1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში?- უცხოური პრესა
“რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში?- უცხოური პრესა

“რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში?- უცხოური პრესა

492
0

ბრიტანულ გაზეთ Middle East Eye-ში („ახლოაღმოსავლური ხედვა“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რატომ არ ჩადის რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში? პუტინი ითხოვს, რომ ანკარაში ვიზიტის დროს მას ესკორტად რუსული ავიაგამანადგურებლები ახლდნენ” (ავტორი – რაჰიფ სოილუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში ვიზიტი რამდენჯერმე გადადო. ოფიციალური პირები მიზეზად მრავალ გარემოებას ასახელებდნენ. ზოგიერთების თქმით, ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, თავს არიდებს ისეთ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებიც სსრკ-ის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, ან ახლა რუსეთის მხარდამჭერები არ არიან. უფრო ადრე ამბობდნენ იმასაც, რომ როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ისევ ვლადიმერ პუტინის ლიდერობა დადასტურდება, პრეზიდენტი ანკარას მაშინ ეწვევა და თურქ კოლეგას შეხვდებაო.

არჩევნებიც ჩატარდა, პუტინის პრეზიდენტობაც დადასტურდა, მაგრამ „ურემი ისევ იქ დგას“ – რუსეთის ლიდერი არა და არ ჩადის თურქეთში.

უჩვეულო პირობა: მხოლოდ სამხედრო ავია ესკორტით…

როგორც Middle East Eye-ს კრემლის ადმინისტრაციასთან ახლოს მდგომმა წყაროებმა შეატყობინეს, ვიზიტის მუდმივად გადადების ძირითად მიზეზად ის პირობები ითვლება, რომელთა საფუძველზეც ვლადიმერ პუტინი ანკარას უნდა ეწვიოს.

წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში რუსული ავიაგამანადგურებლების ესკორტით სურს ჩაფრენა: იმიტომ, რომ იგი შეშფოთებულია უკრაინის შესაძლებლობებით – კიევს საფრენ მარშრუტზე თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია.
მოსკოვის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტი რუსული ავიაგამანადგურებლების თანხლებით ჩაფრინდეს – მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაშვებით, საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს: ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო ერთიან სისტემას, რომელიც თურქეთსაც მოიცავს, შეუძლია რუსული სამხედრო თვითმფრინავები მტრულ სამიზნედ აღიქვას.
ამ საკითხზე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების მცოდნე ერთ-ერთი პიროვნების თქმით, საეჭვოა, რომ თურქეთმა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედება შეაჩეროს, კრემლის თხოვნის შესასრულებლად.

ბოლო სამუშაო შეხვედრაზე რუსი და თურქი ოფიციალური პირები ვლადიმერ პუტინის ვიზიტის სავარაუდო თარიღად ოქტომბრის პირველ კვირას ასახელებდნენ, მაგრამ რადგანაც მოსაგვარებელი დარჩა პრობლემა ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით, ვიზიტის რეალიზება ნაკლებად არის შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ სულ ბოლოს ვლადიმერ პუტინი თურქეთში 2014 წელს იმყოფებოდა.

რისი ეშინია ვლადიმერ პუტინს?

ორმა ყოფილმა თურქმა ელჩმა, რომლებიც ადრე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული დიპლომატიურ პროტოკოლთან უცხო სახელმწიფოების მეთაურთა ვიზიტების თაობაზე, Middle East Eye-ს უთხრეს, რომ რუსეთის მოთხოვნა ძალზე უჩვეულო იყო. „ანკარას თეორიულად შეუძლია „კეთილი ნების“ ჟესტის სახით ნება დართოს უცხო სახელმწიფოს მეთაურის ესკორტის თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე და დაშვებაზე, თუმცა მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ ვიზიტს, რომლის დროსაც უცხო ქვეყნის ლიდერებს თავისი ქვეყნის ავიაგამანადგურებლების ესკორტით ჩამოსვლა სურდათ“, – აღნიშნეს ყოფილმა თურქმა დიპლომატებმა.
მესამე ელჩმა, რომელსაც Middle East Eye-მ კომენტარისთვის მიმართა, განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით, არ არსებობს რაიმე სპეციალური პროტოკოლი, რომელიც მსგავს თხოვნას არეგულირებს, ამიტომ საკითხი განხილვის საგნად რჩება.
მაგრამ რუსეთის მოთხოვნა მხოლოდ ავიაგამანადგურებლებით არ შემოიფარგლება: რუსი ოფიციალური პირები ჩივიან, რომ სამი უდიდესი ზეთანამედროვე სასტუმრო ანკარაში – „ჰილტონი“, „შერატონი“ და „მარიოტი“ – აშშ-ის კომპანიებს ეკუთვნით, მოსკოვი კი ამერიკულ სასტუმროებს რუსეთის პრეზიდენტისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

დღის წესრიგში დგება საკითხი – უზრუნველყოფს თუ არა თურქეთის ხელისუფლება იმას, რომ ვლადიმერ პუტინს სამთავრობო სასტუმრო სახლი დაუთმოს? მსგავსი ფაქტი თურქეთის უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
ერთი შეხედვით, ღამისთევის საკითხი არავითარი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ვლადიმერ პუტინი ერთდღიანი ვიზიტით ჩაფრინდება თურქეთში, მაგრამ რადგანაც მოსკოვს და ანკარას ბევრი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი და პირადი „ტეტ-ა-ტეტ“ მოლაპარაკება აუცილებელია, ვიზიტი ორდღიანი იქნება. გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრ ქვეყანას წარმოადგენს, რუსი ოფიციალური პირები კი, ომიანობის დროს, პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

მოსკოვი-ანკარა: აღმასვლები და დაღმასვლები

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთს ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ძირითადად სტაბილურია და ეკონომიკას – ენერგეტიკას, ვაჭრობას და ტურიზმს ემყარება, მათ პოლიტიკურ კავშირებში პერიოდულად აღმასვლებიც ხდება და დაღმასვლებიც.

რამდენიმე წლის წინათ მოსკოვ-ანკარის ურთიერთობა რუსი ელჩის მკვლელობამ და სირიის ამბებმა დაძაბა, როცა თურქეთის თვითმფრინავმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მორიგი კრიზისი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განვითარდა, როცა თურქეთმა კიევისათვის იარაღის მიწოდება დაიწყო, თან ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარა. მართალია, ამის მიუხედავად, მოსკოვ-ანკარის ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდებოდა, მაგრამ აშშ-ის სანქციებმა თურქეთიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა – ანკარა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია აშშ-ის გაფრთხილება-მუქარებისათვის… შესაბამისად, ორმხრივი ვაჭრობა გარკვეულად შემცირდა. და მაინც, ორივე მხარე აცხადებს, რომ აკუიას ატომური ელექტროსადგურის გარდა, გეგმებში აქვთ კიდევ ერთი აეს-ის მშენებლობა შავი ზღვის ნაპირზე, სინოპთან ახლოს, ასევე გაზის ჰაბის მოწყობა თურქეთის დასავლეთ ნაწილში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: