1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რატომ არ მოხდება საშობაო დაზავება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე – The Spectator
რატომ არ მოხდება საშობაო დაზავება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე – The Spectator

რატომ არ მოხდება საშობაო დაზავება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე – The Spectator

638
0

კრემლის არმია უკრაინის ქვანახშირის მოპოვებისა და მეტალურგიული მრეწველობის ერთ-ერთ ცენტრს – პოკროვსკს – ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება და ამჟამად რუსეთის ჯარები ქალაქიდან სულ რაღაც სამიოდე კილომეტრზე იმყოფებიან. თუ რუსები პოკროვსკს დაიკავებენ, უკრაინაში იარაღის წარმოება პრობლემატური გახდება. არის თუ არა შესაძლებელი ფრონტზე „საშობაო არდადეგების“ გამოცხადება – ცეცხლის დროებითი შეწყვეტა? სამწუხაროდ, მხარეები არ დაეთანხმნენ სამშვიდობო წინადადებას“, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ არ მოხდება საშობაო დაზავება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე“ (ავტორი – სვეტლანა მორენაცი, უკრაინელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

1914 წლის შობისწინა დღეებში, პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე, დასავლეთ ევროპაში, უცნაური მოვლენები განვითარდა: ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა სანგრებში იარაღი დააწყეს და ერთმანეთისაკენ გაემართნენ – გუშინდელმა მოწინააღმდეგეებმა  ხელი ჩამოართვეს, გადაეხვივნენ, საჩუქრები გაცვალეს, დაღუპულთა ცხედრები ბრძოლის ველიდან გაიტანეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხბურთის თამაშიც კი მოასწრეს. ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ გრძნობიერი დაზავება ომის საშინელებების ფონზე.

გასულ კვირაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეეცადა აეღორძინებინა კეთილი ნების გამოვლენის პრეცედენტები და ორივე მხარეს – რუსებს და უკრაინელებს – საშობაო სიმბოლური ცეცხლის სეწყვეტა სესთავაზა, რომლის დროსაც დაღუპულებისა და ტყვეების გაცვლა მოხდებოდა. მან დაურეკა ვლადიმერ პუტინს, მას მთელი ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა, შემდეგ კი, მოგვიანებით, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზავების წინადადება უარყოო. რა მოხდა სინამდვილეში?

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც კი გაიგო, რომ ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებოდა, უნგრელი ლიდერი სწრაფად გააკრიტიკა – „რატომ რეკავ კრემლში და ომზე, ჩემს დაუკითხვად, პუტინს ელაპარაკებიო“, თანაც საკმაოდ ირონიულად. უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სოციალური იქს-ქსელით მიმართა და დაწერა: „ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში მყოფ სირიელ დიქტატორს ბაშარ ასადს არ დაურეკავს და მას ერთსაათიან ლექციას არ წაუკითხავსო“. საერთოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ადრეც გამოუხატავს თავისი რეაქცია თავშეკავებულად და დიპლომატიურად იმ მსოფლიო ლიდერების მიმართ, რომლებიც მოსკოვში რეკავენ და ვლადიმერ პუტინს ესაუბრებიან, მაგალითად, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიმართაც, რომელიც გასულ თვეში, თავისი მშვიდობისმოყვარული იმიჯის ასამაღლებლად, ასევე ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ვიქტორ ორბანს, მასთან მიმართებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამცინავად და ირონიული კომენტარი გააკეთა, სიტყვების თქმას არ მორიდებია. ეს გასაგებიცაა, რადგან უნგრელ პრემიერ-მინისტრს უკრაინელები ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ თვლიან. კიევი თვლის, რომ სწორედ ვიქტორ ორბანი ამუხრუჭებს და ხელს უშლის ევროკავშირის დახმარებას უკრაინისადმი.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი დამცინავი მიმართვის გამო, რომელშიც სირიელი დიქტატორი უნგრეთის პრემიერთან ერთად მოიხსენია, ვიქტორ ორბანი ნაწყენი დარჩა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი წინასწარ ისე იქცევა, რომ თავისი მოქმედებით მიანიშნებს, მასთან ცეცხლის საშობაო შეწყვეტაზე ლაპარაკი ზედმეტიაო. კრემლმაც შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა და პასუხისმგებლობა უკრაინის ლიდერს დააკისრა – თითქოსდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სეეძლო იმის უარყოფა, რაც მან არ იცოდა. როგორც მისმა მრცეველმა დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, ვიქტორ ორბანს ვოლოდიმირ ზელენსკისათვის არ დაურეკავს და, შესაბამისად, დაზავების წინადადება არ განუხილავს. „უნგრეთს უკრაინისაგან ამგვარ თემაზე საუბრის ნებართვა არ აუღია. ჩვენ ნამდვილი მშვიდობა გვსურს და არა თვითრეკლამა. ჩვენ გვსურს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და არა ცარიელი სიტყვების რახა-რუხი… რაც შეეხება  დაღუპულთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლას, ამას უკრაინა უნგრეთის გარეშეც აკეთებს და ვიქტორ ორბანის შუამავლობა არ გვჭირდება“.

საერთოდ, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა საერთოდ არ ჭირდება. მან თავისი განცხადება მოსაჩვენებლად და შეცდომაში შესაყვანად გააკეთა. იგი დროს აჭიანურებს და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იპყრობს. თვითონ განსაჯეთ: მხოლოდ გასულ თვეში, ნოემბერში, რუსეთის ჯარებმა ხუთჯერ მეტი ტერიტორია დაიპყრეს (725 კბ.კმ.), ვიდრე მთლიანად 2023 წელს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – რაში ჭირდება კრემლის ტირანს დაზავება და ბრძოლების შეწყვეტა?

უკრაინის ქალაქ პოკროვსკის ბედი (დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის) ბედი ბეწვზე ჰკიდია. ამ დღეებში იქ უკვე გაითიშა გაზი, ელექტროენერგია, წყალი, დაიხურა უდიდესი ქვანახშირის მაღარო, რომელსაც უკრაინისათვის „ოქროს ფასი“ აქვს – იქ კოქსურ ქვანახშირს მოიპოვებდნენ, რომლის გარეშე მეტალურგიული მრეწველობა გაჩერდება და შესაბამისად, ფოლადის უკმარისობის გამო, შეიზღუდება მძიმე სამხედრო ტექნიკის დამზადება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მოსკოვი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კიევი „ხმელეთზე შექმნილ რეალიებს“ (ანუ ტერიტორიების ოკუპაციას) აღიარებსდა ვლადიმერ პუტინის პირობებს მიიღებს, რომელიც კრემლის ლიდერმა ივნისში განაცხადა: მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ჯარების გაყვანა ოთხი ოლქიდან, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და რუსეთის მიმართ გამოცხადებული ყველა დასავლური სანქციის გაუქმება. თუ ეს პირობები არ შესრულდება, ან თუ დონალდ ტრამპი ვერ დასვამს თავის რუს კოლეგას მოლაპარაკების მაგიდაზე, გაგრძელდება უკრაინის წინააღმდეგ ომი, რუსული რაკეტების დაბომბვები, უშუქობა და უკრაინელი ხალხის ტანჯვა – შობის დღესასწაულისა და ახალი წლის დღეებშიც… ვიქტორ ორბანი მართალია ერთ საკითხში, როცა თქვა, რომ უკრაინას  ყველაზე სახიფათო დღეები ჯერ კიდევ წინ ელოდება.

წყარო