რადიკალების დღევანდელი ბოიკოტი, ჟრიამული იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აშანტაჟებენ სანქციებით, არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი -გივი ჩხარტიშვილი
თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებულ სანქციებს და მის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“რადიკალების დღევანდელი ბოიკოტი, ჟრიამული იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აშანტაჟებენ სანქციებით არის ერთი, დიდი სცენარის ნაწილი.
ამ სცენარის მიზანია საქართველომ უარი თქვას გამჭვირვალობის კანონზე, სუვერენიტეტზე, მშვიდობაზე, თუ არადა მოგვიწყობენ რევოლუციას.
მოდით ვნახოთ რას აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია, როდესაც იყო ხელისუფლებაში და რა მეთოდებით მართავდა ქვეყანას.
სწორედ ისეთით, როგორც რუს, ავტორიტარ მმართველებს სჩვევიათ;
მიიტაცა და დაარბია ყველა დამოუკიდებელი მედია, იმ ტელევიზიებს კი, რომლებიც ამ ტერორის მიუხედავად მაინც ბედავდნენ მართალი სიტყვის თქმას, ანტენებს და ტექნიკას ართმევდა და უზიანებდა საბაჟოზე, რომ ხელი შეეშალა მათი მაუწყებლობისთვის.
ეს არის ძალა, რომელიც განსხვავებული აზრისა და თავისუფალი სიტყვის გამო ქუჩაში ხვრეტდა, აპატიმრებდა, ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით ასამართლებდა, აწამებდა ადამიანებს.
ამ დროს კი რუსეთს ჩააბარა კოდორი, დაკარგა კონტროლი ორასამდე ქართულ სოფელზე და მთლიანად ახალგორზე.
ამ ხელისუფლების ლიდერმა და წაგებული ომის მთავარსარდალმა კი, აგვისტოს ომიდან 2 წელიწადში მხარი დაუჭირა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპანტ ქვეყანასთან და თავად ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის გამშვებ პუნქტზე.
ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი გადაულოცა რუსულ კომპანიებს და გვიმტკიცებდა ფულს სუნი არ აქვსო.
მეორე მხარეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობით არჩეული ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე, მიღწია ასოცირების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, რომლის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
იმის მიუხედავად, რომ ეს რუსული ძალა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, არ მოვერიდები ამ სიტყვას – ქვეყნის მტრები, დადიან ევროპარლამენტში, ამერიკაში კაბინეტ-კაბინეტ, ითხოვდნენ საკუთარი სამშობლოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი, ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ უვიზო რეჟიმის შეჩერებას სანქციების დაწესებას, ამისთვის ქირაობენ ლობისტებს, ხარჯავენ მილიონებს. მილიონებს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ქართველი ხალხის, ქართული ბიზნესის, ინვესტორების ძარცვა-რეკეტით იშოვეს.
ნათლად ჩანს თუ ვინ ატარებს რუსულ ინტერესებს!”, – წერს გივი ჩხარტიშვილი.