1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე”-BBC
“როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე”-BBC

“როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე”-BBC

362
0

„როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკაზე“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბიბისიმ“ (BBC)  თავის ვებ- გვერდზე, სტატია, რომლის ავტორია ანალიტიკოსი ბენ ჩუ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი რეალობა ხდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური პროდუქციის იმპორტზე 104%-იანი საბაჟო ტარიფები შემოიღო.

თავის მხრივ, ჩინეთმა განაცხადა, რომ იბრძოლებს ბოლომდე და კაპიტულაციას არ გამოაცხადებს აშშ-ის იძულებითი მოქმედების წინაშე. ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ უკვე გაზარდა თავისი საკუთარი სავაჭრო ბარიერები აშშ-ის წინააღმდეგ: 9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციის იმპორტზე 84%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა.

რას ნიშნავს სავაჭრო კონფლიქტის გამწვავება მსოფლიოს ეკონომიკისათვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის გადავხედოთ აშშ-სა და ჩინეთის ვაჭრობის მოცულობას ერთმანეთთან.

585 მილიარდი დოლარი: დისბალანსი ჩინეთის სასარგებლოდ

გასულ 2024 წელს მსოფლიოს ორ ეკონომიკურად უძლიერეს სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 585 მილიარდი დოლარი შეადგინა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან უფრო მეტი პროდუქციის იმპორტი მოახდინა (440 მილიარდი დოლარის), ვიდრე ჩინეთმა აშშ-დან (145 მილიარდი დოლარის).

შესაბამისად, 2024 წელს აშშ-ის ჩინეთთან ვაჭრობის დეფიციტმა (ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის განსხვავებამ) 295 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანია და აშშ-ის ეკონომიკის 1%-ის ეკვივალენტს შეადგენს. მაგრამ ეს ბევრად მცირეა ერთ ტრილიონ დოლარზე, რასაც დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა.

ალბათ, უპრიანია გავიხსენოთ, რომ პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა ჩინეთის პროდუქციაზე უკვე მოამატა საბაჟო ტარიფები, ხოლო ჯო ბაიდენმა, თავის მხრივ, შეინარჩუნა და კიდევ უფრო გაზარდა. ერთობლიობაში ამ ზომებმა შეამცირა იმ პროდუქციის წილი, რომლის იმპორტს აშშ ჩინეთიდან ახდენდა – 21%-იანი მაჩვენებლიდან (2016 წელს) 13%-იან მაჩვენებლამდე (2024 წელს).

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათწლეულში აშშ-ის დამოკიდებულება ჩინურ საქონელზე ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საყურადღებოა ერთი ფრიად ანგარიშგასაწევი გარემოება: ზოგიერთი პროდუქტის წარმოება, რომლის ექსპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ახდენს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშია განაწილებული. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ვთქვათ, ვიეტნამში ჩინური კომპანია თავის პროდუქციას აწარმოებს და როცა შემდეგ ამ პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში ხდება, ეს შედის აშშ-ვიეტნამის და არა ჩინეთ-აშშ-ის   ვაჭრობაში, ანუ ტარიფების გვერდის ავლა ხდება.

2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 30%-იანი ტარიფები დააწესა ჩინური მზის პამელების იმპორტზე, მაგრამ 2023 წელს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ წარადგინა იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ჩინურმა კომპანიებმა მზის ბატარეების წარმოების საბოლოო ოპერაცია (აწყობა) გადაიტანეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალაიზია, კამბოჯა და ვიეტნამი, შემდეგ კი მზა პროდუქციას აშშ-ში გზავნიდნენ, რითაც გვერდს უვლიდნენ ტარიფებს.

ბუნებრივია, ახალი ტარიფები, რომლებიც დონალდ ტრაპმა შემოიღო ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მიმართ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩინური კომპანიების მიერ წარმოებულ საქონელზეც.

ამერიკული სოია ჩინელი ღორებისათვის

2024 წელს ამერიკული პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიად ჩინეთის იმპორტში ითვლება პარკოსანი მცენარეების, კერძოდ, სოიას მარცვლები, რომელსაც ჩინელები თავიანთი 440 მილიონი ღორის საკვებად იყენებენ.

ღორის ხორცი ჩინეთში ერთობ პოპულარულია: ქვეყანა აწარმოებს 51 მილიონ ტონა ღორის ხორცს, რაც მსოფლიო წარმოების ნახევარს შეადგენს.

ამერიკიდან ჩინეთში ასევე შეაქვთ ფარმაცევტული პრეპარატები და ნავთობპროდუქტები.

ჩინური ტელეფონები ამერიკელებისათვის

გასული წლის მონაცემებით, ჩინეთისაგან ამერიკა ძირითადად ელექტრონულ საქონელს ყიდულობდა, კერძოდ, კომპიუტერებს და სათამაშოებს, ასევე ლითიუმის აკუმულატორებს, რომლებიც აუცილებელია ავტომობილებისათვის. და მაინც იმ სამრეწველო პროდუქციის ყველაზე დიდ რაოდენობას (მთლიანი ვაჭრობის 9%-ს), რასაც აშშ ჩინეთისაგან ყიდულობდა, მობილური ტელეფონები – სმარტფონები შეადგენდა. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამერიკული ტრანსეროვნული კომპანიის Apple-ს სმარტფონების უდიდესი ნაწილი ჩინეთში მზადდება.

რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩინურ პროდუქციებზე საბაჟო ტარიფების ზრდა მათ გაძვირებას იწვევს. 104%-იანი ტარიფების დაწესება იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული ფასები, ვთქვათ, ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ Apple-ს მობილურ სმარტფონებზე მნიშვნელოვნად მოიმატებს, ანუ დაზარალდება ამერიკელი მომხმარებელი.

რასაკვირველია, ჩინეთის მიერ საპასუხოდ დაწესებული 84%-იანი ტარიფები ასევე გააძვირებს ამერიკულ იმპორტირებულ პროდუქციას, ანუ ამჯერად დაზარალდება ჩინელი მომხმარებელი.

ჩინური იშვიათ მიწა ლითონები

თუმცა, ტარიფების გარდა, ჩინეთს და აშშ-ს აქვთ კიდევ სხვა მეთოდები და ბერკეტები, რომ ერთმანეთი რაც შეიძლება მეტად დააზარალონ ვაჭრობის მეშვეობით.

ჩინეთს ცენტრალური როლი აქვს დაკავებული მრეწველობისათვის ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ლითონის წარმოებაში – ჩვეულებრივი სპილენძიდან და ლითიუმიდან დაწყებული, იშვიათ მიწა ელემენტებით დამთავრებული.

ესე იგი, პეკინს შეუძლია პრობლემები შექმნას ამ ლითონების ექსპორტში აშშ-სათვის. მსგავსი აკრძალვა ადრეც შეეხო ორ ლითონს – გერმანიუმს და გალიუმს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო მრეწველობა თბოვიზორებსა და რადიოლოკაციური აპარატურის წარმოებისათვის იყენებს.

თავის მხრივ, ამერიკას შეუძლია გაამკაცროს ჩინეთის საწინააღმდეგო მიმართული ტექნოლოგიური ბლოკადა, რომელიც ჯერ კიდევ ჯო ბაიდენმა დაიწყო – გაართულოს მიკროჩიპების (ინტეგრალური სქემების) ექსპორტი ხელოვნური ინტელექტისათვის, რომელთა წარმოება ჩინეთში ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის.

ახლახან დონალდ ტრამპის მრჩეველმა ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავარომ ივარაუდა, რომ ამერიკას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რიგ ქვეყნებზე, მაგალითად, კამბოჯაზე, მექსიკაზე და ვიეტნამზე, რომ მათ, თუ აშშ-სთან ვაჭრობა სურთ, უარი უნდა თქვან ჩინეთთან ვაჭრობაზე.

აშშ-ის ანტიჩინური ნაბიჯის ნეგატიური გავლენა მსოფლიოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის 43%-ს შეადგენს.

თუ ორი სახელმწიფო ერთმანეთთან სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს გააგრძელებენ, რომელიც ექსპორტ-იმპორტის ზრდას დააყოვნებს ან სულაც რეცესიას გამოიწვევს, ეს, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებსაც დააზარალებს, ვაჭრობის გლობალური ზრდის შენელების ფონზე. ასევე, სავარაუდოდ, შემცირდება საერთაშორისო ინვესტიციების ჩადება-დაბანდება.

არის სხვა პოტენციური ნეგატიური შედეგებიც.

ჩინეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იმაზე ბევრად მეტ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც საჭიროა შიდა მოთხოვნილებისათვის. პეკინს უკვე აქვს ტრილიონამდე სასაქონლო-სავაჭრო პროფიციტი, ანუ ჩინეთი უფრო მეტს გზავნის საზღვარგარეთ, ვიდრე საზღვარგარეთიდან თავისთან შეაქვს. ყურადღება მივაქციოთ: ჩინური პროდუქცია იწარმოება ძალიან იაფად, ანუ მისი თვითღირებულება დაბალია. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს დახმარებას უწევს იაფი კრედიტებით და სუბსიდიებით. ერთ-ერთი ასეთი საექსპორტო დარგია ფოლადის წარმოება.

არსებობს რისკი იმისა, რომ თუ ამგვარი საქონელი გაზრდილი ტარიფების გამო აშშ-ის ბაზარზე ვერ მოხვდებიან, მაშინ ჩინური კომპანიები შეეცდებიან მათი დემპინგი საზღვარგარეთიდან განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოქმედება ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს, საბოლოო ჯამში მაინც დააზარალებს იმპორტიორი ქვეყნის ეკონომიკას, შემცირებით დაემუქრება სამუშაო ადგილებს და შრომის ანაზღაურებას.

ლობისტურმა ჯგუფმა UK Steel-მა უკვე გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ჩინური ფოლადის ჭარბმა ნაწილმა შეიძლება ამერიკული ბაზრიდან ბრიტანულ ბაზარზე გადაინაცვლოს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ტოტალური სავაჭრო ომის გვერდითი შედეგები მთელი მსოფლიოსათვის საგრძნობი გახდება და როგორც ეკონომისტთა უმრავლესობა თვლის, მათი გავლენა  უკიდურესად ნეგატიური იქნება.

წყარო: 

მოამზადა სიმონ კილაძემ