
“როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი”-ალა პუგაჩოვა
რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, ინტერვიუ მისცა „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტს კატერინა ანდრეევას, რომელიც გამოქვეყნებულია BBC-ის ვებ-საიტზე სათაურით: „როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი“.
ეს ინტერვიუ არის ალა პუგაჩევას პირველი ვრცელი საუბარი ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც იგი რუსეთიდან საზღვარგარეთ წავიდა, უკრაინასთან ომის გაპროტესტების გამო.
3,5-საათიანი ინტერვიუს მთავარ თემაა მომღერლის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და საერთოდ, იმ ყველაფერთან, რაც რუსეთში ხდება. ალა პუგაჩოვა განმარტავს საზღვარგარეთ წასვლის მიზეზებს, საუბრობს ახლობლებზე, სხვადასხვა დროის პოლიტიკოსებზე, თავისი ქმრებზე და პირად ურთიერთობებზე. „და ეს, საუბარი ხალხისათვის დოკუმენტად დარჩეს ჩემს შესახებ“, – ასეთი სახით ჩამოაყალიბა ინტერვიუს მიზანი მომღერალმა.
როგორც ცნობილია, ალა პუგაჩოვამ და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა მაქსიმ გალკინმა, რომელიც „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა თავისი პოზიციის გამო, რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ალა პუგაჩოვამ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა, რომ ქმრის მსგავსად, „უცხოეთის აგენტად“, ისიც გამოეცხადებინათ, მაგრამ კრემლმა მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.
როგორც მომღერალი ამბობს ჟურნალისტთან საუბარში, საზღვარგარეთ წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თანდათან მომწიფდა. როცა მან რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მას შეატყობინეს, რომ „შენთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს სერგეი კირიენკოს სურს საუბარიო“. ალა პუგაჩოვა შეხვდა და ესაუბრა. კირიენკომ უთხრა, რომ თავი შეეკავებინა, ნუ იღელვებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ არ გასულა ორი დღე და მაქსიმ გალკინი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.
როცა ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მათ თანაკლასელებმა ყვირილი და ბულინგი დაუწყეს – „თქვენი მშობლები ჯაშუშები არიან“. ზუსტად ისე, როგორც ანატოლი რიბაკოვის რომან „არბატის შვილებშია“, 1930-იანი წლების რეპრესიების დროს ხდებოდა.
როცა რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა მიაყენა კიევის ბავშვთა საავადმყოფოს 2024 წლის ივლისში, ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უფალი მომთმენია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“.
„მუხლებში უკვე ცოტა სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ხელები ჯერ კიდევ მაგრად მაქვს, არ მიკანკალებს“, – ამბობს ინტერვიუში ალა პუგაჩოვა საკუთარ თავზე, რომელსაც აშკარად მხედველობაში აქვს არა იმდენად თავისი ჯანმრთელობა და ასაკი, რამდენადაც მტკიცე განწყობა – თქვას და დაწეროს ის, რასაც ფიქრობს და როგორც საჭიროდ თვლის.
„არსებობს სინდისი, რომელიც დიდებაზე და ქონებაზე, ყოველგვარ სიმდიდრეზე უფრო ძვირფასია“, – ამბობს ალა პუგაჩოვა, – „იცით, პატრიოტიზმი რა არის? როცა სამშობლოს ეტყვი, რომ ის მართალი არ არის“.
რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი ალა პუგაჩოვას მოგონებებია ესტრადაზე გამოსვლებისა და მუსიკის შესახებ. იგი კოლეგა მომღერლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოველთვის აქვს სიმპათია ტატიანა ბულანოვას მიმართ, უყვარს მანიჟა და ნადეჟდა კადიშევა, რომლებსაც ამჟამად შემოქმედების რენესანსის ეტაპი აქვთ.
ალა პუგაჩოვას კომპლიმენტები მხოლოდ მომღერალ შამანის მიმართ არ უთქვამს, თუმცა არა იმიტომ, რომ მისი მუსიკა და ტალანტი არ მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ შამანის პირადი პოზიციები მისთვის მიუღებელია (როგორც ჩანს, პუგაჩოვა გულისხმობს შამანის მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინის ომის მიმართ).
მომღერალი ამბობს, რომ მას ძალიან სძულს, როცა „პრიმადონას“ ეძახიან. „პრიმადონა ჩემი სიმღერის სახელია, მე კიდევ ქალი ვარ, რომელიც მღერის“, – ამბობს იგი, თან ეღიმება, – თუმცა ერთ-ერთ ჩემს სიმღერასაც ასეთი სახელი აქვს“.
ალა პუგაჩოვა იხსენებს, რომ თავის დროზე იგი ვლადიმერ პუტინის ფანატი იყო და პრეზიდენტს ყველაფერში მხარს უჭერდა: „თავდაპირველად იგი საოცრად მართლად და სწორად ლაპარაკობდა, უკრაინის შესახებაც კი. ზოგჯერ მეჩვენებოდა კიდეც, რომ იგი ჩემს ფიქრებს და აზრებს აჟღერებდა… მაგრამ „კურსკის“ ტრაგედიის შემდეგ პოზიცია თანდათან შევიცვალე“.
ალა პუგაჩოვამ, როცა თავის თაყვანისმცემლებს მიმართა, ცრემლები ვერ შეიკავა: „დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და პატივისცემისათვის, რასაც ჩემს მიმართ ამჟღავნებთ და ყველგან ჩემს გვერდით ხართ, სადაც არ უნდა იყოთ“.
მომღერალმა იმავდროულად გაკვირვება გამოხატა რუსეთში მყოფ თაყვანისმცემლების მიმართ: „მიკვირს, იქ როგორ ცხოვრობენ… თავიანთი ისტორია არ იციან, მაგრამ წარსულით მაინც ამაყობენ… ცუდი სამედიცინო მომსახურებაა, მაგრამ იმ ცუდითაც ამაყობენ“.
„ისწავლეთ კარგისადმი სწრაფვა, სიკეთისადმი, სილამაზისადმი… არაფერს არ დაანგრიოთ, პირიქით, უნდა აშენოთ. მშვიდობისათვის უნდა ილოცოთ და ომით არ უნდა დატკბეთ“, – ამბობს ალა პუგაჩოვა. ინტერვიუს დასასრულს მან ირონიულად გაიხსენა საბჭოთა ანეკდოტი: „მთავრობამ ყველას უბრძანა მოსკოვში წითელ მოედანზე შეკრებილიყვნენ თავის ჩამოსახრჩობად. მოსახლეობას მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდა: „თოკი წამოვიღოთ თუ ადგილზე მოგვცემენ?“.