1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით – The Daily Telegraph
როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით – The Daily Telegraph

როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით – The Daily Telegraph

382
0

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული ძლიერება ბოლო 70-80 წლის განმავლობაში მშვენივრად ერთმევდა თავს შემკავებელი ფუქნცების შესრულებას და არმაგედონს თავიდან იცილებდა. სტრატეგიული ბირთვული ბალანსი ისეთია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ჩინეთმა რომ კიდევ უფრო მეტი ბირთვული იარაღი შექმნას, ძალთა თანაფარდობა უახლოეს დროში არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ იარაღს არავინ გამოიყენებს – ქვეყანა, რომელიც ამას გაბედავს, უნდა ელოდოს, რომ თვითონაც განადგურდება. 

მაგრამ ის, რაც თანაფარდობის მიღმა არსებობს, განსაკუთრებით ევროპაში – ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობა. რუსეთს ბევრი აქვს, საფრანგეთსაც აქვს, მაგრამ ცოტა, დიდ ბრიტანეთს კი საერთოდ არ აქვს მსგავსი რამ. გამოდის, რომ ლონდონი არასწორად აღიქვამს ახალი მსოფლიო წესრიგის მოახლოებას და რეალური ძალის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს?

იარაღის აუცილებელი რაოდენობის არსებობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისათვის – უკრაინის ომის გაკვეთილების გათვალისწინებით. ადოლფ ჰიტლერმა ძალიან გვიან გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: თუ მეომარ ქვეყანას არ შეუძლია საჭირო რაოდენობის ტანკების გამოშვება, არ აქვს თვითმფრინავები და არ ჰყავს საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალა, მაშინ საეჭვოა მან ომში გაიმარჯვოს. მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ძალის ეფექტი ტანკებისა და მილიონობით ჯარისკაცის გარეშე?

როგორც შოკის მომგვრელად არ უნდა ჟღერდეს, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი პრაქტიკული გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ქონა და მისი გამოყენების მუქარა. ჩვენ ეს ცივი ომის დროს კარგად ვიცოდით, 1990 წლამდე დიდი ბრიტანეთს სხვადასხვა ძალისა და დანიშნულების ბირთვული იარაღი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ჩავთვალეთ, რომ აღარ გვჭირდებოდა და მათი დიდი ნაწილი გავანადგურეთ, მათ შორის ტაქტიკურიც..

მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია. რუსული ურდოები წინ მიიწევენ და უამრავ ტანკს, დრონს და სხვა თანამედროვე იარაღს ფლობენ, რომ  ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწიონ. ჩვენ როცა ასობით ტანკზე ვლაპარაკობთ, რუსებს ათასობით აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმდენი საავიაციო თუ სატანკო ქარხანა, რომ ბალანსი უახლოეს ხანში აღვადგინოთ.

ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მუქარებზე, თუ ჩვენ ძია სემი (აშშ) გვერდით აღარ დაგვიდგება? ტაქტიკური ბირთვული იარაღი ნიშნავს, რომ ქვეყანას ისეთი ძალა აქვს, რომელიც მასიურ ეფექტს მოახდენს, ანუ ისეთ შედეგს მოიტანს, რომელსაც ჩვეულებრივი იარაღი ვერ შეძლებს. როგორ და რით გავცემთ პასუხს, თუ რუსეთი, ვტქვათ კონკრეტულად ბალტიისპირეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელ სუვალკის ვიწრო დერეფანს დაარტყამს? ჩვენ, რასაკვირველია, არ გვინდა არმაგედონის პროვოცირება და სტრატეგიული დანიშნულების მქონე ჩვენი ბირთვული რაკეტებით „ტრაიდენტებით“ მოსკოვს ვერ დავარტყამთ. სავარაუდოდ, ჩვენი სახმელეთო არმიის ქვედანაყოფები დამარცხდებიან, ჩვენ ჩავბარდებით და რუსეთი ბალტიისპირეთს დაიპყრობს, ამ სხვა ქვეყნებსაც ზედ მიაყოლებს..

მოკლედ, კრემლის მიმართ საუკეთესო პასუხი იქნებოდა ტაქტიკური ბირთვული დარტყმის მიყენება, რომელიც პუტინის არმიას ისევე გაანადგურებდა, როგორც რუსები ჩვენსას. ასეთ ვარიანტს ძლიერი შემკავებელი ეფექტი ექნებოდა.

ჩემი სპეციალიზაცია სწორედ ბირთვული იარაღია და ვფიქრობ, ჩვენი მდგომარეობა არცთუ ძალიან ცუდია. ჩვენ შეგვიძლია შესაფერისი ბირთვული საბრძოლო ქობინების წარმოება და მათი დანიშნულების ადგილზე მიტანა უმოკლეს ვადაში.

გასაგებია, რომ ბრიტანული ბირთვული ტაქტიკური იარაღის წარმოების იდეა უეჭველად გამოიწვევს უკმაყოფილებას ჩვენს აკადემიურ ინსტიტუტებში, მაგრამ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ პაციფისტების ცარიელი სიტყვების რახა-რუხს და უნდა დაველოდოთ რუსეთის რეაქციას. ვფიქრობ, შემკავებელი ეფექტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ის, რომელიც ჩვენი ტანკების უახლოეს მოდელს – ათასობით „ჩელენჯერ-3“-ს შეუძლია, როგორი უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ რუსულ ტანკებთან შედარებით .

ვლადიმერ პუტინი პატივს სცემს მოწინააღმდეგის ძალას და სარგებლობს მისი სისუსტით. ბირთვული იარაღი ბრძოლის ველზე ისეთ ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც არცერთ სხვა სახეობის იარაღს არ აქვს. ასე რომ, სანამ ჩემზე ვინმე რაიმე კრიტიკულს იტყვის, მანამ ამაზე დაფიქრდეს.

რედაქციის შენიშვნა: ავტორი ბრიტანეთის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცერია და სამხედრო სამსახურის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მეთაურობდა ბრიტანულ ბირთვულ ქვედანაყოფს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

წყარო