რაც ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს – ანდრია ჯაღმაიძე
ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს , – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს.
„რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას.
ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.
დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი – ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, “ხალხის მტრებად” გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.
დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.
ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.
სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!“, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.