1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ აფასებს პენტაგონი უკრაინის წარმატებას: ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთან
როგორ აფასებს პენტაგონი უკრაინის წარმატებას: ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთან

როგორ აფასებს პენტაგონი უკრაინის წარმატებას: ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთან

610
0

ბრიტანული „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით “როგორ აფასებს პენტაგონი უკრაინის წარმატებას- ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის არმიის კონტრშეტევა, სამი თვის ნელი ტემპის შემდეგ, როგორც იქნა, გარკვეულ იმპულსს იძენს – რუსების თავდაცვითი ზღუდის პირველი ხაზი ერთ-ერთ ადგილზე, სოფელ რობოტინოსთან, უკვე გარღვეულია. უკრაინელები მეორე ხაზის წინ დგანან…

„ჩვენი საუბარი, რომ ორი კვირის წინ გამართულიყო, მე პესიმისტური განწყობა მექნებოდა“, – ამბობს „ეკონომისტის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში (რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა) ტრენტ მოლი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სადაზვერვო სააგენტოს (DIA) ანალიტიკური განყოფილების უფროსი, – კიევმა რაც განახორციელა, ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
მაგრამ შეძლებს თუ არა უკრაინა, მეორე და მესამე ხაზების გარღვევას მანამ, სანამ ჭურვები დეფიციტი გახდება და ზამთარი დადგება?

მე კითხვებს ვუსვამ მისტერ ტრენტ მოლს, რომლის ოფისი ვაშინგტონში, მდინარე პოტომაკის ნაპირზე მდებარეობს (ის ხშირად ზანზარებს, როცა პრეზიდენტის ვერტმფრენი აქეთ-იქით დაფრინავს). სამხედრო-სადაზვერვო სააგენტო (DIA) მუშაობა, რომელიც ცსს-სთან (CIA – ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან) შედარებით ნაკლებად არის ცნობილი, იმაში გამოიხატება, რომ ამერიკის მტრების მიმართ სამხედრო ზომები იქნას მიღებული. ასეთი ამოცანის შესრულება რაოდენობრივი შეფასებების გაკეთებას ითხოვს – მაგალითად, ირანული რაკეტის ფრენის სიშორის ან ჩინეთის ფლოტის ძლიერების გამოთვლას. ცივი ომის დროს DIA-ს მოხსენებები „საბჭოთა სამხედრო ძლიერების“ შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებში დიდი მოწონებით სარგებლობდა, მაგრამ დრომ ცვლილებები მოიტანა: მატერიალურ მხარესთან ერთად არამატერიალური ფაქტორებიც უნდა იყოს გასათვალისწინებელი. ამასთან დაკავშირებით მისტერ ტრენტ მოლი სინანულით აღნიშნავს და აღიარებს, რომ მისი უწყება შეცდა ერაყის 2014 წლისა და ავღანეთის 2021 წლის მოვლენების შეფასებისას, როცა აშშ-ის მიერ მომზადებული ეროვნული არმიები ფაქტობრივად რამდენიმე დღეში დაიშალნენ.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ავღანეთის არმია თალიბებთან შეტევებს, სულ მცირე, 2021 წლის ბოლომდე მაინც გაუძლებდა და შეეცდებოდა ქაბულის გმირულად დაცვას, ამის ნაცვლად, ჩვენდა სამწუხაროდ, ავღანელმა ჯარისკაცებმა ბრძოლას თავი აარიდეს, ან თალიბთა მხარეს გადავიდნენ. იგივე მოხდა ერაყშიც, როცა 2014 წელს, „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევის შედეგად, ფაქტობრივად დაიშალა. ასეთი ნეგატიური გამოცდილების ფონზე ვფიქრობდით, რომ უკრაინის არმიასაც იგივე დაემართებოდა, რუსეთის თავდასხმის გამო, მაგრამ ასე არ მოხდა“.

მიმდინარე წლის იანვარში DIA-ს ანალიტიკოსების მიერ მომზადდა მოხსენება „უკრაინის არმიის პროფესიული დონის შესახებ“, რომელშიც ქვეყნის ნებისყოფაა შეფასებული მტერთან ბრძოლის თვალსაზრისით.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა, მაგალითად, ქვეყნის მეთაურის ქცევა ომის დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს მებრძოლთა სულისკვეთების ასამაღლებლად: მაშინ როცა ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ განი, თალიბების მოახლოებისას, ქაბულიდან გაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევი არ დაუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დედაქალაქი თითქმის ალყაში იყო.
ქვეყნის ლიდერის მოქმედება ჯარისკაცების ნებას განამტკიცებს. ბევრს ეგონა, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხალხისგან გარიყული უმცირესობაში აღმოჩნდებოდა და სწრაფად დამარცხდებოდა. ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად DIA-მ სპეციალური მეთოდოლოგია შეიმუშავა.
როგორც მისტერ ტრენტ მოლი ამბობს, ამჟამად სადაზვერვო სააგენტო თვალს ადევნებს და სწავლობს რუსეთის არმიის მომარაგებას იარაღით და გამაგრებული ზღუდეების მდგომარეობას. იგი აღიარებს, რომ ამერიკულმა და უკრაინულმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს რუსეთის თავდაცვის ხაზების სიღრმის გაგება და ვერ გაითვალისწინეს ის, თუ რამდენად ძნელია დანაღმული ველების გავლა ტანკებთან ერთად. სხვათა შორის უკრაინელმა გენერლებმა გაზეთ „გარდიანთან“ საუბრისას აღიარეს, რომ რუსებმა დიდი შრომა დახარჯეს თავდაცვის პირველი ხაზის მოსაწყობად, მაგრამ მეორე და მესამე შედარებით იოლად იქნება გადალახულიო. ტრენტ მოლი ფრთხილად უყურებს მათ განცხადებებს და განსხვავებულ აზრს ამბობს: „რუსების თავდაცვითი ზღუდის მესამე ხაზი, პირველთან და მეორესთან შედარებით, უფრო მეტადაა გამაგრებული“.
ბოლო კვირებში ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები უკრაინის არმიის სარდლობას კერძო საუბრებში აკრიტიკებდნენ, რომ კონტრშეტევის დროს არასწორი ტაქტიკით სარგებლობდნენ. ისინი კიევს მიუთითებდნენ, რომ არმიამ შეტევისათვის ერთი ძირითადი მიმართულება უნდა შეარჩიოსო (მხედველობაშია ზაპოროჟიეს ფრონტზე მელიტოპოლ-ბერდიანსკის მიმართულება, აზოვის ზღვისაკენ). ტრენტ მოლის აზრით, სწორედ ეს მიმართულება გაამაგრა სერგეი სუროვიკინმა იმ დროს, როცა იგი უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სარდლის მოადგილე იყო. „დაზვერვის მონაცემებით, არსებობს მხოლოდ 40-50%-იანი ალბათობა იმისა, რომ უკრაინის არმია მეორე და მესამე ხაზს გადალახავს, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის დეფიციტი გაუჩნდებათ“.
მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ კიევისათვის იარაღის დროულად მიწოდება განხორციელდება. ამ შემთხვევაში უკრაინის არმია რობოტინოსთან მიღწეული წარმატების – პირველი ხაზის გარღვევას შეინარჩუნებს და პლაცდარმს გააფართოებს. თუ ასე მოხდება, მაშინ უკრაინას 2024 წლისათვის ახალი შეტევისათვის კარგი შესაძლებლობები გაუჩნდება.

წყარო