1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ გახდა “მანჩესტერ-სითის” ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია”-Daily Mail
“როგორ გახდა “მანჩესტერ-სითის” ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია”-Daily Mail

“როგორ გახდა “მანჩესტერ-სითის” ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია”-Daily Mail

1.14K
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის” (Daily Mail) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „როგორ გახდა „მანჩესტერ-სითის“ ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია“ (ავტორი – ეიდან რედნეჯი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაითედთან“ მატჩში ანგარიში გაათანაბრა, „სქაი ნიუსის“ სპორტულმა კომენტატორმა მარტინ ტაილერმა წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, ეს რა ისტორიას მოვესწარი!“.

მაგრამ ექს-ფეხბურთელი ახლა უფრო ბევრად მნიშვნელოვან, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელსაც საერთოევროპული შედეგები აქვს: მას საკუთარ სამშობლო საქართველოში სადაო პრეზიდენტად თვლიან.

ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ყაველაშვილი დიდი ხანია ჩამოშორდა საგოლე მომენტებს და საფეხბურთო კარიერის ნაცვლად უპირატესობას სახელისუფლო კარიერას ანიჭებს: იგი ქვეყნის პარლამენტში დეპუტატის სტატუსით პირველად 2016 წელს აირჩიეს. ახლახანს მან ფიცი პრეზიდენტის რანგში დადო და პირველად გახდა არა საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი, არამედ საზოგადოებისა და კანონმდებლების მიერ არჩეული, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

მაგრამ 53 წლის ოთხი შვილის მამა ქუჩაში აქტიურ პროტესტებს აწყდება – როგორც თავის ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ – იმ ბრალდებებით, რომ იგი პოპულისტური მარიონეტია და სურს საქართველო კვლავ რუსეთის თათებში მოაქციოს.

მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს 46 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, მემარჯვენე ანტიდასავლურ მოძრაობაში წამყვან ფიგურად იქცა. მის პარტიას „ხალხის ძალას“, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი განშტოებად ითვლება („ოცნება“ ხელისუფლებაში ათ წელზე მეტია იმყოფება), იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ნაცვლად უპირატესობას რუსეთთან დაახლოებას ანიჭებს.

როგორც საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენეს, საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია. გასულ წელს კი ქვეყანამ საერთოევროპული ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მაგრამ ევროკავშირში მიღების მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაატარა, შედეგები გააყალბა, თან მმართველი რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს და მათ ამომრჩევლებს დევნიდა და ემუქრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია და მისი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა (დაახლოებით 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით).

„ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებს იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილის წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი არ იყო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ“ მხარი მას დაუჭირა. და მაინც, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევას „უკანონო“ უწოდა.

ევროპის პარლამენტმა ასევე არალეგიტიმურად აღიარა გასული წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებას მისი განმეორებით ჩატარებისაკენ მოუწოდა. იმავდროულად, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები შემოიღო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მილიარდერი იმაში დაადანაშაულა, რომ მან „დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობა დაარღვია, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და საქართველოში ძირითადი თავისუფლებები შეზღუდა“.

1996 წლის 6 აპრილს, როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითისთან“ 1,4 მილიონი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტი გააფორმა და პრემიერ-ლიგაში „მეინ როუდს“ შეხვდა, იმავე კომენტატორმა მარტინ ტაილერმა ტელემაყურებლებს უთხრა: „ამ ფეხბურთელს იმხელა გვარი აქვს, რომ „მანჩესტერის“ მაისურზე არ დაეტევა“ და დაამატა: „მაგრამ თუ იგი „მანჩესტერში“ თამაშს ასეთივე ტემპით და სულისკვეთებით გააგრძელებს, იგი მთავარი გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდება“. და მართლაც ასე მოხდა: „იუნაითედის“ კარში მისი გოლი დიდებული აღმოჩნდა. ასე დაიწყო მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საფეხბურთო კარიერა დიდ ბრიტანეთში – „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში 28 მატჩი გამართა და შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა.

იგი ფეხბურთიდან 2007 წელს ისე წავიდა, რომ ვერ შეძლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება – იმ მიზეზით, რომ მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. მოგვიანებით მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი და იქაც იგივე პრობლემის წინაშე დადგა – ჯერ პარლამენტის დეპუტატად, ახლახან კი პრეზიდენტად არჩევის წინ ოპოზიციამ იგი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყნის მეთაურობის კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. ოპოზიციამ პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთ კანდიდატად რჩებოდა. მას მხარი დაუჭირა საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა 300 წევრიდან, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრები დომინირებდნენ.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ფავორიტს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ მომხდარი განხეთქილების გამო პარტიისაგან დისტანცირდა, დღეს ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის ვადის გასვლის მიუხედავად, ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად რჩება.

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა და ფიცის დადება (ინაუგურაცია) გასულ კვირაში ქვეყნის დედაქალაქის თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრაციების ფონზე მოხდა.

პროტესტანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეიკრიბნენ, უსტვენდნენ და ხელში „წითელი ბარათები“ ეჭირათ – მიხეილ ყაველაშვილის საფეხბურთო წარსულის საწინააღმდეგოდ, სალომე ზურაბიშვილმა კი მხარდამჭერ ოპოზიციას განუცხადა: „მე ვრჩები ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად. მე თქვენთან ვარ“.

მიხეილ ყაველაშვილს ოპოზიცია აკრიტიკებს იმის გამოც, რომ იგი ულტრამემარჯვენე ლოზუნგების ერთგულია, აკეთებს დამცინავ კომენტარებს „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ და იცავს საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის სტილით მიღებულ კანონებს, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავენ.

უფრო ადრე მიხეილ ყაველაშვილმა დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ [ევროპას და ამერიკას] სურს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი იყოს, რომლებიც „ლგბტ“ იდეოლოგიის მიმართ ნეიტრალურები და მომთმენები იქნებიან. მისი თქმით, „ლგბტ“-ის იდეოლოგია თითქოსდა უმცირესობას იცავს, სინამდვილეში კი  მათი პროპაგანდა კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული“. მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თითქოსდა „ამერიკელი კონგრესმენების მიერ კონტროლდებიან და რომლებსაც დაუოკებელი სურვილი აქვთ საქართველოში დასავლური რევოლუცია და ქვეყნის უკრაინიზაცია მოახდინონ“.

ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ითხოვენ, რომ  განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს, თუმცა მმართველი პარტიის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალი არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.

პროტესტების პირველი ათი დღის განმავლობაში, როცა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბებულს“ უწოდებდა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თავის მხრივ, დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს და პიროტექნიკის შუშხუნებს ესროდნენ. პროტესტების დროს პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლთაგან ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ მათ სცემდნენ.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის აპრილში გამოაცხადა და რუსეთისაგან დისტანცირებული პირველი რესპუბლიკა გახდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების თუ არ ჩავთვლით. მაგრამ დღეს მიხეილ ყაველაშვილი და მისი პარტია პუტინისტურ რუსეთთან სულ უფრო მეტი კავშირებისაკენ ისწრაფვის. მისი როგორც პრეზიდენტის პირველივე მოქმედება გამოიხატა იმ კანონებზე ხელმოწერაში, რომლებიც კრძალავენ ფეიერვერკების გამოყენებას და ჯარიმებს აწესებს ანტისამთავრობო წარწერების გაკეთებაზე, აგრეთვე სალომე ზურაბიშვილისათვის სამთავრობო დაცვის გაუქმებაზე.

უფრო ადრე მიხეილ ყაველაშვილი იყო იმ კანონების თანაავტორი, რომლებიც უცხოელ აგენტებად „აღიარებს იმ არასამტავრობო ორგანიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებენ – ანალოგიური რუსული კანონის მსგავსად. კრემლი მსგავს სამართლებრივ აქტს, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ რამდენიმე წლის წინ მიიღო, მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს.

ოპონენტების მტკიცებით, მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტი იქნება არა მარტო „ქართული ოცნების“ დამაარსებლისა და მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელში, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელშიც.

გიორგი მარგველაშვილმა, ისტორიკოსმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში იყო, ორივე – ივანიშვილიც და ყაველაშვილიც – დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „კრემლის სპეციალური ოპერაციის“ ნაწილს წარმოადგენენ საქართველოში რუსეთის გავლენის უზრუნველსაყოფად. გაზეთმა „თაიმსმა“ მარგველაშვილის სიტყვების ციტირება მოახდინა: „ორივე ევროპას ფაქტობრივად დაემშვიდობა. ვინ მოიგებს ამით? მხოლოდ რუსეთი“..

ამასობაში კი გიორგი გახარიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ასეთი რამ თქვა: „რადგანაც მას არც უმაღლესი განათლება არ აქვს, არც გამოცდილება და არც კომპეტენტურობა, ამიტომ იგი იოლად მართვადი იქნება და უსიტყვოდ შეასრულებს მითითებებს. მოკლედ, ყაველაშვილი ისეთივე ადამიანად დარჩა, როგორიც საფეხბურთო მინდორზე იყო“.

და მაინც, ყაველაშვილის თანამემამულე და მისი თანაკლუბელი „მანჩესტერ-სითიდან“ გიორგი ქინქლაძე, რომელიც დღემდე რჩება გმირად მანჩესტერელი გულშემატკივრების თვალში და რომელმაც ყაველაშვილს 1996 წელს კონტრაქტზე ხელმოწერა ურჩია, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს და ეს ხდება იმ დროს, როცა მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობაზე ალიაქოთია ატეხილი.

გიორგი ქინქლაძე, რომელსაც დღეს მანჩესტერში ღვინის ბარი აქვს, „დეილი მეილის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს: „მე ბედნიერი ვარ და იმავდროულად მასზე ვწუხვარ კიდეც. იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტობა უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. მე მას ყველანაირ წარმატებს ვუსურვებ“. თვითონ მიხეილ ყაველაშვილმა კი ახალი წლის წინ ქართველი ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მას სჯერა – „2025 წელი ბოროტზე კეთილის გამარჯვების წელი იქნება“.

თუმცა, როგორც პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული ოპოზიციური მიტინგის მონაწილე, 22 წლის დავითი (გვარს არ ასახელებს) ამბობს, „ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, უკან დახევა უკვე გვიანია“. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, 34 წლის გიორგი მამათელაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი კვლავ ჩვენს პრეზიდენტად რჩება“. მას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ველზე ყოფნა ხელს შეუშლის მიხეილ ყაველაშვილის გავლენის ზრდას და ქალბატონი პრეზიდენტის მმართველობა დამატებითი ვადით გაგრძელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: