1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ ხვდებიან მობილიზაციისაგან გაქცეულ რუსებს ქართველები – Deutsche Welle
როგორ ხვდებიან მობილიზაციისაგან გაქცეულ რუსებს ქართველები – Deutsche Welle

როგორ ხვდებიან მობილიზაციისაგან გაქცეულ რუსებს ქართველები – Deutsche Welle

332
0

„რუსეთში ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 70 ათასამდე რუსი მოქალაქე შევიდა. ქართული ოპოზიციის ნაწილი ამ ფაქტს ნეგატიურად შეხვდა, მაგრამ ხელისუფლება მასში პრობლემას ვერ ხედავს და საზღვრის დახურვას არ აპირებს“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) რეპორტაჟში საქართველოდან, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „როგორ ხვდებიან მობილიზაციისაგან გაქცეულ რუსებს ქართველები“ (ავტორი – ნიკა მუსავი).

2022 წლის სექტემბრის ბოლოდან საქართველო მობილიზაციისაგან გაქცეული რუსების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად გადაიქცა. ასეთი პოპულარობა იმით აიხსნება, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმია დაწესებული, არსებობს სახმელეთო საზღვარი და იმითაც, რომ ეს უკვე „გაკვალულ ბილიკს“ წარმოადგენს: საქართველოში პირველი რუსი მიგრანტები – რამდენიმე ათასი – ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გამოჩნდნენ. ასე რომ, მიგრანტების ამჟამინდელი ტალღა უკვე მეორეა ნახევარი წლის განმავლობაში. 

ამასთან, რუსები საქართველოში ყველა საცხოვრებლად არ რჩება: შეიძლება ითქვას, საქართველო მათთვის ერთგვარი შუალედური ქვეყანაა სხვა ქვეყნებში გასამგზავრებლად.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 21-დან 30 სექტემბრამდე საქართველოში შევიდა 68 ათასი რუსი, გავიდა 45 ათასზე მეტი, ანუ ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ათასი რუსი რჩება.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა არ არსებობს და ამიტომ ბევრი რუსი მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისათვის სახმელეთო-სასაზღვრო გადასასვლელ პუნქტით – „ზემო ლარსით“ სარგებლობს, სადაც სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ რიცხვებში მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა.

„წადით აქედან, ჩვენ მშიშრები არ გვჭირდება!“

37 წლის კრასნოდარელმა ივან პავლოვმა საქართველოში შესასვლელად რიგში სამი დღე გაატარა: „საზღვრის რუსულ მხარეს მყოფმა რუსმა მესაზღვრე ქალმა ასე მითხრა – ჩემი ნება რომ იყოს, შენნაირებს, ვინც ჯარში გაწვევას გაურბის, ყველას დავიჭერდიო. კიდევ ერთი მესაზღვრე გვიყვიროდა – წადით, მოგვშორდით, თქვენნაირი მხდალები არ გვჭირდებაო. როგორც კი ქართულ მხარეს გადმოვედით, ქართველმა მესაზღვრეებმა გასაკვირად იოლად და სწრაფად, კითხვების გარეშე შეამოწმეს საბუთები და გამოგვიშვეს“.

მართლაცდა, ოფიციალური თბილისი საკმაოდ მშვიდად შეხვდა რუსების ახალ ნაკადს და განაცხადა, რომ მათ უკან გაძევებას და საზღვრის დახურვას არ აპირებს, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებისაგან სწორედ ამას ითხოვდა. 

„დისიდენტები VS „დეზერტირები“?

ვინ არიან საქართველოში შემოსული რუსი მოქალაქეები – „დისიდენტები“ თუ „დეზერტირები“? 

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაძაბული და რთულია. ერთი მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის პროდუქციის გასაღების ბაზარს წარმოადგენს – დიდი რაოდენობით იყიდება ქართული ღვინო, ხილ-ბოსტნეული, აგრეთვე მინერალური წყალი, საქართველოში ათი ათასობით რუსი ტურისტი ჩადის და მილიონობით დოლარის წყაროა. მეორე მხრივ, რუსეთი „ოკუპანტია“, რომელსაც „ხელი აქვს დადებული აფხაზეთზე და „სამხრეთ ოსეთზე“ და რომლის ჯარმა კინაღამ თბილისი დაიკავა 2008 წლის ომის დროს. ოპოზიცია, პირველ რიგში „ერთიანი ნაცმოძრაობა“ მუდმივად ადანაშაულებს საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ზედმეტი ლოიალობის გამო.

ამასთან, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდანვე თბილისი მტკიცედ უჭერდა მხარს კიევს: იღებდა უკრაინელ ლტოლვილებს, უგზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას და ხმას აძლევდა ანტირუსულ რეზოლუციებს გაეროში და სხვა ორგანიზაციებში – ერთადერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.

რუსეთის მიმართ წლების განმავლობაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო (ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილია) ქართული საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე განიცდიდა შიშს, რომ რუსი მიგრანტები თან რუსულ არმიას შემოიყოლებენ, ვლადიმერ პუტინი მათი დაცვა მოისურვებს და ქვეყნის ოკუპაციას მოახდენსო, თუმცა შემდეგ, სექტემბრისათვის, ვნებები დაცხრა, „მოსულები“ და „დამხვდურები“ ერთმანეთს მიეჩვივნენ და თბილისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა… მაგრამ უეცრად ემიგრაციის მეორე ტალღა გაჩნდა.

სხვათა შორის, „საგაზაფხულო“ და „საშემოდგომო“ მიგრანტებს შორის, ქართველების აზრით, გარკვეული განსხვავება არსებობს: გაზაფხულზე საქართველოში ძირითადად „დისიდენტები“ ჩამოდიოდნენ – უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას დაუპირისპირდნენ, შემოდგომით კი ჩამოდიან მხოლოდ ისინი, ვინც მობილიზაციას გამოექცა, მანამდე კი რუსეთში მშვიდად მუშაობდა და ხმას არ იღებდა ხელისუფლების მოქმედების წინააღმდეგ.

„ხოლო როცა მთავრობის მოქმედება მათ საკუთარ ტყავზეც იგრძნეს, ომში წასვლისა შეეშინდათ – მათთვის უმჯობესი იყო შორიდან ედევნებინათ თვალი, ტელევიზორით, თუ როგორ იღუპებოდნენ დაბომბვების დროს უკრაინელი ქალები და ბავშვები“, – ამბობს პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც რუსებს პლაკატით შეხვდა, წარწერით „სალამი რუს დეზერტირებს!“. იგი თვლის, რომ „რუსების ქვეყანაში შემოშვება შეიძლება, მაგრამ ისე, რომ მათ ყოველ ნაბიჯზე დისკომფორტი უნდა იგრძნონ“.

ბინის საკითხი და „მოსკოველები“

მართალია, საქართველო რუს მობილიზაციაფილებს უკან, რუსეთში არ აძევებს (ვთქვათ, ისე, როგორც ამას ყაზახეთი აკეთებს), მაგრამ არც კარგ ცხოვრებას და კომფორტს არ უქმნის. მაგალითად, დასავლეთის ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ საქართველოში შემოსულ რუსებს ქართულ ბანკებში ანგარიშის გახსნა გაურთულდათ.

რუსი ემიგრანტების მოზღვავებამ საქართველოში საცხოვრებელი ბინების პრობლემა გააჩინა (სხვათა შორის, არა მარტო მათთვის, არამედ თვითონ ქართველებისთვისაც) – მკვეთრად გაიზარდა – თითქმის ორჯერ – ბინების დაქირავებისა და შეძენის ფასები.

ივან პავლოვს ამ თვალსაზრისით ბედმა გაუღიმა – იგი თავის მეგობართან ერთად ცხოვრობს, რომელმაც ბინა თბილისში რამდენიმე წლის წინ დაიდო. ივანს ისეთი სპეციალობა აქვს, რომელიც შორიდან, დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევს, თუმცა ხელფასი ისეთი მაღალი არ არის, როგორიც რუსეთში ჰქონდა. მთლიანობაში, იგი იმ ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, გარკვეულ წილად თავგადასავლად აღიქვამს, რომელიც უფრო საინტერესოა, ვიდრე საშინელი.

„ჩემთვის საქართველოში ყოფნა სრულიად კომფორტულია, არავითარ ნეგატიურ რეაქციას არ ვგრძნობ ადგილობრივებისაგან. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ცოლი და ორი ბავშვი რუსეთში დავტოვე – მინდა ისინი რაც შეიძლება სწრაფად თბილისში ჩამოვიყვანო“, – ამბობს ივან პავლოვი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბრისას.

წყარო