1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია – The Guardian
რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია – The Guardian

რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია – The Guardian

1.02K
0

 

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია“ (ავტორი – მარტინ კეტლი, რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

სპარსეთის ყურეში ომის დაწყების წინ, 1991 წელს, ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ ნორმან შვარცკოპფს კითხვა დაუსვა – „გსურთ თუ არა სადამ ჰუსეინის დამხობა ერაყში“. ნორმანმა პასუხი ლაკონურად გასცა: „სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელი“.

გენერალმა იცოდა, რასაც ამბობდა. ნორმან შვარცკოპფი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სწავლობდა ახლო აღმოსავლეთს. უფრო მეტიც – მან ბავშვობა თეირანში გაატარა. სადამ ჰუსეინის გასანადგურებელი სახმელეთო ომის სტრატეგია გენერალმა სპეციალურად თვითონ შეიმუშავა ისეთი სახის, როგორითაც ძველი კართაგენელი სარდალი ჰანიბალი სარგებლობდა და რომლითაც წარმატებით გაანადგურა რომაელთა ჯარი აპულიაში, 216 წელს ჩვენს ერამდე.

რეჟიმის შეცვლა, რაზედაც დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ ირანთან დაკავშირებით, სწორედ ნორმან შვარცკოპფის პოლიტიკის – „სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელის“ განსახიერებას წარმოადგენს. აშკარაა, რომ მსოფლიო უფრო უკეთესი იქნებოდა თეირანის მსგავსი  რეპრესიული და აგრესიული რეჟიმების გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი ღილაკი ან ჩამრთველი, ისეთი ბერკეტი, რომელსაც თითს დააჭერდი, დააწვებოდი და დიქტატორული ხელისუფლებას უეცრად ჩამოინგრეოდა და შეიცვლებოდა. დანგრევა უფრო იოლია, ვიდრე აღდგენა.

რეჟიმის შეცვლა – ეს ის ფრაზაა, რომლის უკან უამრავი უბედურება და პრობლემები იმალება და რომლისგანაც უმრავლეს შემთხვევებში ჩვეულებრივი ადამიანები ზარალდებიან – ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც რეჟიმი შეიცვლება. დასავლეთში ბევრ თანამედროვე მთავრობას და საზოგადოებას ნაგემნი აქვს ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილების „სიკეთე“, საკუთარი მწარე გამოცდილების საფუძველზე. ხომ გახსოვთ ავღანეთში შეჭრა 2001 წელს და ომი ერაყში 2003 წელს? უეჭველად გახსოვთ. ავღანური და ერაყული დრამები ჩვენ პოლიტიკას წლების შემდეგ, დღესაც კი თან სდევს, 2010-2011 წლების ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ სისხლიანი დასასრული კი ჩვენი გულუბრყვილობის შავბნელ ძეგლს წარმოადგენს.

და მაინც ირანის თეოკრატიული რეჟიმის დამხობის სურვილი სამართლიანია. ირანის ხელისუფლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმს წარმოადგენს. ადამიანთა გამოგონილი ბრალდებებით დაპატიმრებები და სასამართლო პროცესები ხელოვნურად არის ინსცენირებული. საპყრობილეებში ფართოდ არის გავრცელებული წამება, ცემა და კიდურების ამპუტაცია. უსამართლოდ დასჯა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. დაკანონებულია ქალების, უმცირესობებისა და მიგრანტების დევნა-შევიწროვება. პრაქტიკულად შეუძლებელია საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვა და პოლიტიკური აქტიურობა.

აიათოლების რეჟიმის ბოროტებას არამარტო ირანელები გრძნობენ, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლების ბოროტმოქმედება გამოიხატება ლიბანში და ღაზას სექტორში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების – „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ მიმართ გაწეულ დახმარებაში. ირანი აფინანსებს დასავლეთში ფარულად მოქმედ ტერორგანიზაციებსაც, იარაღს აწვდის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. ირანის სწრაფვა ბირთვული იარაღის დაუფლებისაკენ, რომლის მეშვეობით თეირანი ისრაელს დაემუქრება, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.

ამრიგად, თუ ამის შესაძლებლობაა და შესაფერისი მიზეზიც არსებობს, რატომ არ უნდა დაემხოს ესოდენ ბოროტი რეჟიმი? რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ანტიდემოკრატიული ხელისუფლების ქვეყნის მმართველობიდან წასვლას? განსაკუთრებით ახლა, როცა ირანის მოკავშირეები „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და იემენელი ჰუსიტები დასუსტებულები არიან, ხოლო თვითონ ირანი სანქციების ქვეშ არის მოქცეული? როცა ირანული რევოლუციის გუშაგები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების სარდლობა ლიკვიდირებულია? ანუ დღეს თუ არა, მაშინ როდის?

ცდუნება ძალიან დიდია. პოლიტიკაში, ისევე როგორ ომში, მომენტით სარგებლობა ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბისმარკი მომენტით სარგებლობას ლიდერობის ერთ-ერთ მთვარ კრიტერიუმად მიიჩნევდა და ამ მხრივ თვითონვე დიდოსტატობა გამოავლინა. უილიამ შექსპირმა ეს აზრი გამოხატა თავის ცნობილ „იულიუს კეისარში“, როცა კასიუსს ეუბნებიან – „კაცთა ცხოვრებაში არის მოქცევა და თუ მისი ტალღებით დროულად ისარგებლებ, წარმატებას მიაღწევ… და თუ მას ხელიდან გაუშვებ, მეჩეჩზე გაირიყები და უბედური დარჩები“.

ირანის რეჟიმის დამხობა საერთაშორისო საფრთხის თავიდან აცილებასაც ნიშნავს: აიათოლების მმართველობის კრახი სასარგებლო იქნება არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ იმ ქვეყნებისათვისაც, რომლებიც ირანის მოკავშირეების, კერძოდ, რუსეთის აგრესიას განიცდიან (უკრაინისთვის). ბირთვული იარაღის გავრცელების პროცესი შეჩერდება. ტერორისტული ჯგუფების მუქარები შეწყდება. ირანი იარაღით ვეღარ მოამარაგებს აგრესორ ქვეყნებს. ეს, რასაკვირველია, ცუდი ამბავი იქნება მოსკოვისათვის, რომელიც ირანისაგან დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობდა, მაგრამ იმავდროულად ეს იქნებოდა იმედის სხივი უკრაინისათვის. საერთაშორისო ნაოსნობა წითელ ზღვაში და სპარსეთის ყურეში უსაფრთხო გახდებოდა, ნავთობზე ფასი დაეცემოდა…

დიახ, მთლიანობაში ამ არგუმენტების უარყოფა ძალიან რთულია. ირანის წინააღმდეგია ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ცნობილი ტერორისტული აქტის გამო. ირანის წინააღმდეგია დონალდ ტრამპიც, რომელიც განასახიერებს აშშ-ის პოლიტიკას 1979 წლიდან – ვაშინგტონისა და თეირანის კონფრონტაციის დაწყების დროიდან. წესით, დონალდ ტრამპის ანუ აშშ-ის მტერი ქვეყანა ჩვენი მეგობარი არ არის.

მაგრამ იმავდროულად არის სერიოზული და საყურადღებო მიზეზები იმისთვის, რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ და შეცდომები არ დავუშვათ.

ჯერ-ერთი, რომ რეჟიმის განადგურება არ ნიშნავს რეჟიმის წარმატებულ ცვლილებას. შესაძლოა, ისრაელი აშშ-ის დახმარებით თუ მის გარეშე, ირანს ისეთ ზიანს მიაყენებს, რომ აიათოლების ხელისუფლება თავის ფუნქციებს ვეღარ შეასრულებს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? განა ისრაელი და აშშ დამარცხებული ირანის ტერიტორიის ოკუპირებას განახორციელებენ და მის მართვას დაიწყებენ? არა, არცერთი ამას არ აპირებს. აშშ-სათვის ავღანეთის, ერაყისა და ლიბიის საშინელი გაკვეთილები არ დავიწყებულა. თეირანი 1945 წლის დროინდელი ბერლინი ნამდვილად არ იქნება.

თავის მიმართვაში ირანისადმი ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანელმა ხალხმა ახალი ირანი უნდა შექმნას და რომ ისრაელი ამ მიზნის მისაღწევად – თავისუფალი ირანის ასაშენებლად – ირანელებს გზას გაუწმენდს. მაგრამ ვინ მოვა ახალი ირანის ხელისუფლებაში ისრაელისა და აშშ-ის ხელშეწყობით? ის მთავრობა, რომელიც ხელს ვერ შეუშლის ისრაელსა და ამერიკას ირანის ხარჯზე გამდიდრებაში? ვინ იქნებიან ახალი მთავრობის წევრები, როცა ოპოზიცია ფაქტიურად განადგურებულია?

დამარცხებული ირანის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დასუსტებული იქნება, მაგრამ ის მაინც დარჩება დიდი, ამაყი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ხელისუფლებად. ირანი ისევ მდიდარი იქნება ბუნებრივი რესურსებით, ისევ იქნება ულეველი ენერგეტიკური რესურსების მქონე ქვეყანა, რომელიც ისევ კარგად შეიარაღებას შეეცდება. დიახ, ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა იდროვებს და თავისი უფლებების რეალიზებას მოითხოვს, მაგრამ აიათოლების რეჟიმის მომხრეები და აპარატის წევრები ყველგან დარჩებიან – არმიაშიც, პოლიციაშიც და სპეცსამსახურებშიც. სწორედ ეს ფაქტორები გახდება იმის სიგნალად, რომ არასტაბილურობის აფეთქება მოხდეს, დაიწყოს სამოქალაქო კონფრონტაცია (ომი), რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

არავინ არ უნდა დაივიწყოს ის გარემოებაც, რომ ირანი რევოლუციური რეჟიმის მქონე ქვეყნად დარჩება. მმართველები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, მთლიანად ანადგურებენ თავიანთ წინამორბედ მმართველებს – ისევე როგორც ირანელმა ისლამისტებმა გაანადგურეს შაჰის მთავრობის წარმომადგენლები 1979 წელს. ახალი მმართველობაც შეიძლება პარანოიდალურ რეჟიმად იქცეს.

ისტორია გვასწავლის, რომ რევოლუციური რეჟიმების ცვლილება განსაკუთრებით „ჭუჭყიანი“ საქმეა. ახალი ხელისუფლების რეალური დამყარება ურთულესი პროცესია. გავიხსენოთ 1815 წლის შემდგომი საფრანგეთი, ან რუსეთი 1991 წლის შემდეგ. გერმანია ნაციზმის მორევისაგან 1945 წლის შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების წყალობით გადარჩა, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული აშშ-ის ეკონომიკური დახმარება, სამხედრო ოკუპაციის წესები და პრაგმატული კომპრომისები გერმანული ინსტიტუტების მიმართ. ამის შედეგად მიღწეული იქნა კოლექტიური ტრიუმფი, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანიის მსგავსი პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკაში იშვიათია. ირანში [აზიურ ისლამურ ქვეყანაში] მსგავსი არაფერი მოხდება. ასე რომ, სურვილებშიც სიფრთხილეა საჭირო.

წყარო

 

მოამზადა სიმონ კილაძემ