„როგორ შეარჩია უკრაინამ რუსეთთან საზღვრის ყველაზე სუსტი ადგილი და რატომ მიაღწია წარმატებას” – რას წერს The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ შეარჩია უკრაინამ რუსეთთან საზღვრის ყველაზე სუსტი ადგილი და რატომ მიაღწია წარმატებას: კიევი დილემის წინაშე“ (ავტორები – როლანდ ოლიფანტი და ჯო ბარნსი). მასალაში გაანალიზებულია კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის ქვდანაყოფების მიერ განხორციელებული ოპერაციის წარმატებისა და რუსული ქვედანაყოფების მარცხის მიზეზები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
როცა უკრაინის ჯარებმა 6 აგვისტოს დილით რუსეთის საზღვარი გადალახეს, მათ მოსკოვის თავდაცვა ისე გაჭრეს, როგორც კარაქი დანით. აშკარაა, რომ ასეთ წარმატებას ხელი შეუწყო ოპერაციის საიდუმლო ხასიათმა: ქვედანაყოფების მეთაურებმა დაგეგმილი შეჭრის შესახებ სამი დღით ადრე გაიგეს, ჯარისკაცებმა კი მხოლოდ უშუალოდ ოპერაციის დაწყების მომენტში.
რასაკვირველია, უკრაინელებმა რუსეთს თავდაცვის სუსტი წერტილი მოუძებნეს, სადაც სამხედრო ქვედანაყოფების ნაკლებობა შეინიშნებოდა და არ იყო სათანადო კონტროლი და ურთიერთკავშირი კურსკის ოლქის სამხრეთში დისლოცირებულ რუსულ ქვედანაყოფებს შორის. კიევის მიერ განხორციელებული ოპერაციის ასეთი დაგეგმვა მკვეთრად განსხვავდება გასული წლის ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევისაგან. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ვეტერანი ამბობს, „ძალიან მინდა, რომ ახლა ჩემს ამხანაგებთან ერთად კურსკის ოლქში ვიყო“.
თავდაპირველ ეტაპზე ისეთი ქაოსი იყო შექმნილი, რომ რუსებმა ვერანაირი თავდაცვის ორგანიზება ვერ მოახერხეს, ყველა დაბნეული იყო და ნორმალურად ვერ აზროვნებდნენ. არავინ იცოდა, თუ ვინ ვის ექვემდებარებოდა. „უკრაინის სარდლობამ წარმატებით ისარგებლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული პასუხისმგებლობის დაყოფით „ეფ-ეს-ბე“-ს (უშიშროების ფედერალურ სამსახური), „როსგვარდიას“ (რუსეთის ეროვნული გვარდია) და თავდაცვის სამინისტროს (თავდაცვის ფედერალური უწყება) შორის“, – ამბობს დარა მასიკოტი, რუსი მკვლევარი აშშ-ის კარნეგის ფონდიდან, – „რუსეთის ჯარების მართვის ასეთი სისტემა მთელი ომის განმავლობაში არ შეცვლილა“.
მეთაურობას და კონტროლს, ანუ მეთაურის (ოფიცრის) მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულებას განსაზღვრულ ქვედანაყოფში და მის გაკონტროლებას ზემდგომი სამხედრო უფლებამოსილი პირის მიერ – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის წარმატებისათვის, მაგრამ, დონბასის ფრონტზე არსებული სიტუაციისაგან განსხვავებით, საზღვრის ამ „მშვიდობიან“ უბანზე განსაკუთრებული ქაოსი სუფევდა.
რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური, რომელიც „ეფ-ეს-ბე“-ს ექვემდებარება, სახელმწიფო საზღვრის დაცვაზეა პასუხისმგებელი. ტერიტორიის შიდა თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს „როსგვარდია“, რომელიც არმიის სარდლობას არ ექვემდებარება. რაც შეეხება უშუალოდ არმიას: კურსკის ოლქი იმყოფება მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდლობის ზონაში, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი კუზოვლევი ხელმძღვანელობს. მისი ჯარების დიდი ნაწილი უკრაინის ფრონტზე იბრძვის. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სამხედრო ოლქი ახლადშექმნილი ოპერატიულ-სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანებაა და ჩამოყალიბდა ამ წლის დასაწყისში, როცა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი „დასავლეთის სამხედრო ოლქი“ ორ ნაწილად გაჰყო, ნატოს ბოლო გაფართოებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ხელისუფლება, კურსკის ოლქის გუბერნატორის ალექსი სმიროვის ადმინისტრაციის სახით, პასუხისმგებელია მოსახლეობის ევაკუაციაზე.
ამ ადგილებში არავინ აშენებდა „სუროვიკინის ხაზს“ ან რაიმე მსგავს გამაგრებულ ზღუდეებს ტრანშეებისა და დანაღმული ველების სახით, რომლებიც რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში მოაწყეს და რომელიც შარშან აგვისტოში უკრაინელებმა ვერ გადალახეს. ასევე ვერცერთმა რუსმა გენერალმა ვერ შენიშნა, თუ როგორ დაიწყო უკრაინამ ოპერაციის დაგეგმვა მარტის თვიდან, როცა კიევის არმია ბელგოროდის ოლქში რეიდებს ახორციელებდა („რუსული ლეგიონის“ მეშვეობით). საბოლოოდ, უკრაინამ გეგმა შეიმუშავა და ნელ-ნელა, ჯგუფ-ჯგუფად, ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. რუსმა გენერლებმა ვერც ეს ვერ შენიშნეს. მოკლედ, ექვსთვიანი მინიშნებები მოსკოვის ყურადღების მიღმა დარჩა, შესაბამისად, საზღვარიც არავის არ გაუმაგრებია. საბოლოოდ კი, 6 აგვისტოს, გამთენიისას, განხორციელდა უკრაინის საარმიო ქვედანაყოფების „ქრესტომათიული შეჭრა“ რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელები თავისი რიცხოვნობით ბევრად აღემატებოდნენ „როსგვარდიელებს“, მესაზღვრეებს და ჯარში ახლად გაწვეულ გამოუცდელ ჯარისკაცებს. მოსახდენი მოხდა: მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ბრძოლებში გამოწრთობილ უკრაინელ მეომრებს და დიდი რაოდენობით ტყვედ ჩაბარდნენ.
„უკრაინის სარდლობამ ყველაფერი კარგად დაგეგმა, როგორც სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის სახელმძღვანელოებშია: განახორციელა დეტალური დაზვერვა, დააზუსტა გადაადგილების მარშრუტი, მოიმარაგა რუკები და, რაც მთავარია, ელვისებურად იმოქმედა“, – ამბობს „რუსული ლეგიონის“ ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ადრე რუსეთის არმიაში მსახურობდა, – „ამიტომაც ისინი სწრაფად მოძრაობდნენ. ჩვენთან, რუსეთში, დროს ლაპარაკსა და კამათში ატარებენ და რეპორტაჟებს იღებენ. როგორც ამბობენ ხოლმე – „თუ რუსეთზე გამარჯვება გინდათ, მას ომი გამოუცხადეთ და დაელოდეთ, სარდლობა იმდენ ინსპექციას მოუწყობს საკუთარ ჯარს, რომ საბოლოოდ თვითონ ჩაბარდებიან“.
ის ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთის სარდლობამ კურსკის ოლქში გადაისროლა, საკმაოდ მოუმზადებლები და სხვადასხვა სახის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ. მათთან ბრძოლა უკრაინელებისათვის იოლი გამოდგა. პუტინის „სახელგანთქმული“ „ეფესბე“-შნიკები სინამდვილეში მშიშრები აღმოჩნდნენ და ტყვედ ჩაბარდნენ.
„კურსკის კატასტროფამ“ სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო სამხედრო ექსპერტებს შორის ღია მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. რუსმა ბლოგერებმა ჩეჩნური ქვედანაყოფი „ახმატი“, რომელიც „როსგვარდიას“ ექვემდებარება, ლაჩრობაში დაადანაშაულეს: მათ პირველივე ბრძოლაში მიატოვეს მოუმზადებელი ახალწვეული რუსი ჯარისკაცები, რომლებიც იძულებული გახდნენ თვითონ ჩანაცვლებოდნენ ჩეჩნებს. თავის მხრივ, გენერალმა აპტი ალაუდინოვმა – „ახმატის“ სარდალმა – პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს გადააბრალა, რომლებიც ვერ მოახერხეს საპასუხო ოპერაციის განხორციელება. მან გააკრიტიკა ერთ-ერთი პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც პრეზიდენტს განუწყვეტლივ ატყუებდა და საბოლოოდ, „თავისი ტყუილები თვითონვე დაიჯერა“. მან არ დაასახელა სამხედრო ჩინოვნიკი, თუმცა იგულისხმება, რომ ის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვია. რასაკვირველია, გენშტაბის უფროსი და სხვა გენერლები შეეცდებიან პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ კურსკში მომხდარი „სამხედრო კატასტროფა“ მათი ბრალი არ არის.
დღეს უკრაინელები დილემის წინაშე დგანან:
პირველი – ჯერ-ჯერობით რუსეთის არმია დონბასში შეტევის ტემპს ძველებურად აგრძელებს, ანუ ჯარების კურსკში გადასროლას დონბასის ფრონტზე საომარი მოქმედებების შესუსტება მაინცდამაინც არ გამოუწვევია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელთა სავარაუდო ჩანაფიქრი – რუსების ჯარების გადასროლა „კურსკის შვერილზე“ დონბასში ბრძოლებს შეასუსტებსო – ჯერ-ჯერობით არ გამართლდა. თითქმის ათდღიანი ბრძოლების შემდეგ მიზანი კვლავ მიუღწეველია.
მეორე – თუ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიის სიღმეში რეიდს გააგრძელებენ, დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ მათ მიერ ბრწყინვალედ დაწყებული ოპერაცია საბოლოოდ გამანადგურებელი ალყითა და მარცხით დასრულდება. თუ ისინი თავდაცვას შეეცდებიან და ზღუდეებს მოაწყობენ, ეს პოზიციურ ბრძოლაზე გადასვლას ნიშნავს, მაგრამ რუსებს ცოცხალი ძალასა და სამხედრო ტექნიკაში უპირატესობა აქვთ და უკრაინელები დიდხანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. თუ კიეველები უკან დაიხევენ, ამით თავიანთ უპირატესობას დაკარგავენ, რაც რუსეთის ტერიტორიის ოკუპირებაში გამოიხატება (მომავალი სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის).
თუმცა არსებობს ერთი „პლუსი“: მათ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ტყვე ჩაიგდონ ხელში და შემდეგ გადაცვალონ. ამით კიევი თავის ტყვედ ჩავარდნილ სამხედრო მოსამსახურეებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
მართალია, კურსკის რეიდის საბოლოო მიზანი ჯერ-ჯერობით ისევ საიდუმლოდ რჩევა, მაგრამ, გაჟონილი ინფორმაციის შედეგად, გეგმის გარკვეული კონტურები იკვეთება: უკრაინული „ტელეგრამ-არხებში“ გავრცელდა კურსკში ტყვედ ჩავარდნილი რუსების თხოვნები, რომლებიც აშკარად ზემოდან ზეწოლით ამბობდნენ, რომ ისინი „აზოვის“ იმ მებრძოლებზე გადაცვალონ, რომლებიც ტყვედ მარიუპოლში ჩავარდნენ და ჯერ კიდევ რუსეთის სპეცბანაკებში იმყოფებიან.
თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ „აზოვის“ ვეტერანების სახლებში დაბრუნება უკრაინისათვის საკმად ხმაურიანი პროპაგანდისტული წარმატება იქნება და შესაძლოა, ერთ-ერთი ის მიზანი, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციის ხელმძღვანელებს რუსეთში შეჭრის წინ დაუსახა.