“რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს”-The Daily Telegraph
“რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ჯო ბარნსი, ბრიუსელში აკრედიტებული ჟურნალისტი. „მოსკოვის უარი ტრამპის გეგმაზე კიეველი ლიდერისათვის თავის გადარჩენის ბოლო შანსს წარმოადგენს“, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ერთი კვირის წინ კიევში, თავისი ოფისის წინ, ბანკოვაიას ქუჩაზე მდგარმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის გამო, უკრაინელი ხალხი გააფრთხილა, რომ იგი მტანჯველი და უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას – შეუნარჩუნოს უკრაინას ღირსება თუ დაკარგოს აშშ-ის მხარდაჭერა.
პრეზიდენტის ოფისის წინ მდებარე მოედანი სიმბოლურია – თითქმის ოთხი წლის წინათ, როცა რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, ამავე ადგილზე მდგარი პრეზიდენტი ზელენსკი თავის გარემოცვასთან ერთად, მგზნებარე სიტყვით გამოვიდა: „ევაკუაციას მთავაზობენ. მე მინდა საბრძოლო მასალები და არა ევაკუაცია“.
ახლა, როცა პრეზიდენტი და მისი გარემოცვა უდიდეს კორუფციულ სკანდალშია გახვეული და ფრონტზეც არასახარბიელო მდგომარეობაა, უკრაინის ლიდერი ისევ ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის – მას ისეთ სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებას სთავაზობენ, რომელიც უკრაინისათვის აშკარად წამგებიანია.
თუ ის დონალდ ტრამპის 28-პუნქტიან გეგმა-შეთავაზებას მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დონბასი რუსეთს გადაეცემა. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი და რეპუტაცია უკრაინელი ხალხის თვალში სამუდამოდ სახელგატეხილი, ხოლო მისი პრეზიდენტობა ქვეყნისათვის მარადიული ისტორიული შავი ლაქა იქნება. საბოლოოდ გაქრება მისი მსგავსება ომისდროინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილისადმი.
და თუ ვოლოდიმირ ზელენსკი იტყვის “არა, მშვიდობის გეგმას არ ვაღიარებ” და ბრძოლას გააგრძელებს, იგი რისკზე მიდის, რომ აშშ დახმარებას შეწყვეტს. შესაბამისად, უკრაინა წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს რუსულ დრონებს და რაკეტებს. იქნება მსხვერპლი, იქნება ნგრევა, ომი უსასრულოდ გაჭიანურდება…
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის განზრახული აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. დონალდ ტრამპის გეგმა ეფუძნება ღაზას სექტორში ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის შეწყვეტის მოდელს, რომლის რეალიზების შედეგად ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდა.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა საეჭვოდ გამოიყურება და ბევრმა პოლიტიკოსმა დოკუმენტი პრორუსულად, რუსების მონაწილეობით შემუშავებულად ჩათვალა. კიევმა დახმარებისათვის თავის ევროპელ მოკავშირეებს მიმართა, რომლებიც სოლიდარულად შეიკრიბნენ ჟენევაში და და ექსტრენული მოლაპარაკება გამართეს. შემუშავებული იქნა 19-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 28-პუნქტიანის შერბილებულ ვერსიას წარმოადგენს. თავისი არსით, არც ეს დოკუმენტი არ არის ისეთი, რომლის მიღება უკრაინის პრეზიდენტს უდრტვინველად შეუძლია.
მართალია, ტრანსფორმირებულ გეგმაში რიგი მომენტები უკრაინისათვის შედარებით მეტ შანსს იძლევა, მაგალითად, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა სამომავლოდ არის გადატანილი, ხოლო არმიის რაოდენობა ფაქტობრივად შენარჩუნებულია, ვოლოდიმირ ზელენსკის მაინც ისევ მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ურთულესი საკითხია არმიასთან დამოკიდებულება. უკრაინის არმია ამჟამად 800 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. თითოეულმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა, რომლებიც სამშობლოს რუსული ურდოებისაგან იცავენ, ომში ბევრი ახლობელი დაკარგა. ამიტომ არანაირი გარანტია არ არის, რომ ისინი, რომლებიც ახლა დონბასში ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და იბრძვიან, პრეზიდენტის ბრძანებას შეასრულებენ და იარაღს დაყრიან – მიუხედავად იმისა, რომ იგი უმაღლესი მთავარსარდალია.
კიევში კი, ფრონტისაგან მოშორებით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ალბათ იძულებული გახდება არჩევნები ჩაატაროს… ჯერ კიდევ თებერვალში, მიმდინარე წლის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალი იყო. იგი აცხადებდა, რომ სიხარულით დატოვებდა თავის პოსტს, თუ უკრაინას ნატოს წევრად მიიღებდნენ. მაგრამ დღეს კვლევები აჩვენებენ, რომ პრეზიდენტის მიმართ ამომრჩევლების მხარდაჭერა სუსტდება: 21 ნოემბერს სოციოლოგიური კომპანიის Socis-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვა მოწმობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ დამაჯერებლად წააგებს პოტენციურ პოლიტიკურ ბლოკთან, რომელიც შეიძლება ყოფილმა გენერალმა და ამჟამად დიპლომატმა ვალერი ზალუჟნიმ ჩამოაყალიბოს.
ბევრი უკრაინელი კომბატანტი (მებრძოლი) ჩაეწერებოდა ვალერი ზალუჟნის სამსახურში, რათა უკრაინას დემოკრატია და თავისუფალი არჩევანის უფლება შეუნარჩუნოს. და თუნდაც ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტად არ იქნას არჩეული, გადამდგარი გენერლის ხმა ყოველთვის წონადი და გადამწყვეტი შეიძლება იყოს. თუ საზოგადოება სამშვიდობო გეგმის მიღების წინაშე დადგება, გენერლის აზრი ყველაზე მეტად დამაჯერებელი იქნება.
ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, კარგად ხედავს, რომ უკრაინაში ასეულ ათასობით კარგად გაწვრთნილი და ბრძოლებში გამოწრთობილი ჯარისკაცია. [ვის მხარეზე დადგებიან ისინი უპირველესად?]. პრეზიდენტისათვის ომისშემდგომი ლიდერობა პრობლემატური ხდება.
არის კიდევ ერთი საფრთხე ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, რომლის წყარო უკვე რიგითი მოქალაქეების პოზიცია შეიძლება გახდეს. ტრამპისეულ გეგმაში შეტანილია პუნქტი, რომლის თანახმად, სრული ამნისტია იქნება გამოცხადებული სამხედრო დანაშაულის ჩამდენებისათვის, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკრაინელთა იმედი რუსი დამნაშავეებისათვის ახალი „ნიურნბერგის პროცესის ჩატარების თაობაზე“ რეალიზებული არ იქნება.
გეგმის ახალ ვერსიაში [პრორუსული] ფორმულირება (ამნისტია) ამოღებულია, მაგრამ ჩანაცვლებული წინადადებაც უკრაინელთა სურვილს სრულად არ პასუხობს: მასში ნათქვამია, რომ „გათვალისწინებული იქნება იმ მოქალაქეების საჩივრები, რომლებიც ომით დაზარალდნენ“, მაგრამ არ არის მტკიცე დაპირება იმისა, რომ სამხედრო დამნაშავეები დასჯილები იქნებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია თქვას „არა“ დონალდ ტრამპის გეგმაზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპელი მოკავშირეების იმედად იყოს, რომლებიც თავის დროზე უკრაინას იმდენ დახმარებას დაპირდნენ, „რამდენიც დასჭირდებოდა“. ამ შემთხვევაში ომი გაგრძელდება უფრო მეტი მსხვერპლით, რადგან უკრაინა ამერიკის დახმარებას აღარ მიიღებს.
მაგრამ ფინანსურად დღეს ევროპასაც უჭირს. ევროპის მთავრობები იძულებულნი არიან სულ უფრო მეტი თანხები გადადონ უკრაინისათვის, მაგრამ არა დაუსრულებლად. ამიტომ მათ იმედის მზერა მიაპყრეს რუსულ აქტივებს, 300 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელთაგან 140 მილიარდზე მეტი ბელგიის დეპოზიტარ კომპანიაში ინახება. ბელგიის მთავრობა რუსეთის კუთვნილი ფულის დახარჯვაზე უარს აცხადებს, რადგან ევროკავშირის წევრები გარანტიებს არ იძლევიან.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ პრესაში გაჟონილ სკანდალურ ფაქტზე, თუ როგორ რჩევა-დარიგებას აძლევს ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს იური უშაკოვს, შენმა ბოსმა ასე და ასე იმოქმედოს ტრამპთან შეხვედრის დროსო.
კაცმა რომ თქვას, ზელენსკის ევროპელი მომხრეებიც იგივეს აკეთებენ და უკრაინის პრეზიდენტს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ დაარწმუნოს დონალდ ტრამპი შეხვედრის დროს – ომის შეწყვეტის კორექტირებულ გეგმას დაეთანხმოს და უფრო მომგებიანი გახადოს დოკუმენტი უკრაინისათვის.
საბოლოო ჯამში რჩება შთაბეჭდილება: გარიგება გათვლილია იმაზე, რომ დოკუმენტი პუტინმა უარყოს. შესაბამისად, რუსი დიქტატორის უარი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს დონალდ ტრამპს, რომ სწორედ კრემლი უქმნის დაბრკოლებას მშვიდობის დამყარებას. და თუ მართლაც ასე მოხდება, ასეთი სიტუაცია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მომგებიანი იქნება – იგი თავს აარიდებს ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღებას მთელი ომის განმავლობაში.