“რატომ არის ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული ირანის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ისრაელის ომში”-Politico
„ამერიკისა და ისრაელის მიერ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ახალი ომის ერთ-ერთი შედეგი მსოფლიოსათვის ისაა, რომ ნავთობი გაძვირდა“, – წერს აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) სტატიაში სათაურით „რატომ არის ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული ირანის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ისრაელის ომში“ (ავტორი – ევა ჰართოგი).
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ომმა ნავთობის გაძვირება გამოიწვია, რაც დიდი საჩუქარია რუსეთის ეკონომიკისთვის – კრემლის ხაზინაში ფული ყოველდღიურად მატულობს, რითაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
აშშ-სა და ისრაელის ავია რაკეტულ დარტყმებს ირანზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა, რითაც კრემლის ხაზინა ივსება. ფასების ამგვარი „ნახტომი“ რუსეთისათვის სასარგებლოა: კრემლს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში, რომელიც ოთხ წელზე მეტია გრძელდება, სულ უფრო მეტი თანხა სჭირდება. რუსეთის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ნავთობის შედარებით დაბალ ფასზე იყო გათვლილი და მისი მატება, შეიძლება ითქვას, იღბალია მოსკოვისათვის.
მიმდინარე წლისა დასაწყისში ვლადიმერ პუტინი არასასიამოვნო არჩევანის წინაშე დადგა: ან უნდა შეემცირებინა საომარი ოპერაციების ინტენსივობა უკრაინის წინააღმდეგ, ან დიდი რისკი იყო, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.
მაგრამ ვლადიმერ პუტინისათვის მოულოდნელად, მას ამერიკელმა კოლეგამ დონალდ ტრამპმა მშვენიერი სიურპრიზი გაუკეთა: ამერიკამ, ისრაელთან ერთად, ირანთან ომი დაიწყო და ამით რუსეთს საჩუქარი „უფეშქაშა“. სპარსეთის ყურეში ორმუზის სრუტის, ანუ ნავთობის ტანკერებისათვის მთავარი საზღვაო დერეფნის ჩაკეტვის გამო „შავ ოქროზე“ ფასებმა მკვეთრად მოიმატა. რადგანაც ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლები კრემლის ხაზინის შევსების ძირითად წყაროს წარმოადგენს, სამხედრო სფეროს დაფინანსება და საომარი მოქმედებების გააქტიურება უფრო იოლი გახდა.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ნავთობის ობიექტები (საბადოები და ტერმინალები) დაბომბა, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა თითქმის 110 დოლარს მიაღწია, რაც მაქსიმუმია 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.
მართლაცდა კარგი საჩუქარია კრემლისათვის – გამოდის, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანთან აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინასთან.
დიახ, ირანთან ომმა რუსეთს სანდო მოკავშირის ავტორიტეტი შეულახა – მოსკოვი თავის მოკავშირე თეირანს ვერაფრით დაეხმარა, მაგრამ უკრაინასთან მისი ომი ახალ იმპულსს იძენს. შესაბამისად, კრემლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შეიძლება მთავარ გამარჯვებულად გამოვიდეს.
მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და აშშ-ის „მაშველი რგოლი“
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ რუსეთის ეკონომიკურ ელიტის განწყობა საკმაოდ პირქუში და უსიხარულო იყო.
ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ბიუჯეტი ისე შეადგინა, რომ რუსული ნავთობის მარკის Ural-ის ერთი ბარელის ფასი 59 დოლარი იქნებოდა. მაგრამ იანვარში ღირებულებამ დაიკლო და. შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლებიც საკმაოდ შემცირდა.
დასავლური სანქციების გამკაცრებით რუსეთის ეკონომიკას ცუდი დღეები დაუდგა, ამას დაემატა ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მომატება და სამუშაო ძალის უკმარისობა. ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალურ ბანკს შორის შიდა დავა-უთანხმოება იმდენად გაძლიერდა, რომ გარეთ „გადმოიღვარა“: ორივე სტრუქტურას თავისი მოსაზრება აქვს, თუ როგორ შეიძლება მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა.
„რასაკვირველია, ეკონომიკის ჩამოშლამდე და კრახამდე ჯერ შორს არის“, – ამბობს სერგეი ვაკულენკო, კარნეგის ფონდის ბერლინის ცენტრის თანამშრომელი, – „მაგრამ მთავრობა მძიმე გადაწყვეტილების წინაშე იდგა: გადასახადები მოემატებინა და ხარჯები შეემცირებინა, თვით სამხედროს სფეროს ჩათვლითაც კი. ცხადია, უკრაინის წინააღმდეგ ომი არ შეწყდებოდა და ამას არც არავინ იზამდა, მაგრამ ნათელი ხდებოდა, რომ ომის დროსაც აუცილებელი იყო სახსრების დაზოგვა და მათი მკაცრად ეკონომიური ხარჯვა“.
და ამ დროს აშშ-მა და ისრაელმა რუსეთს „მაშველი რგოლი“ გადაუგდეს – ირანთან ომი დაიწყეს…
„მოსკოვმა მოულოდნელი საჩუქარი მიიღო“, – ამბობს ვლადიმერ მილოვი, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამჟამად კრემლის კრიტიკოსია და „უცხოელი აგენტის“ სტატუსი აქვს, – „ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომი მთავრობისათვის მოულოდნელი „მაშველი რგოლი“ აღმოჩნდა“. მისი თქმით, „კრემლის ჩინოვნიკები სიხარულით მეშვიდე ცაზე არიან“.
„სტრატეგიული შეცდომა“
დასავლური სანქციების გამო რუსეთის თავის ნავთობს საკმაოდ შეღავათიანი (მსოფლიო ფასებზე შედარებით დაბალი) ღირებულებით ჰყიდის, კლიენტების შესანარჩუნებლად. ცხადია, შემოსავლებიც შედარებით ნაკლები აქვს. მაგრამ ახლა შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს – ჩინეთი და რუსეთი, გაძვირებული მსოფლიო ფასების ფონზე, იაფ რუსულ ნავთობს სწრაფად და უფრო მეტი რაოდენობით იყიდიან, რეზერვების შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, რუსეთს შემოსავლები მოემატება, იაფი ფასის პირობებშიც კი.
და ეს ყველაფერი ხდება ვაშინგტონის „ხელშეწყობით“: გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ინდოეთს ერთთვიანი ნებართვა მისცა რუსული ნავთობის ყიდვისათვის [როგორც ცნობილია, ინდოეთი რუსული ნავთობის ტრადიციული მომხმარებელს წარმოადგენს, მაგრამ ორიოდე თვის წინათ აშშ მას სანქციებით დაემუქრა. შესაბამისად, ინდოეთმა იაფი ნავთობის იმპორტი შეამცირა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ყიდულობდა. რადგანაც ომის გამო ორმუზის სრუტე ჩაიკეტა, ინდოეთი რეზერვების გარეშე დარჩა].
უფრო მეტიც – აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა დაუშვა იმის შესაძლებლობაც კი, რომ ამერიკამ ნაწილობრივ მოუხსნას სანქციები რუსულ ნავთობსაც! ეს არის მნიშვნელოვანი გადახედვა იმ ადრინდელი მიდგომისა, როცა აშშ სასჯელით ემუქრებოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ.
რა თქმა უნდა, კრემლი შეეცდება შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
„რუსეთი ყოველთვის იყო და არის ნავთობისა და გაზის საიმედო მიმწოდებელი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-მდივანმა, რომელმაც, არსებითად, რუსეთის ენერგეტიკა გაარეკლამა. მისი თქმით, რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა სწრაფად მატულობს.
ამასობაში პრეზიდენტის თანაშემწემ კირილ დმიტრიევმა „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ „ნავთობის შოკის ცუნამი ჯერ მხოლოდ იწყება“. მან ევროპის უარს რუსულ ენერგიაზე „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.
ორშაბათს პროკრემლური კომენტატორები აქტიურად ავრცელებდნენ ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ პროგნოზს, რომლის თანახმად, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შეიძლება 215 დოლარს მიაღწიოს.
„გრძელვადიანი თამაში“
შეიძლება თუ არა ირანის ირგვლივ შექმნილი კრიზისი რეალურად დაეხმაროს რუსეთის ეკონომიკას? ენერგეტიკის რიგი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის სიხარული ნაადრევია.
ვლადიმერ მილოვის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები. „ნავთობის ფასის ზრდა რომ რეალურად დაეხმაროს რუსულ ეკონომიკას, მაშინ „შავი ოქროს“ ღირებულება ამჟამინდელ დონეზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მაინც უნდა დარჩეს: „მაღალი ფასები ერთი და ორი თვის განმავლობაში, ბუნებრივია, რუსეთს გარკვეულ შემოსავალს მოუტანს, მაგრამ მის ეკონომიკას ვერ გადაარჩენს“, დარწმუნებულია ენერგეტიკის მინისტრის ექს-მოადგილე.
„ნავთობის ფასების მოკლევადიანი „ნახტომი“ საქმეს ვერ უშველის, უბრალოდ, მძიმე გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ გადაავადებს“, – ეთანხმება მას სერგეი ვაკულენკო.
თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება, თუ რატომ შეიძლება მოსკოვისათვის ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელება მომგებიანი იყოს: რაც უფრო მეტად გაჭიანურდება საომარი მოქმედებები, აშშ მით უფრო აქტიურად დახარჯავს იმ იარაღს და საბრძოლო მასალებს, რომლებიც ჰაერივით ჭირდება უკრაინას.
უცხოური მასმედიის ცნობით, მოსკოვი უკვე ამარაგებს ირანს სადაზვერვო მონაცემებით და ეხმარება უკეთ დაუმიზნოს თავისი ბალისტიკური რაკეტები ამერიკულ ხომალდებს და თვითმფრინავებს.
რასაკვირველია, რუსეთის მოკავშირე ირანის მმართველის – აიათოლა ალი ჰამენეის დაღუპვა და საერთოდ, აშშ-სა და ისრაელის რადიკალური ნაბიჯი კრემლისათვის დიდი დარტყმაა, მაგრამ… საბოლოო ჯამში, ვლადიმერ პუტინს უფრო მეტის მიღება შეუძლია, ვიდრე დაკარგა.