1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?”-The Daily Telegraph-ი
“რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?”-The Daily Telegraph-ი

“რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?”-The Daily Telegraph-ი

520
0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?“ (ავტორი – მემფის ბერკერი). თეთრი სახლი კრემლს ჯერ თაფლაკვერს შესთავაზებს, რომ დათანხმდეს და თუ უარს იტყვის, მაშინ მათრახს გამოიყენებს. რა იგულისხმება თაფლაკვერში და რა – მათრახში?

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯიდაში გამართული მოლაპარაკების შედეგი სახეზეა – კიევი დაჰყაბულდა ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს თავიანთი პოზიციები წარუდგინონ, კრემლმა კი, მათი აზრით, დოკუმენტზე ხელი უპირობოდ უნდა მოაწეროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წინასწარ განაცხადა, რომ თუ რუსეთი ჯიდაში მიღწეულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ყველასთვის გასაგები გახდება, თუ ვინ უშლის ხელს მშვიდობის მიღწევას.

დავუშვათ, კრემლმა ხელი არ მოაწერა, რას გააკეთებს ასეთ სიტუაციაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია? ამჟამად ეს ჯერ-ჯერობით წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, ისეთი შურისმაძიებლური პირუეტის ჩადენა შეუძლია, როგორიც მას ახასიათებს – უცებ ხაზს გადაუსვამს დღემდე ნათქვამ პუტინის მაამებლურ სიტყვებს და კიევისაკენ შებრუნდება… მაგრამ რადგანაც ამერიკელ და რუს ლიდერებს რეზერვში კიდევ აქვთ სატელეფონო საუბარი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

მოდით, ვიმსჯელოთ, სავარაუდოდ რის შეთავაზება შეუძლია დონალდ ტრამპს პუტინისათვის, როცა ისინი ტელეფონით ისაუბრებენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ?

დონალდ ტრამპს აქვს რამდენიმე „ძაფი“, რომელთა მიხედვით მას სიტუაციის მართვა შეუძლია.

ა) აშშ-ის ლიდერს შეუძლია მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის „დათბობა“ გამოაცხადოს და ჩამოთვალოს, რომელი პროექტები შეიძლება განხორციელდეს 30-დღიანი დაზავების ფარგლებში. მაგალითად, რადგანაც ვლადიმერ პუტინს დიდი ხანია არ სურს თავის საზღვრებთან ახლოს, ევროპაში ნატოს ჯარების არსებობა, დონალდ ტრამპს შეუძლია გაიყვანოს ევროპიდან ამერიკული ჯარების 30-ათასიანი ამერიკული ჯარების ნაწილი, რაც მოსკოვს მეტ სივრცეს მისცემს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კრემლი თავის „უკანა ეზოდ“ თვლის.

ბ) დონალდ ტრამპს ასევე შეუძლია წამოაყენოს წინადადება თავისი პარტნიორების წინაშე, რომ რუსეთი განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო კლუბში დაბრუნდეს და „დიდი შვიდეული“ (G7) ისევ „დიდი რვიანი“ (G8) გახდეს.

გ) შესაძლოა ვლადიმერ პუტინისათვის ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტა სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, კრემლს შეუძლია თეთრ სახლთან ურთიერთობის გაუმჯობესება და თავისი მოთხოვნის რეალიზება – ნატოს არ გაფართოება. რუსეთს რომ ამ მხრივ ბიძგი მისცეს, დონალდ ტრამპს შეუძლია ვლადიმერ პუტინს არქტიკის ერთობლივი ათვისება შესთავაზოს.

დ) დონალდ ტრამპი ხშირად იმუქრება ხოლმე დამატებითი ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით, მაგრამ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“: ერთი მხრივ, რადგანაც ვაშინგტონს რუსეთის სამთო-მომპოვებელ მრეწველობაზე ზეწოლის ბერკეტები თითქმის აღარ აქვს. ერთადერთი რაც დარჩა, ენერგეტიკაა, ანუ მკაცრი სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ვთქვათ, ინდოეთისათვის, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპს შეუძლია უკვე მოქმედი რიგი სანქციები შეასუსტოს ან გააუქმოს: „დათანხმდი ცეცხლის შეწყვეტას და ჩვენ დავიწყებთ ზეწოლის შერბილებას“, – ასე შეუძლია თქვას აშშ-ის პრეზიდენტმა.

და თუ შეთავაზებაში იქნება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესყიდვის წინადადება აშშ-მიერ, რომლითაც რუსული გაზი ისევ შეიძლება ევროპას მიეწოდოს, ეს იქნება კრემლისთვის მირთმეული ლამაზი ტორტი, მასზე დადებული ბლის წითელი კუნწულით.

რასაკვირველია, კიევს და მის ევროპელ მოკავშირეებს არ ესიამოვნებათ თეთრი სახლის ასეთი „რევერანსები“ კრემლის მიმართ, მაგრამ დონალდ ტრამპს შეუძლია უპასუხოს მათ, რომ იგი „ნეიტრალური არბიტრის“ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.

და თუ არის თაფლაკვერები, მაშინ მათრახიც აშკარაა:  ამერიკას შეუძლია უკრაინას რაკეტები, თვითმფრინავები, ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა მისცეს. „ეს თქვენი შანსია და გამოიყენეთ, სხვა უკეთესი შანსი არ გექნებათ“, – თუ ვენდობით, თითქოსდა ასე უთხრა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას კერძო სატელეფონო საუბარში, რომლის სრული ოფიციალური ტექსტი არ გამოქვეყნებულა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: