქვეყანაში ნამდვილი შეჭრა მოუწევს და არა უბრალოდ ბაზიდან გამოსვლა, როგორც ეს პანამაში მოხდა“, – ამბობს „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ბრენსონ ბაკი კატონის ინსტიტუტიდან.

ვენესუელაში შეჭრა ნიშნავს საზღვაო დესანტის გადასხმას სანაპირო პლაჟებზე, საიდანაც დედაქალაქი კარაკასი ახლოს მდებარეობს. შეიძლება დესანტი ვერტმფრენებითაც გადაისხას. ერაყისაგან განსხვავებით, ვენესუელას ირგვლივ აშშ-ის მეგობარი ქვეყნები არ არიან, რომელთა ტერიტორია შეიძლება შეიარაღებული შეჭრის პლაცდარმად გამოყენებულიყო. შესაბამისად, მსხვერპლის რისკი იზრდება, რაც, ალბათ, არც მისტერ ტრამპს არ სურს და არც ამერიკულ საზოგადოებას.

სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ვენესუელაში არ არსებობს უთანხმოება პოლიტიკურ ლიდერსა და შეიარაღებულ ძალებს შორის. არმია პრეზიდენტის ერთგულია.

ვენესუელის მიწაზე ამერიკელი ჯარისკაცები ხისტ წინააღმდეგობას წააწყდებიან: მადუროს არმიაში 109 ათას სამხედრო მოსამსახურეა, პლუს პრეზიდენტის ერთგული პოლიცია და სხვა შეიარაღებული ძალოვანი სტრუქტურები.

იმასაც ამბობენ, რომ ვენესუელის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები სხვა ქვეყნების დასახმარებლად წარმოებულ ოპერაციებში გამოწრთობილი მებრძოლები არიან და მათთვის ამერიკელი სპეცრაზმელების შედარებით მცირე კონტინგენტი ვერ შეაშინებთ.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვენესუელას ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ერაყივით მოშიშვლებული კი არ არის, არამედ გაუვალი ტროპიკული ტყეებით – ჯუნგლებით არის დაფარული…

როგორც ქრიტოფერ საბატინი, „ჩეთემ ჰაუზის“ ლათინური ამერიკის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს, „ნიკოლას მადურო ერთგული ადამიანებით არის გარემოცული. იგი არ ჰგავს უსამა ბენ-ლადენს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და რომელსაც დაცვა ძალიან ცუდად ჰქონდა ორგანიზებული. მადუროს დაპატიმრება ძალიან სარისკო და რთული იქნება – იგი ქვეყნის პრეზიდენტია“.

რა თქმა უნდა, ალბათ, ამერიკას დაჭირდება ვენესუელის ტერიტორიის გაწმენდა და გაჭიანურებული ოპერაციების ორგანიზება, იქნება მსხვერპლი, რაც ამერიკელ პოლიტიკურ ლიდერებს, კანონმდებლებს და საზოგადოებას არ მოეწონებათ. „ისე გამოდის, რომ თეთრ სახლს ახლო აღმოსავლეთი თავისი დაუსრულებელი ომებით და კონფლიქტებით უკვე საკუთარ ტერიტორიასთან, აშშ-ის საზღვრებთან ახლოს გადმოაქვს“, – ამბობს  ბრენსონ ბაკი.

ქრისტოფერ საბატინი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამერიკელების მიერ დაგეგმილი ოპერაციები, სავარაუდოდ, ხშირად იქნება ჩაშლილი პარტიზანების მიერ. ისიც ფაქტია, რომ ვენესუელაში ოპოზიცია, დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

ბ) დაბომბვები შორიდან (მუამარ კადაფი, ლიბია, 2011 წელი)

დონალდ ტრამპს არ ერიდება აშშ-ის სამხედრო ძლიერების დემონსტრირება და მის შესაძლებლობებს შორი მანძილიდანაც იყენებს. გავიხსენოთ, საბრძოლო ოპერაციები – ირანის, იემენის, ერაყისა და სირიის ტერიტორიების ავია- და სარაკეტო დაბომბვები, თუმცა ვენესუელის შემთხვევაში მასთან ყველაზე ახლოს დგას ლიბიისადმი მიყენებული დარტყმები 2011 წელს, იქაური დიქტატორის მუამარ კადაფის დამხობის მიზნით.

აშშ-ის უძლიერესი ავიამზიდის ვენესუელას ახლოს საზღვაო რეიდზე ყოფნა იმას ნიშნავს, რომ შორიდან დაბომბვა სწორედ ის ძირითადი ვარიანტია, რომელიც დონალდ ტრამპს აქვს დაგეგმილი. „ასეთი სამხედრო ოპერაციით მსხვერპლი მცირე იქნება“, – ამბობს ბრენსონ ბაკი.

ქრისტოფერ საბატინის თქმით, თეთრი სახლი, ალბათ, გარკვეული ობიექტების ე.წ.  „ხალიჩისებურ“ (შეუჩერებელ) დაბომბვებს განახორციელებს და იმედი აქვს, რომ მოსახლეობა აჯანყდება და ნიკოლას მადუროს დაამხობს“.

ამერიკული ავიაგამანადგურებლები, რომლებიც რაკეტა „ჰაერი-მიწით“ იქნებიან აღჭურვილნი და სამხედრო ხომალდები, რომლებიც „ტომაჰავკებს“ გაუშვებენ, ვენესუელის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებს სწრაფად გაანადგურებენ.

გასანადგურებელ ობიექტთა სიაში პირველები, ალბათ, იქნებიან ვენესუელის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები (С-300-ები), რომლებიც რუსული წარმოებისაა. ექსპერტების აზრით, ისინი მოძველებულნი არიან და მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეძლებენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას. შესაძლოა ამერიკულ „ფალკონებს“ (F-16-ებს) მცირე წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულმა „სუხოის“ მარკის თვითმფრინავებმა, რომლებითაც ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალები არიან აღჭურვილნი. არსებობს 2018 წლის მონაცემები, რომელთა მიხედვით, ვენესუელას 20-ზე მეტი რუსული წარმოების Су-30-ები ჰყავს და 12-მდე F-16-ები, თუმცა მისი „ფალკონები“ უსარგებლოა.

როგორც კი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს გაანადგურებენ, აშშ დაიწყებს ნარკოტიკების აშშ-ში გასატანად განკუთვნილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა და ნავსადგურებში სპეციალური  ადგილების  განადგურებას.

ვენესუელის სხვა სამხედრო ობიექტებიც შეიძლება დაიბომბოს ნიკოლას მადუროს რეჟიმის დესტაბილიზებისათვის, მაგრამ რადგანაც ვენესუელაში ოპოზიციონერი ლიდერები მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობენ, ისინი ვერ შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას.

გ) ჯაშუშების შეგზავნა (მოჰამად მოსადიყი, ირანი, 1956 წელი)

დონალდ ტრამპმა ნება დართო ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (GIA), რომ ვენესუელაში სასიკვდილო ოპერაციები განახორციელოს. აშშ ამერიკელ ჯაშუშებს ხშირად გზავნიდა ხოლმე იმ ქვეყნებში, რომელთა დიქტატორების დამხობა სურდა.

როცა ამერიკულმა GIA-მ და ბრიტანულმა MI-5-მა 1956 წელს ირანის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მოჰამად მოსადიყის დამხობა მოისურვეს, მათ შეეძლოთ ირანელი სამხედროების იმედი ჰქონოდათ, რომლებიც პრემიერს უპირისპირდებოდნენ.

ცნობილია, რომ აშშ-მა თავისი ჯაშუშები და აგენტები ვენესუელაშიც შეგზავნა, მაგრამ როგორც ქრისტოფერ საბატინი ამბობს, საეჭვოა, რომ ადგილობრივმა სამხედროებმა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ იმოქმედონ. „ვენესუელაში მადუროს წინააღმდეგ აჯანყებული სამხედრო ფორმირებები არ არიან. ასევე არანაირი ცნობები არ არსებობს, რომ რომელიმე სამხედრო ნაწილი ან საარმიო ქვედანაყოფი ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოვა და პრეზიდენტის დამხობას მოისურვებს“, – აღნიშნავს ქრისტოფერ საბატინი.

უნდა ითქვას, რომ ვენესუელის სპეცსამსახურები კარგად არიან გაწვრთნილები  უცხოელი აგენტებისა და ჯაშუშების დაჭერაში და, შესაბამისად, ამერიკელ „შპიონებს“ ვენესუელაში თავიანთი დავალებების შესრულება მეტ-ნაკლებად გაუჭირდებათ.

ამრიგად, მესამე ვარიანტის გამოყენება საკმაოდ საეჭვოა.

დუგლას ფარახი, პენტაგონის კონსულტანტი, ამბობს, რომ ვენესუელაში შეჭრის ან ქვეყნის დაბომბვის შემდეგ სიტუაციის სტაბილიზებას ათობით ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დასჭირდება.

„გაიხსენეთ, რომ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მისი გაკონტროლება იოლი არ იქნება. ქვეყნის ნავსადგურებსაც ბევრი ამერიკელი სამხედრო დასჭირდება. და ბოლოს, რომელ ამერიკელს გაგზავნით კოლუმბია-ვენესუელის საზღვრის პერიმეტრის გასაკონტროლებლად, სადაც 4 ათასამდე კარგად შეიარაღებული მებრძოლები გადად-გადმოდიან და უკვე 60 წელია იბრძვიან?“.

 

წყარო: