1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა დახმარებას იღებს და რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ამერიკისგან? – Voice of America
რა დახმარებას იღებს და რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ამერიკისგან? – Voice of America

რა დახმარებას იღებს და რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ამერიკისგან? – Voice of America

190
0

აშშ-ის რადიო Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა დახმარებას იღებს და რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ ამერიკისგან?“, რომელშიც მოცემულია აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო, ფინანსური და მატერიალური დახმარების მიმოხილვა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ და ბევრის წარმოდგენის საპირისპიროდ, კიევი დღეს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერია. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობაზე, სიმამაცესა და თავისუფლების სურვილზე. ანალიტიკურ წრეებში კი სულ უფრო ხაზგასმით ამბობენ, რომ რუსული ჯარის სიძლიერის შესახებ წარმოდგენები უსაფუძვლო იყო.

იყო თუ არა გადაჭარბებული წარმოდგენა რუსული ჯარის შესახებ – ამაზე ჯერაც კამათობენ, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში, ომის თითოეულ ფაზაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი ნამდვილად განიცადა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი უკრაინელთა სიმამაცე და დასავლური, თანამედროვე შეიარაღებაა.

ბოლო ერთი წელია ამერიკის ლიდერობით, მსოფლიოს 54 ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას – რუსეთის წინააღმდეგ. მხარდაჭერა მოიცავს, ეკონომიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ ასპექტებს, თუმცა ყველაზე მთავარი შეიარაღებაა.

ათობით მილიარდი დოლარის თანამედროვე შეიარაღება უკვე უკრაინაშია, მათ შორის: 1 000-ზე მეტი ტანკი და სამხედრო ავტომობილი; 800-ზე მეტი საარტილერიო სისტემა; 2 მილიონი ამუნიცია; 50-ზე მეტი სარაკეტო სისტემა და ბევრი სხვა რამ.

დასავლეთში ამბობენ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება და იარაღს უკრაინას მანამ მიაწვდიან „სანამ ეს საჭირო იქნება“.

54 ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება უკრაინას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა, მთლიანი თანხის რაოდენობამ ერთ წელში 30 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

იმისათვის, რომ უკრაინამ საჭირო იარაღი დროულად მიიღოს ამისთვის ვაშინგტონი დაფინანსების სხვადასხვა წყაროს იყენებს. მათ შორის: „უსაფრთხოების დახმარებას“. რომელსაც კონგრესი ამტკიცებს, ხელს კი პრეზიდენტი აწერს; პენტაგონის ბიუჯეტს/მარაგებს – გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი;

გრანტები და სესხები

სტატისტიკური მონაცემები, რომელთაც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი აქვეყნებს, აჩვენებს, რომ კიევი ვაშინგტონისგან ყველაზე მეტ შეიარაღებას „უსაფრთხოების დახმარების“ კატეგორიაში იღებს. ომის დაწყებიდან 365 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 32 განკარგულებას მოაწერა ხელი.

„ერთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ უკრაინაში 30 მილიარდი დოლარის დახმარებას გავგზავნიდით, არ დავიჯერებდი”, – ამბობს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. მას ასევე ვკითხეთ რამდენად სწრაფად ხდება პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება: “როდესაც პრეზიდენტი დახმარების პაკეტს ხელს აწერს, უკრაინაში შეიარაღება რამდენიმე დღეში ჩადის”, – ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ ათობით მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება უკვე უკრაინაშია, კიევი და სამხედრო ანალიტიკოსები ხშირად საყვედურობენ დასავლეთს იარაღის მიწოდების დაყოვნების გამო.

კითხვა ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქციის ჟურნალისტმა, იულია იარმოლენკომ თავდაცვის დეპარტამენტში დასვა. პენტაგონში პასუხად ამბობენ, რომ თანხის რაოდენობა შეზღუდულია და ერთიანად მისი დამტკიცება არ ხდება. სწორედ ამიტომ ხდება ფრონტის ხაზზე არსებული სურათის დეტალური შესწავლა, პრიორიტეტების განსაზღვრა და დახმარების ახალი პაკეტის შემუშავება.

„ომის თითოეულ ეტაპზე ჩვენ ვცდილობდით უკრაინისთვის მიგვეწოდებინა ისეთი ტიპის შეიარაღება, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში“, – ამბობს პენტაგონის მაღალჩინოსანი.

პირველი ფაზა – ბრძოლა კიევისთვის

კრემლის მთავარი მიზანი კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა იყო, თუმცა რამდენიმეკვირიანმა შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. კოლინ კალი ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორად შერჩეული იარაღი იყო.

„რატომ არ მივეცით უკრაინას “პატრიოტები” პირველივე დღეს? – ერთი სისტემა ერთი მილიარდი დოლარი ღირს. ასევე მის გამოსაყენებლად საჭიროა სულ ცოტა, 12-კვირიანი სწავლება. ის ძლიერი სისტემაა, თუმცა მისი დახმარებით მხოლოდ ერთი ადგილის დაცვაა შესაძლებელი. ამიტომ პრიორიტეტი მიენიჭა ანტისატანკო სისტემებს, რამაც საშუალება მისცა უკრაინელებს, დაემარცხებინათ რუსები კიევისთვის ბრძოლაში“, – ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალი.

ომის პირველ ეტაპზე უკრაინამ ამერიკისგან “სტინგერის” 1 600 ერთეული საზენიტო სისტემა მიიღო, 8 500 “ჯაველინი”, 700-ზე მეტი ტაქტიკური საჰაერო სისტემა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შეიარაღება. სწორედ ამ სისტემებით, შესაბამისი სტრატეგიითა და უკრაინელთა შემართებით კიევისთვის ბრძოლაში რუსეთი დამარცხდა. სწორედ ამის გამო კოლინ კალი დღეს ამბობს: „არ ვიცი, როგორი იქნება ომის საბოლოო შედეგი, მაგრამ თავისი სტრატეგიული მიზნების კუთხით, პუტინი უკვე დამარცხებულია“.

ბრძოლის პირველ ფაზაში დამარცხება კრემლს არ უღიარებია, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა. კიევის ოლქიდან ჯარები ბელარუსში დააბრუნა და ახალი შეტევა აღმოსავლეთის ფლანგზე დაიწყო. რუსულმა ჯარმა რამდენიმეთვიანი ალყისა და იერიშების შედეგად აიღო საპორტო ქალაქი მარიუპოლი და კიდევ რამდენიმე დიდი უკრაინული ქალაქი.

მეორე ფაზა – აღმოსავლეთის ფლანგი

„როცა ფრონტი აღმოსავლეთით გადავიდა, [იქაურობა] იქცა საარტილერიო დუელად. სწორედ ამიტომ ჩვენ უფრო მეტი აქცენტი “ჰაუბიცებზე” და “ჰაიმარსებზე” გავაკეთეთ“, – ამბობს კალი და განმარტავს, რომ საარტილერიო და სარაკეტო სისტემები ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – მაშინ, როცა კიევი საჰაერო თავდაცვით იარაღს ითხოვდა.

თუ ზაფხულის დასაწყისში ფრონტზე რუსეთი დაწინაურდა და რამდენიმე დიდი ქალაქი აიღო, ზაფხულის ბოლოს ფრონტის ხაზზე “ჰაიმარსები” გამოჩნდა. თავდაპირველად ორი, მოგვიანებით – კიდევ ორი. დაიწყო კონტრშეტევაც, რა დროსაც კიევმა უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქზე, ხარკივზე კონტროლი დაიბრუნა.

ომის მეორე ფაზიდან დღემდე უკრაინამ ამერიკისგან სულ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვით 150 -ზე მეტი “ჰაუბიცა” მიიღო. ამერიკიდან უკრაინაში გაიგზავნა 8 “ჰაიმარსი”, საჭირო ამუნიციით. უკრაინამ მიიღო ვერტმფრენები, სარადარო სისტემები, ტყვიამფრქვევები ნაღმტყორცნები და დამატებით, ტაქტიკური მანქანებიც.

რაც უფრო იზრდებოდა შეიარაღება, მით უფრო სწრაფად ახერხებდა უკრაინა ფრონტის ხაზზე დინამიკის შეცვლას. შემოდგომაზე კიევმა ხერსონზეც აღადგინა კონტროლი. კრემლს არც ეს მარცხი უღიარებია. მოსკოვის ტაქტიკა კვლავ შეიცვალა.

მესამე ფაზა – ენერგოობიექტების დაბომბვა

„შემოდგომა-ზამთრის პერიოდში პრიორიტეტი მიენიჭა საჰაერო თავდაცვას. რადგან რუსეთმა დაიწყო იერიშების მიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, – ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალი. თუმცა მის პოზიციას ანალიტიკოსთა ნაწილი არ იზიარებს, მათ მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონისა და მოკავშირეების რეაგირება დაგვიანებული იყო.

მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, სწორედ ომის ამ ეტაპზე მიიღო უკრაინამ დასავლეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის: 1 “პატრიოტის” სისტემა, 8 “ნასამსი”, 12 “ევენჯერი” და ბევრი სხვა იარაღი თუ მისთვის საჭირო ამუნიცია.

„ბახმუტიზაცია“

ზამთრის განმავლობაში ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. “ბოლო ორი თვის განმავლობაში კონფლიქტის „ბახმუტიზაციას“ ვუყურებთ”, – ამბობს, პენტაგონის მაღალჩინოსანი და განმარტავს, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს.

„რასაც რუსეთი აკეთებს, არის ის, რომ პრობლემას ბევრ ადამიანს სწირავს. ჩვენ ამას ვეძახით კონფლიქტის „ბახმუტიზაციას“, სადაც ისინი ფაქტობრივად ყოველდღე ასობით სიცოცხლეს კარგავენ. მთავარი ის კი არ არის, რომ უკრაინელებმა რუსებს ბრძოლის იგივე ფორმით უპასუხონ. არამედ იბრძოლონ განსხვავებულად და შეცვალონ დინამიკა ფრონტის ხაზზე. მე ვფიქრობ, მათ ამაში დაეხმარებათ ტანკები, რომელზეც ახლა ბევრი ჩვენგანია ორიენტირებული”, – ამბობს კოლინ კალი, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბრის დროს.

მეოთხე ფაზა – „ჯავშანტრანსპორტიორები“

სწორედ ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკებია ის, რაზეც ზამთრის ბოლოს ამერიკამ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა აქცენტი გააკეთეს. ახალი შეტევის დაწყებას კიევი გაზაფხულზე გეგმავს, ამ დროისთვის უკრაინაში უკვე იქნება გერმანული “ლეოპარდებიც”.

ვაშინგტონმა ამ ზამთრის განმავლობაში უკრაინისთვის შემდეგი ჯავშანტექნიკის მიცემა გადაწყვიტა: 109 “ბრედლის” ტიპის ტანკი; 90 “სტრაიკერსი”; 31 “აბრამსის” ტიპის ტანკი; 109 სამედიცინო ჯავშანტრანსპორტიორი; 580 მინი ჯავშანტრანსპორტიორი და ბევრი სხვა – იქნება ეს ამუნიცია, სატელეკომუნიკაციო საშუალებები, სატელიტური მოწყობილობები, ღამის ხედვის საშუალებები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები თუ სხვა.

ახლა კიევი ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-16-ებს ითხოვს. კოლინ კალი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბაიდენის ადმინისტრაციას თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

“ჩვენ უნდა დავიწყოთ მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების კუთხით უკრაინელი მფრინავების მომზადება. მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ან ნატო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ახლავე მიაწოდოს ეს შეიარაღება უკრაინას თუ – არა”, – ამბობს ამერიკელი კონგრესმენი ტედ ლიუ.

უკრაინა ასევე დიდი ხანია ითხოვს ე.წ. “ატაკამებს” – ტაქტიკურ მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო სისტემას. მისი რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება “ჰაიმარსების” რადიუსს. იქნება თუ არა დახმარების პაკეტში ATACMS-ები – პენტაგონის მაღალჩინოსანი ამბობს:

“ATACMS- (“ატაკამსები”) არის სისტემა, რომელიც საჭიროა მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილზე. და ისინი შეუზღუდავი რაოდენობის არ არის. ამიტომ ახლა ჩვენ ვართ ფოკუსირებულები დავეხმაროთ უკრაინას გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები უფრო ეფექტიანად”, – ამბობს კოლინ კალი.

F-16-ების უკრაინისთვის გადაცემაზე ბაიდენის ადმინისტრაცია დუმს. ავიამოიერიშეების უკრაინისთვის გადაცემაზე ფიქრობს დიდი ბრიტანეთიც. თუმცა არც ლონდონი ჩქარობს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ავიაგამანადგურებლების შესახებ გადაწყვეტილება დროულად უნდა იქნას მიღებული, რადგან დასავლური ტიპის თანამედროვე საფრენი აპარატების მართვის გამოცდილება უკრაინელ პილოტებს არ აქვთ და მათ ამისთვის დრო დასჭირდებათ.

დასავლეთში შეიარაღების ახალ პაკეტზე მუშაობენ, პარალელურად კი კიევი ახალი შეტევისთვის ემზადება. ბრძოლა გრძელდება, სანამ უკრაინის ტერიტორიას ყველა რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს, ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. თეთრი სახლი, კონგრესი და პენტაგონი კი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ.

წყარო