1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „რატომ ვერ დაამარცხებს უკრაინა რუსეთს” – ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან
„რატომ ვერ დაამარცხებს უკრაინა რუსეთს” – ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან

„რატომ ვერ დაამარცხებს უკრაინა რუსეთს” – ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან

353
0

გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) სათაურით „რატომ ვერ დაამარცხებს უკრაინა რუსეთს“ გამოქვეყნებულია ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან (ესაუბრება ჟურნალისტი პოლ რონცჰაიმერი), რომელშიც იგი თავის პოზიციას გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომისა და კიევისადმი დასავლეთის დახმარების შესახებ, ლაპარაკობს რუსეთში „ვაგნერის“ ამბოხების მცდელობაზე და აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის დროს იგი უნგრეთისა და უნგრელების ინტერესებს იცავს.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას:

ვიქტორ ორბანი არ თვლის, რომ „ვაგნერის“ ამბოხების მცდელობა რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგი ეყრდნობა უნგრეთის სადაზვერვო სამსახურების მოხსენებას, რომლის თანახმად, მომხდარ ფაქტს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობის სტაბილურობის დარღვევა და უკრაინაში სიტუაციის რადიკალურად შეცვლა არ შეუძლია.

რა თქმა უნდა, ამბოხება შეიძლება რუსეთის „აშკარა სისუსტის ნიშნად“ ჩაითვალოს, მაგრამ ის, რომ წარმოქმნილი კრიზისი 24 საათის განმავლობაში გადაიჭრა – „ეს ქვეყნის ძლიერების“ მაჩვენებელიც არის. „ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად რჩება და თუ ვინმე ვარაუდობს, რომ ის შეიძლება დაემხოს ან შეიცვალოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რუს ხალხს და რუსული ხელისუფლების სტრუქტურას საერთოდ არ იცნობენ“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

„ამბოხება დასრულდა, ომი კი გრძელდება. შესაბამისად, არ ღირს ყურადღების კონცენტრირება მომხდარზე, რადგან ეს ის მოვლენა არ არის, რომელიც მხარეებს მშვიდობამდე მიიყვანს. მთავარია, რომ ცეცხლი შეწყდეს და საომარი მოქმედებები შეჩერდეს. „ვაგნერის“ წარუმატებელი გამოსვლა პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – დარწმუნებულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ვიქტორ ორბანის აზრით, ვლადიმერ პუტინი 2024 წლის შემდეგად რუსეთის პრეზიდენტი იქნება და ყველანაირი ლაპარაკი მისი თითქოსდა სისუსტის შესახებ მხოლოდ სამხედრო პროპაგანდას წარმოადგენს. „პუტინი სტაბილური პიროვნებაა, იგი დემოკრატიულად არის არჩეული, ის პოპულარულია და სტრუქტურები, რომლებიც მის უკან დგას, საკმაოდ ძლიერები არიან“, – ასე პასუხობს ვიქტორ ორბანი კითხვას – „რამდენად შესაძლებელია ვლადიმერ პუტინის დამხობა“.

დასავლეთი შეცდომას უშვებს, როცა ვლადიმერ პუტინის სისუსტეზე ლაპარაკობს. იმიტომ, რომ დასავლური საზომებით რუსეთისა და რუსი ლიდერის შეფასება არასწორი მეთოდია. „არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთი ისეთი ქვეყანა არ არის, როგორიც, ვთქვათ გერმანია ან უნგრეთია. რუსეთის სრულიად სხვა სამყაროა. იქ სხვა პოლიტიკური სტრუქტურებია, სხვა ხელისუფლება, სხვა სტაბილურობა, რომელსაც დასავლეთ ევროპისაგან განსხვავებული ისტორია აქვს. ამიტომაც, თუ თქვენ გსურთ იცოდეთ, როგორ ცხოვრობს და არსებობს ეს ქვეყანა და ამ დროს მხოლოდ ჩვენებურ [დასავლურ] ლოგიკას დაეყრდნობით, მაშინ თქვენ ყოველთვის შეცდებით“, – ამბობს უნგრეთი პრემიერი და განმარტავს, რუსეთი სამხედრო ფაქტორებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს წარმოადგენს“.

თქვენ 1989 წელს ბუდაპეშტში გაბედულად განაცხადეთ, რომ საბჭოთა კავშირმა უნგრეთიდან ჯარი უნდა გაიყვანოსო. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი თქვენ საკუთარი ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეთ და რუსეთის ევროპელ მეგობრად ითვლებით…

თქვენ ჩემს პროვოცირებას ცდილობთ ამ კითხვით? განა არ იცით, რომ უნგრელებს თუ ეტყვით – თქვენ პრორუსულები ან რუსების მეგობრები ხართო – ეს ჩვენი ისტორიული გამოცდილების საწინააღმდეგო იქნება? მე უნგრეთისათვის ვიბრძვი. მე არც რუსეთი და არც ვლადიმერ პუტინი არ მადარდებს. მე ვზრუნავ მშობლიურ უნგრეთზე. ანუ რასაც მე ვაკეთებ, ანუ ჩემი პოზიცია და მოქმედება, განპირობებულია მხოლოდ უნგრეთზე ზრუნვით, უნგრეთის სასარგებლოდ. ყველაფერი, რაც კი რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება, უნგრელებისათვის ცუდია. ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. უკრაინაში საკმაოდ ბევრი უნგრელი ცხოვრობს. ომი უნგრელი უმცირესობისათვის ტრაგედიის მომტანია, ჩვენ იქ ბევრი თანამემამულე დავკარგეთ. საფრთხე უშუალოდ ჩვენს გვერდით არსებობს. თქვენ, გერმანელებს, ამ მხრივ არაფერი გიჭირთ – თქვენსა და უკრაინას შორის ჩვენ ვართ – უნგრეთი და პოლონეთი… ჩვენ ბუფერის როლს ვასრულებთ“.

რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტ ფაქტორად ვიქტორ ორბანი რუსეთის რიცხობრივ უპირატესობას მიიჩნევს: „პრობლემა იმაშია, რომ უკრაინელებს ჯარისკაცები უფრო ადრე გამოელევათ, ვიდრე რუსებს და საბოლოო ჯამში ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება“. ამიტომაც, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უკრაინის ინტერესებშია ომი რაც შეიძლება მეტად შეეცადოს ომის მალე დასრულებას, თორემ „წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი უდიდეს სიმდიდრეს – ადამიანებს დაკარგავს, რომლის ანაზღაურება ვერ მოხდება. ადამიანთა რესურსების განადგურება ყველა დიდი ზიანია“.

ვიქტორ ორბანის აზრით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას – მშვიდობის დამყარება მხოლოდ უკრაინის საზღვრების 1991 წლის მდგომარეობით აღდგენის შემდეგ უნდა მოხდესო, ყურადღების ღირსი არ არის – „იმიტომ, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოს სახით აღარ არსებობს. უკრაინას ომის გასაგრძელებლად საკუთარი ფინანსები და იარაღი არ აქვს. შესაბამისად, თუ ამერიკა გადაწყვეტს, რომ ომის რაღაც ეტაპზე მშვიდობის დამყარებაა საჭირო, ეს ასეც იქნება, კიევი მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს“.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ თუ აშშ უარს იტყვის კიევისათვის იარაღის მიწოდებაზე, მაშინ უკრაინელები თავს ვერ დაიცავენ და ბედის ანაბარად იქნებიან მიტოვებულნი, ვიქტორ ორბანი პასუხობს: „პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა გადავარჩინოთ. ამის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკების დაწყება აშშ-სა და რუსეთს შორის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, სადაც უკრაინისთვისაც იქნება ადგილი“.

ვიქტორ ორბანი სამწუხარო ფაქტად თვლის, რომ ომის წინ დიპლომატიამ მარცხი განიცადა. „თავიდანვე რომ მოლაპარაკება მომხდარიყო, ამდენი მსხვერპლი და ნგრევა არ იქნებოდა. ამიტომაც ჩემი პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო: არ შეიძლება ორმხრივი კონფლიქტის გლობალურ ომად გადაქცევა. ჩვენ მოქიშპე მხარეთა კონფლიქტი იზოლაციაში უნდა მოგვექცია და პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისათვის უნდა დაგვეკისრებინა“.

განცხადებებს, რომ უკრაინის დამარცხების შემდეგ რუსეთი შეიჭრება ნატოს წევრ ქვეყნებში – ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და უნგრეთში, ვიქტორ ორბანი უსაფუძვლოდ თვლის: „ნატო ხომ რუსეთზე ძლიერია… რომელი სუსტი ქვეყანა ესხმის თავს უფრო ძლიერს?“.

– ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ბრალდება წაუყენა და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. გერმანიამ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გერმანიის მიწაზე ფეხს დაადგამს, მას იმწუთასვე დააპატიმრებენ. უნგრეთიც ასე მოიქცევა? თქვენთვის ვლადიმერ პუტინი დამნაშავეა?
– არ ვიცი, ეწვევა თუ არა ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთს, ამიტომ მისი დაპატიმრების საკითხი ჰიპოთეზას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინს კი დამნაშავედ არ ვთვლი. რატომ? იმიტომ, რომ ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, სამხედრო დანაშაულებზე კი მშვიდობის დამყარების შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ. თუ ჩვენ დაზავება გვსურს, შემდეგ კი უფრო ფართო მოლაპარაკება, მოწინააღმდეგე მხარე უნდა დავარწმუნოთ, რომ მაგიდასთან უსაფრთხოდ დაჯდეს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ მას ვეუბნებით: „მობრძანდით მაგიდასთან, მე უნდა დაგაპატიმროთ“. ეს კარგი იდეა არ არის“.

ვიქტორ ორბანის აზრით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ომის შემდეგ უნდა იყოს განხილული. „ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობა იქნება. ნატოს წესდებაში მკაფიოდ არის ჩაწერილი, რომ ის სახელმწიფო, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ალიანსის წევრი ვერ გახდება“.

– თქვენ რომ ახლა უკრაინელებისადმი მიმართვის შესაძლებლობა გქონდეთ, რას ეტყოდით მათ? რისი თქმა შეგიძლიათ იმ დროს, როცა მათ ოჯახის წევრები დაკარგეს, როცა მსოფლიო ბუჩას ტრაგედიის მოწმეა? განა ეტყვით, რომ „გაჩერდით, თავს ნუ იცავთ, რადგან რუსეთზე ნაკლები ჯარისკაცები გყავთ“?
– მე სიტუაციას სხვაგვარად ვუყურებ. ეს ჩემი პოზიციაა, რომელსაც არავის თავს არ ვახვევ და არავის დარწმუნება არ მსურს, არ მაქვს ასეთი მიზანი. ერთი რამ ცხადია: ეს ჩვენი ომი არ არის. უკრაინელების საქმეა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც მათ უნდათ. ამის განსაზღვრა მხოლოდ მათ შეუძლიათ. უკრაინელები ამაყი ხალხია და ამ საკითხს, ალბათ, საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტენ“.

წყარო