“რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში”-The Spectator
„უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის მცხოვრებლებს ზამთრისათვის „საჩუქრები“ მოუმზადა – ისინი სახელმწიფოსაგან მიზნობრივ სოციალურ დახმარებას მიიღებენ… თუმცა „საჩუქარი“ ისეთი უადგილო და შეუფერებელი გამოდგა, რომ მთავრობის ამ ნაბიჯს თვითონ მოქალაქეები აკრიტიკებენ“, – წერს ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) სტატიაში სათაურით „რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში“ (ავტორი – სვეტლანა მორენაცი, უკრაინელი ჟურნალისტი). „ვოლოდიმირ ზელენსკისათვის უფრო უკეთესი იქნებოდა არა იმდენად ფულის ფანტვა, არამედ დასავლეთის დარწმუნება იმაში, თუ რატომაა აუცილებელი უკრაინის დაფინანსების გაგრძელება და მისი გაფართოება“, – აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
2019 წლის ინაუგურაციის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებები არცთუ იშვიათად, ღია პოპულიზმისა და კეთილი განზრახვების ნარევს წარმოადგენდა. მაგრამ დღეს მისი რიგი შიდაპოლიტიკური მოქმედება აღიქმება არა როგორც კეთილი ჟესტი ომის საშინელებით გაწამებული მოსახლეობისათვის, არამედ როგორც თავისი რეიტინგის გაზრდის მცდელობად.
მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა „საზამთრო მხარდაჭერა“ მოსახლეობის მიმართ: ყოველი უკრაინელი სახელმწიფოსაგან მიიღებს 1000 (ათას) გრივნას (დაახლოებით 23 დოლარს). ეს ფული შეიძლება დაიხარჯოს კომუნალური გადახდებისათვის, წამლების ან წიგნების საყიდლად ან შეიძლება მსურველმა არმიის სასარგებლოდ შეწიროს.
ეს სქემა პირველად გასული წლის დეკემბერში იქნა მოსინჯული, როცა ფული 14 მილიონზე მეტმა უკრაინელმა მიიღო. იმ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ „კეთილი ჟესტის“ მოტივაცია იმით ახსნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ სოციალურ დახმარებაში გამოვლინდა ნარჩენი ფული, რომლის კანონიერი პირდაპირი გადარიცხვა არმიისათვის შეუძლებელი იყო, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა თანხა მოქალაქეებისთვის გაენაწილებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა მიღებული ფული დრონებისა და ჯარისკაცებისათვის სამხედრო ამუნიციის საყიდლად შეეწირათ, ეს ვარიანტი მხოლოდ უკრაინელების 5%-მა გაიზიარა. მოსახლეობის უმეტესობამ ფული კომუნალური გადახდისა და საკუთარი ტელეფონებისთვის, ანუ მობილური კავშირის უზრუნველსაყოფად დახარჯა, რაც, კაცმა რომ თქვას, მოსალოდნელიც იყო – იმის გათვალისწინებით, რომ ომმა უკრაინაში ცხოვრება ძალიან გააძვირა. პრეზიდენტის იმდროინდელმა ნაბიჯმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ფულის დარიგება, რომლითაც პრეზიდენტი ისევ არის დაკავებული, საზოგადოებას ძველებურად აღელვებს. კრიტიკოსები მას საყვედურობენ, რომ ისედაც შეზღუდულ ფინანსებს იგი აქეთ-იქით ფანტავს და ქარს ატანს, იმის ნაცვლად, რომ სერიოზული დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც თანადგომა ნამდვილად ჭირდება. მათ შორის არიან თითქმის 4 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე, რომლებსაც საკუთარი სახლებისა და ქონების დატოვება მოუხდათ ფრონტის ზონებში. მთავრობა ზრდასრულ მოქალაქეებს 2 ათას გრივნას (46 დოლარს) უხდის, ბავშვებს კი 3 ათასს (დაახლოებით 70 დოლარს), რაც მიზერული რაოდენობისაა. ამჟამად უკრაინაში საშუალო ხელფასი 22 ათასი გრივნაა (530 დოლარი), ხოლო პენსია 5 ათასამდე გრივნა (119 დოლარი). რასაკვირველია, ასეთი თანხა, განსაკუთრებით მოხუცებისათვის, რომლებიც სიღატაკის ზღვარის მიღმა ცხოვრობენ, ძალზე არასაკმარისია.
როგორც ჩანს, რომ მთავრობამ მეტ-ნაკლებად კრიტიკოსების აზრი გაიზიარა; გასული წლისაგან განსხვავებით, კიევმა ერთჯერადი გადახდა შემოიღო 6500 გრივნის ოდენობით (154 დოლარი) ყველაზე გაჭირვებული და მოწყვლადი მოქალაქეებისათვის, ობლების, დევნილი ბავშვებისა და მარტოხელა მოხუცებისათვის. გარდა ამისა, პრეზიდენტმა უპრეცედენტო გულუხვობით გამოაცხადა, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ერთჯერადად უფასოდ იმგზავროს სახელმწიფო რკინიგზით 3 ათასი კილომეტრის მანძილზე (საერთოდ, უკრაინაში რკინიგზა ზარალიანია და მას სუბსიდიას სახელმწიფო აძლევს). სამომავლოდ უკრაინელი მოსწავლეები სკოლებში უფასო კვებას მიიღებენ, ხოლო 40 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები უფასო დისპანსერიზაციის უფლებას.
ფულის ამგვარი უსასრულო დარიგება მოსახლოეობისათვის ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტი მწვავე დეფიციტს განიცდის (მომავალ წელს დაგეგმილია 18 მილიარდ დოლარზე მეტი დეფიციტი). კიევი იმედოვნებდა, რომ ევროპელი მოკავშირეები უკრაინას რუსული 300 მილიარდიანი გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდს მაინც მისცემდნენ სარეპარაციო კრედიტის სახით, მაგრამ ამ განზრახვის განხორციელება დაბრკოლდა მას შემდეგ, რაც ბელგიამ უარი განაცხადა (სწორედ მის ბანკში ინახება 140 მილიარდი ევრო რუსეთის კუთვნილი 300 მილიარდიდან). ბელგიის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ თუ მოსკოვი სასამართლოში იჩივლებს, ამას ბრიუსელისთვის არასასიამოვნო იურიდიული და ფინანსური შედეგები მოჰყვება.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრები საბოლოოდ ბელგიას ვერ დაარწმუნებენ უკრაინისათვის ფულის გადარიცხვაში, მათ საკუთარი ჯიბეების მოჩხრეკვა მოუწევთ – უდავო ფაქტია, რომ კიევს საკუთარი სახსრებით ომის გაგრძელება არ შეუძლია. 2022 წელს ომის ერთი დღე უკრაინას თითქმის 132 მილიონი დოლარი უჯდებოდა, დღეს კი ეს თანხა 171 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე დანახარჯები მკვეთრად მოიმატებს: მოსკოვი აფართოებს უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვას და ფრონტზე შეტევას აძლიერებს, ანუ უკრაინის თავისუფლების ფასი ძვირი ხდება.
ვოლოდიმირ ზელენსკისათვის უკეთესი იქნება ფული კი არ დაურიგოს მოსახლეობას (რომელიც მიზერულია და მათ გაჭირვებულ მდგომარეობას არანაირად არ ამსუბუქებს), არამედ მოამზადოს დამარწმუნებელი არგუმენტები დასავლეთისათვის, თუ რატომ უნდა დახარჯონ მათ ფული უკრაინისათვის.