
“რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ”-BBC
„ბრძოლა ჩინეთთან – „მსოფლიოს ფაბრიკასთან“, რომელმაც ამერიკელ მუშებს მომავალი წაართვა – დონალდ ტრამპის საყვარელ სასაუბრო თემას წარმოადგენს, ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული“, – წერს ჯონ სადვორტი, “ბიბისის” (BBC) კორესპონდენტი ვაშინგტონში, რომელიც ცხრა წელი ცხოვრობდა პეკინში „ბიბისის“ კორესპონდენტად, ანალიტიკურ სტატიაში სათაურით: „რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა ამ დღეებში ფოკუსი მოულოდნელად დაავიწროვა: მისი სავაჭრო ომი მთელ მსოფლიოსთან უცებ გადაიქცა ომად ერთ კონკრეტულ და კარგად ცნობილ ფრონტზე – ჩინეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა ათობით ქვეყნის საიმპორტო ტარიფების შემოღებაზე, თუმცა დატოვა საბაზო 10%-იანი ბაჟი ყველასათვის.
მაგრამ ჩინეთისათვის, რომლის პროდუქცია შეერთებული შტატების იმპორტის 15%-ს წარმოადგენს, აიფონებიდან დაწყებული და საბავშვო სათამაშოებით დამთავრებული, საბაჟო გადასახადის შთამბეჭდავი დონე – თითქმის 125% დაწესდა (ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, – 145%-მდე).
დონალდ ტრამპის განცხადებით, მან იმიტომ გაზარდა ტარიფები დამატებით ჩინურ პროდუქციაზე, რომ პეკინმა 84%-იანი ბაჟი დაუწესა ამერიკულ საქონელს: „პეკინმა ვაშინგტონის მიმართ „უპატივცემლობა“ გამოავლინა“.
დონალდ ტრამპი: „ვაგრძელებთ იმას, რისთვისაც დრო არ გვეყო“
დონალდ ტრამპის სახით ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ის პოლიტიკოსია, რომელიც თეთრ სახლში პირველად სწორედ ანტიჩინური დაპირებებით შევიდა და მისი ჟინის საფუძველი უფრო დიდია, ვიდრე უბრალო სურვილი დარტყმაზე დარტყმით უპასუხოს.
დონალდ ტრამპისათვის ყველაფერი ჩინეთთან დაკავშირებული ის საქმეა, რომელიც მას დაუმთავრებელი დარჩა პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს. „ჩვენ მაშინ დრო არ გვეყო საქმის გასაკეთებლად, ახლა კი ვაგრძელებთ დაწყებულს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.
მისი მიზანია მთლიანად „ამოატრიალოს“ საერთაშორისო ვაჭრობის სისტემა ჩინეთთან, როგორც „მსოფლიოს ფაბრიკის“ როლის შემსრულებელთან, აგრეთვე ამ სისტემის საფუძველი – მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, „რაც უფრო მეტია ჩინეთთან ვაჭრობა, მით უკეთესია მსოფლიოსათვის“.
რით დაიწყო დონალდ ტრამპმა
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პუნქტი პრეზიდენტის აზროვნებაში, იმ დროში უნდა გადავიხედოთ, როცა არავინ არ ფიქრობდა მასზე როგორც პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატზე და მით უმეტეს, როგორც არჩევნებში გამარჯვებულზე.
2012 წელს, როცა მე პირველად დავიწყე რეპორტაჟების გადაცემა ჩინეთის საქმიანი დედაქალაქიდან – შანხაიდან, პრაქტიკულად ყველა – მსოფლიო ბიზნესის ლიდერები, ჩინელი ჩინოვნიკები, უცხოური სამთავრობო და სავაჭრო დელეგაციის წევრები – ჩინეთთან ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას ყველა თავისთავად და ბუნებრივად მიიჩნევდა.
ჩინეთთან ვაჭრობა ხელს უწყობდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდას, უზრუნველყოფდა იაფი საქონლის მიწოდებას, ამდიდრებდა ჩინეთის მოსახლეობას, ამტკიცებდა ჩინეთის მნიშვნელობას მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და მაცდუნებელ პერსპექტივებს უქმნიდა საერთაშორისო კორპორაციებს თავიანთი პროდუქციის მიწოდებაში ჩინეთის ახლად ჩასახული და სულ უფრო გაფართოებული საშუალო ფენის წარმომადგენლებისათვის.
შანხაიში ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთმა რიგ დარგებში შეერთებულ შტატებს გაუსწრო და მსოფლიოს უდიდესი ბაზარი გახდა ბრიტანული „როლს-როისის“, ამერიკული „ჯენერალ მოტორსის“ და გერმანული „ფოლკსვაგენის“ ავტომობილებისთვის.
ჩინეთთან ვაჭრობის დასაბუთება უფრო ღრმა მსჯელობითაც იყო განპირობებული, რომლის თანახმად, ჩინელები როცა გამდიდრდებიან, ქვეყნის კომუნისტურ ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოსთხოვენო. გარდა ამისა, ჩინელი მოქალაქის სოციალური ხარჯების სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები ქვეყანას მომხმარებელთა საზოგადოებად გადააქცევსო.
დასავლეთის იმედგაცრუება ჩინეთის მიმართ
დღეს აშკარაა, რომ დასავლეთის პირველი ოცნება არ ასრულდა – ჩინეთის კომპარტია თავის ხელისუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს.
მეორე ოცნება არც ისე სწრაფად ხორციელდება, როგორც დასავლეთი ოცნებობდა: ჩინეთი ძველებურად არამარტო დამოკიდებულია თავისი პროდუქციის ექსპორტზე, არამედ ღიად გეგმავს თავისი დომინირებული მდგომარეობის განმტკიცებას ამ სფეროში.
ცნობილ ჩინურ სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა და სათაური ასეთი ჰქონდა -„დამზადებულია ჩინეთში – 2025“, გადმოცემული იყო ჩინეთის როგორც მსოფლიოს ლიდერის ხედვა რიგ საკვანძო სამრეწველო სექტორებში – აეროკოსმოსური დარგიდან დაწყებული, გემებისა და ელექტრომობილების წარმოებით დამთავრებული.
და იმ დროიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში ჩაერთო პოლიტიკაში ყველასათვის უცნობი აუტსაიდერი, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამომრჩევლებს უყვებოდა, თუ როგორ გაანადგურა ჩინეთის ეკონომიკურმა აღმავლობამ აშშ-ის ეკონომიკა, გააცამტვერა აშშ-ის ე.წ. „ჟანგიანი სარტყელი“ (ანუ იმ ადგილების ეკონომიკა, სადაც მძიმე მრეწველობის ობიექტები იყო განლაგებული) და ამერიკელ მუშებს ხელფასები შეუმცირა და ადამიანური ღირსება შეულახა.
დონალდ ტრამპმა, გააჩაღა რა სავაჭრო ომი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, დაამსხვრია სტერეოტიპები და დაარღვია კონსენსუსი. მისმა მემკვიდრემ ჯო ბაიდენმა ჩინურ პროდუქციაზე თავისი წინამორბედის მიერ მიღებული ბევრი გადიდებული ტარიფი შეინარჩუნა და თავისიც დაამატა. მაგრამ ეს საბაჟო ტარიფები, მართალია, მტკივნეული იყო ჩინეთისათვის, მაგრამ შედეგი არ მოუტანია – ჩინელმა კომუნისტებმა თავიანთი ეკონომიკური მოდელი არ შეცვალეს.
ამჟამად ჩინეთის წილი მსოფლიოში ელექტრომობილების წარმოებაში 60%-ს შეადგენს, თანაც მათი უდიდესი ნაწილი საკუთარი, ჩინური მარკისაა და 80%-ით უზრუნველყოფილია ჩინური წარმოების აკუმულატორებით.
და აი, დონალდ ტრამპი დაბრუნდა და მან ჩინეთთან ტარიფების ზრდით თამაში დაიწყო, რაც, ალბათ, შეიძლება ისტორიაში ყველაზე უძლიერესი დარტყმა გახდეს მსოფლიოში ჩამოყალიბებული სავაჭრო სისტემის წინააღმდეგ (თუმცა ბოლო დღეებში ტრამპის მოქმედება პრინციპით „ვაწესებთ – ვაუქმებთ“ გაკვირვებას იწვევს).
აშშ-ჩინეთი: სამი საკვანძო საკითხი და… „ჩინური ოცნება“
რა იქნება შემდეგ, ეს დამოკიდებულია ორ საკვანძო საკითხზე.
პირველი – მისაღები იქნება თუ არა ჩინეთისათვის აშშ-ის მიწვევა მოლაპარაკების მიზნით ასეთ სიტუაციაში.
მეორე – თუ მისაღები იქნება, მაშინ წავა თუ არა ჩინეთი ისეთ დიდ დათმობებზე, რომლებსაც აშშ ითხოვს – ჩინური ეკონომიკური მოდელის სრული გადახედვით, რომელიც ექსპორტზეა აგებული.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობის დროს უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, დასავლეთი (აშშ-ის სახით) სრულიად „უცნობ და გამოუკვლევ ტერიტორიაზე“ აღმოვჩნდით, ამიტომაც ყველას, ვინც კი ამტკიცებს, რომ იცის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს პეკინი, ფრთხილად და ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.
არის კიდევ რამდენიმე მიზეზი სიფრთხილის გამოჩენისათვის.
ჩინეთი ამჟამად მჭიდროდ აკავშირებს თავის ეკონომიკურ ძალას – ექსპორტზე დაფუძნებულს და მკაცრად დაცულს შიდა ბაზარზე – ეროვნული აღორძინებისა და ერთპარტიული სისტემის უპირატესობის იდეებთან. ეროვნული აღორძინება გამოიხატება ე.წ. „ჩინური ოცნების“ პროგრამაში, რომელიც ქვეყნის კომუნისტმა ლიდერმა სი ძინპინმა 2012 წელს გააჟღერა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური მკაცრ კონტროლს უწევს საინფორმაციო სფეროს და საეჭვოა მან რაიმე ბარიერი გააუქმოს, ვთქვათ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების რეკლამირებაში.
მაგრამ არის მესამე საკითხიც და მასზე პასუხი თვითონ აშშ-მა უნდა გასცეს: მხარს უჭერს თუ არა ამერიკის ხელისუფლება თავისუფალი ვაჭრობას?
დონალდ ტრამპი ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთა თანახმად, ტარიფები კარგია თავისთავად და არა მხოლოდ როგორც რაიმე მიზნის მიღწევის საშუალებად. იგი მსჯელობს პროტექციონიზმის (შიდა ბაზრის დაცვის პოლიტიკის) დადებით სარგებლობაზე ამერიკისათვის. მისი აზრით, პროტექციონიზმმა სტიმული უნდა მისცეს შიდა ინვესტიციებს, აიძულოს ამერიკული კომპანიები, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ქვეყნის შიგნით მიწოდების ჯაჭვურ სისტემას, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ჩინეთიდან იმპორტს, გაზარდონ საგადასახადო მოსაკრებლები და აქტიურად ისარგებლონ ეროვნული რესურსებით.
თუ პეკინი ჩათვლის, რომ სწორედ ეს არის დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღების მიზანი (ანუ ჩინეთიდან იმპორტის შემცირება), მაშინ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკური სახელმწიფო, იმის ნაცვლად, რომ უპირატესობა მიანიჭონ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ერთმანეთთან შეტაკებისთვის ემზადებიან ეკონომიკური უპირატესობისათვის პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“.
და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს ნიშნავს ძველი კონსენსუსის დასასრულს და სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ძალიან სახიფათო მომავლის დადგომას.
მოამზადა სიმონ კილაძემ