როგორ დაკარგა ემანუელ მაკრონმა აფრიკა – Le Point
აფრიკის კონტინენტიდან საფრანგეთის გაძევებას, რუსეთისა და ჩინეთის გავლენების გაფართოების ფონზე, შორს მიმავალი შედეგები ექნება როგორც ევროკავშირისათვის, ასევე მსოფლიო გეოპოლიტიკისათვის“, – წერს ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი „პუენი“ (Le Point) სტატიაში სათაურით „როგორ დაკარგა ემანუელ მაკრონმა აფრიკა“ (ავტორი – ნიკოლა ბავერე).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სენეგალის პრეზიდენტმა ბასირუ დიომამ ამ სამიოდე კვირის წინათ, 28 ნოემბერს, ქვეყნიდან ფრანგული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა გამოაცხადა. იმავე დღეს, ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს ვიზიტიდან სულ რაღაც ორიოდე საათში ჩადის მთავრობამ განაცხადა, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულება ძალადაკარგულად ითვლება. ეს გადაწყვეტილებები ერთგვარ რგოლებს წარმოადგენს იმ საგარეოპოლიტიკური იძულებითი ხასიათის მქონე კურსისა, რასაც პარიზი ბოლო დროს განიცდის – უფრო ადრე იგივე გააკეთეს მალის, ბურკინა-ფასოს, ნიგერის მთავრობებმა.
აფრიკის ქვეყნებთან საფრანგეთის სამხედრო ხელშეკრულებების ჩამოშლა ერთგვარ „დომინოს ეფექტს“ წარმოადგენს. შევადაროთ: ჯერ კიდევ 2017 წელს დაახლოებით ათი ათასი ფრანგი ჯარისკაცი განთავსებული იყო აფრიკის 9 სახელმწიფოში, „საჰელში“ (საჰარის უდაბნოს გასწვრივ სავანის ზოლში) კი – 5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ოპერაცია „ბარხანის“ ჩარჩოებში. შვიდი წლის შემდეგ კი საფრანგეთის ყოფნა „საჰელის“ ზონაში შემცირდა – 1500 ჯარისკაცამდე ჯიბუტში, 600-მდე – კორ-დივუარში, 300-მდე – გაბონში. ემანუელ მაკრონის მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაიკარგა ის ეფექტი, რასაც საფრანგეთმა აფრიკაში 70 წლის განმავლობაში მიაღწია – მოხდა ფრანგული დიპლომატიის სტრატეგიული დაცემა.
საფრანგეთის კრახი შეიძლება საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებითა და გავლენის ინსტრუმენტების დაკარგვით აიხსნას. პარიზი იგნორირებდა აფრიკაში მიმდინარე გარდაქმნებს – ინტეგრაციას, საშუალო კლასის ჩასახვას, ახალგაზრდობის სწრაფვას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ… პარიზმა ასევე არ შეაფასა სათანადოდ 21-ე საუკუნის ტირანული რეჟიმების ზრდა – რუსეთის მხრიდან (სამხედრო ძალისა და დეზინფორმაციის გავრცელებით), ჩინეთის (ეკონომიკური ძლიერების მხრივ) თურქეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების (ისლამური რელიგიის გააქტიურებით). მოკლედ, ერთიმხრივ, საფრანგეთმა ვერ განსაზღვრა თავისი შესაძლებლობები და დაუშვა დიდი ნაპრალის გაჩენა ერთი მხრივ, დიპლომატიურ ამბიციებსა და სამხედრო ყოფნას შორის, მეორე მხრივ კი – ფრანგული ბიზნესის, ინვესტიციების და კულტურული კავშირების გაწყვეტით.
ემანუელ მაკრონის მმართველობის პერიოდში საფრანგეთის აფრიკული დიპლომატიის კატასტროფის „ბომბი“ ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ნოემბერს ჩაიდო ბურკინა-ფასოში ვიზიტის დროს, როცა მან უაგადუგუში გამართულ შეხვედრაზე ასე განაცხადა: „მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ გითხრათ, თუ როგორია საფრანგეთის აფრიკული პოლიტიკა. პირდაპირ გეტყვით, რომ საფრანგეთის აფრიკული პოლიტიკა არ არსებობს“. და მართლაც, ემანუელ მაკრონმა თავისი ხელით მეთოდურად გაანადგურა როგორც პოლიტიკა, ასევე კონტინენტზე საფრანგეთის სამხედრო ყოფნა. პრეზიდენტი ყურადღებას არ აქცევდა აფრიკაში საფრანგეთის არმიის ქვედანაყოფების მდგომარეობას, ხელს არ უწყობდა დაზვერვას, რომ დროულად გამოვლენილიყო სამხედრო გადატრიალებების მზადება – ვინ აპირებდა პარიზის „სამეურვეო“ ქვეყნების ხელისუფლებაში მოსვლას. ემანუელ მაკრონის უმოქმედობა იწვევდა რუსული და ჩინური პროპაგანდის გაფართოებას.
საბოლოოდ, აფრიკა თანდათანობით გადადიოდა ავტორიტარული იმპერიების ორბიტაზე – „ბრიკს“-ში (BRICS) ინტერგრაციიდან რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულებების გაფორმებამდე. აფრიკაში რუსული და ჩინური გავლენის ზრდა აშკარად ჩანს: სწორედ აფრიკის სახელმწიფოები უწევენ კრემლს მხარდაჭერას უკრაინასთან ომის დაწყების დროიდან გაროში ყველანაირი კენჭისყრის დროს. სწორედ აფრიკის ქვეყნები არიან აქტიურად ჩაბმულნი პეკინის „აბრეშუმის ახალი გზის“ პროექტში.
შესაძლოა მოსკოვის გავლენას აფრიკაში დროებითი ხასიათი ჰქონდეს (გაჩნდა ეჭვი, რომ სირიაში რუსული ბაზების სავარაუდო გაუქმების გამო რუსეთის გავლენა აფრიკაში შესუსტდება), მაგრამ საფრანგეთს და ევროპას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავიანთი გავლენები ესოდენ იოლად დაკარგონ. საფრანგეთის ურთიერთობა აფრიკასთან ყოველთვის პრივილეგირებული იყო, თავისი წარმატებებითა და შეცდომებით, რომელიც მეხუთე რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ აქტივს წარმოადგენდა და კინოკულტურაშიც კი აისახა (გახსოვთ ფილმი „პროფესიონალი“ – აფრიკულ ქვეყანაში ფრანგული დაზვერვის აგენტ ჟოსლენ ბომონზე, ჟან-პოლ ბელმონდოს მონაწილეობით?).
საფრანგეთის აფრიკული დიპლომატია უნდა აღდგეს და განვითარდეს. პარიზმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ფრანგულენოვანი (ფრანკოფონური) სამყარო, რომლის მოსახლეობა 2050 წლისათვის თითქმის 700-800 მილიონ მცხოვრებს გადააჭარბებს. საფრანგეთმა უნდა შეცვალოს მიდგომები აფრიკის ქვეყნებისადმი და პირველ ადგილზე სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა უნდა დააყენოს.
ამ ამოცანის გადაწყვეტა დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, ლინგვისტიკური და კულტურის სფეროებში მუსაობის კოორდინირებით უნდა განხორციელდეს. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს აფრიკის ქვეყნების ინტერესებს, მათ პრობლემებს, მათ უზრუნველყოფას სურსათით, მოწინავე ჯანდაცვითი მომსახურების დანერგვას, განათლებას, ადგილობრივი რესურსების რენტაბელურ, ეფექტიან გამოყენებას, ფინანსურ დახმარებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„ფრანგული აფრიკა“ დიდი ხანია გარდაცვლილია და დამარხული, ხოლო საფრანგეთ-აფრიკის სტრატეგიული პარტნიორობის სილუეტი, სამწუხაროდ, ჯერ ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს.