როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები – რას წერს „ნოვიე იზვესტია”
რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტიაში“ (Новые Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უნებლიე რელოკანტები: როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები“ (ავტორი – ანდრეი ბერეცი), რომელშიც განხილულია საკითხი საქართველოში რუსი მიგრანტების ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ერთი შეხედვით, მართლაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსებს საქართველოში მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ელოდებიან. სახლების კედლებზე, ნაგვის ყუთებზე და მესერებზე, განსაკუთრებით თბილისი ცენტრალურ რაიონში – სოლოლაკში, საკმაოდ ბევრია უცენზურო ანტირუსული წარწერები ინგლისურ ენაზე.
თვალშისაცემია აგრეთვე მრავალრიცხოვანი უკრაინული დროშები და კიევის მხარდამჭერი ლოზუნგები, თუმცა, არცთუ იშვიათად, როცა გაიგებენ, რომ ტქვენ რუსეთიდან ხართ, ადგილობრივი მცხოვრებლები მოგიყვებიან, თუ რუსეთის რომელ ქალაქში არიან ნამყოფნი, იქ რამდენ ხანს ცხოვრობდნენ და როგორი კარგი მეგობრები და ნაცნობები ჰყავთ.
ენობრივი ბარიერი ქართველებთან იშვიათად თუ წარმოიქმენა ხოლმე – რუსულ ენას ფლობენ არამარტო ისინი, ვინც სსრკ-ის პერიოდშია დაბადებული, არამედ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც. რაც შეეხება Y და Z თაობებს, ისინი მთლიანად ინგლისურზე არიან გადასულნი – ისევე როგორც მათი რუსი თანატოლები.
რუსეთიდან საქართველოში და უკან
2022 წლის მარტში და განსაკუთრებით სექტემბერში, „რელოკანტებისათვის“ მთავარი პრობლემა გახდა იაფფასიანი საცხოვრებლის მოძიება. იმ დროს ბევრი 5-6 კაციანი ჯგუფების სახით ცხოვრობდნენ ოროთახიან ბინებში, ხოლო ქალაქის გარეუბანში მდებარე ცალკე სახლში 20-30 რუსს შეეძლო ერთდროულად ცხოვრება.
„როცა რუსეთს სასწრაფოდ ვტოვებდით, ჩვენ მეგობარს დავუკავშირდით, რომელიც თბილისში უკვე ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა“, – ჰყვება 32 წლის რუსი, სახელად სავლე, ობნინსკიდან, – ჩამოვედით, თანამოაზრე სხვა რუსებიც შემოგვემატნენ და სარემონტო კომპანია გავხსენით“.
სავლე საქართველოში ცოლთან – მარიანასთან ერთად არის. მას საქართველოში უკვე შვილიც დაებადა. სავლემ და მარიანამ უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლეს ქართული ენა და რუსეთში დაბრუნება არ სურთ. თუმცა არიან სხვა რუსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთში უკეთესად ცხოვრობდნენ, საქართველოში ყოფნით კი, უბრალოდ, დროს კარგავენ – ცხოვრება ძვირია და სამუშაოც ნაკლებია.
სხვათა შორის, იმ იღბლიანებსაც კი, რომლებმაც მოახერხეს და საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღეს, ყოველთვის არ სურთ თავიანთი ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება კავკასიურ სახელმწიფოსთან. საქართველო იოლად არ აძლევს უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ლეგალიზების უფლებას. ბინადრობის მოწმობის მიღების ორი ყველაზე პოპულარული წესი ასეთია: პირველი – უნდა ფლობდე უძრავ ქონებას 100 ათასი დოლარის ფასის მქონეს და მეორე – ბიზნესით უნდა იყო დაკავებული, 18 ათასდოლარიანი წლიური ბრუნვით. ბევრმა მეორე ვარიანტით ისარგებლა, თუმცა მათ ნაწილს უკან დაბრუნება სურს.
2022 წლიდან რუსული რუბლი ქართულ ლართან შედარებით ერთნახევარჯერ გაიაფდა. მზარდ ინფლაციის გათვალისწინებით, რუსებისათვის საქართველოში ცხოვრება გაძვირდა. ამიტომ ისინი, ვინც თბილისიდან დისტანციურად მუშაობდა რუსულ კომპანიებში, ბევრი უკან დაბრუნდა.
რუსული ბიზნესის თავისებურებები საქართველოში
რუსეთიდან ჩასულები საქართველოში არა იმდენად სხვის სამუშაო ადგილებს იკავებენ, არამედ უფრო მეტად თვითონ ქმნიან სამუშაო ადგილებს. საქართველოში ძალიან იოლია კომპანიის შექმნა – მიხვალ იუსტიციის სახლში, წარადგენ ორიოდე დოკუმენტს და შეგიძლია კომპანიაც აამუშაო. ამ მხრივ ქართული „იუსტიციის სახლები“, სიჩქარით და მომსახურების დონით, ბევრად სჯობნიან რუსეთის „მრავალფუნქციურ ცენტრებს“.
ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ქართული საგადასახადო სისტემაც. 200 ათასევროიანი ბრუნვის მქონე საწარმო წელიწადში მხოლოდ 1%-იან გადასახადს იხდის.
მაგრამ არის მინუსებიც: საქართველოში გავრცელებულია ძარცვები, განსაკუთრებით მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების სალაროების გატეხვა ღამ-ღამობით. 14 წლის მოზარდებს ჩადენილი ამგვარი დანაშაულისათვის არანაირი სისხლის სამართლის პასუხიმეგებლობა არ ეკისრებათ – ჰოდა, ძარცვისათვის უფროსები მოზარდების სტატუსით სარგებლობენ.
2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დონებ სოლიდური წლიური ზრდა აჩვენა – 10% და ეს მოხდა რუსების მიგრაციის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გადმორიცხვების რაოდენობაც, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, როცა რუსების საკმაო რაოდენობა უკვე რუსეთში დაბრუნდა, ფულის გადმორიცხვები 66%-ით დაეცა. ამასთან საქართველოს ეკონომიკა მტკიცე ზრდის ტემპებს დემონსტრირებს – წლიურად 9%-ს, რაშიც, სავარაუდოდ, რუსების როლიც არის.
საქართველო – ტრამპლინი დასავლეთისკენ
რუსები, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილნი, შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: პირველებს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის ბედის გაზიარება სურთ, მეორენი კი საქართველოს ტრამპლინად თვლიან ევროპაში და ამერიკაში წასასვლელად
რაც დროს გადის, მით უფრო ბევრი რუსი დადის რუსეთში და რამდენიმე დღის (კვირის) შემდეგ ისევ საქართველოში ბრუნდებიან. ზოგიერთები რუსეთში იმ მიზნით მიემგზავრებიან, რომ იქ რაღაც შეღავათები გაიფორმონ და რუსული სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფული მიიღონ, მაგალითად, „დედის კაპიტალის“ მეშვეობით, ან უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე.
საქართველოში დარჩენა სურთ ძირითადად ბიზნესის მქონეებს, შემოქმედებითი და ხელოსნური პროფესიის ადამიანებს. ევროპაში და ამერიკაში წასვლა სურთ „აიტი“-შნიკებს, ფინანსისტებს, მართვის პროფესიონალებს. ისინი თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნებში უფრო მოახდენენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.
ბევრ რუსს ადგილობრივ მოსახლეობასთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ, რასაკვირველია, ისინი უფრო თანამემამულეებთან უფრო მეტ საერთო ენას პოულობენ. ზაფხულის პოპულარული გართობები – „მწვადის პიკნიკები“, ლაშქრობები და ველოტურები, ზამთრობით – თხილამურები და სნოუბორდი. არსებობენ გასართობი კლუბები სხვადასხვა თამაშებით.
საქართველოში რუსები და ბელორუსები, შეიძლება ითქვას, ერთ ბედქვეშ არიან, თუმცა ბელორუსები იქ უფრო ადრე ჩავიდნენ, 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ზოგიერთებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიჭერენ და თავს ციხეში უკრავენ. ბელარუსები რუსებბს ნახევრად ხუმრობით საყვედურობენ: „თქვენთან მობილიზაცია იყო და დასრულდა, ჩვენთან კი საქმეებია შედგენილი ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, ამიტომაც უკან გზა არ გვაქვს“.
საქართველოში ბინები რელოკანტების გამო გაძვირდა?!
2022 წელს საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 100 ათასამდე რუსი ჩავიდა. მათი რაოდენობის ცვლილების დინამიკას ბინების დაქირავების ბაზარი დემონსტრირებს. 2022 წელს ფასები ორჯერ ძალიან გაიზარდა – თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში: იმ დროს ოროთახიანი ნორმალურად გარემონტებული ბინის დაქირავება თვეში მხოლოდ 1300-1500 დოლარად შეიძლებოდა. მაგრამ უკვე 2023 წლს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 30 ათასით ნაკლები რუსი შევიდა, ვიდრე გავიდა. იგივე ოროთახიანი ბინის დაქირავება უკვე 750-800 დოლარად შეიძლებოდა. გაძვირების ტენდენცია შეიმჩნეოდა საცხოვრებელი ბინის ყიდვის სფეროშიც.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რუსების ცხოვრება მოსათმენია და ხშირად სასურველიც – რბილი კლიმატი, სასმელ-საჭმელი, თანაც რუსეთი ხომ აქვეა, კავკასიის მთების გადაღმა…