
“ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის”- ჯონდი ბაღათურია
„ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის და, მადლობა ღმერთს, არანაირი რეპუტაციული რესურსი არ გააჩნია, რომ სერიოზული სახალხო მღელვარება გამოიწვიოს“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ჯორჯიან თაიმსი“ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას? თქვენი აზრით, რა არის ქვეყნის შიგნით არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს?
– ძველი მსოფლიო წესრიგი ჩამოიშალა და ახალი ჯერ არ შექმნილა. ამის გამო მთელი მსოფლიო და, რა თქმა უნდა, საქართველოც „ტურბულენტობის“ ზონაში იმყოფება. ვითარებას ამძაფრებს ჩვენი გეოპოლიტიკური უპირატესობით მაღალი ხარისხის დაინტერესება სუპერსახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ საქართველო გზაგასაყარზეა, არჩევანის წინაშე დგას: ერთის მხრივ ძველი, მომაკვდავი ლიბერალური იდეოლოგიური ფანატიზმით შეპყრობილი ევროკავშირი, ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ – „შეჩვეული ჭირი“, რომლის გადარჩენაც თეორიულად შესაძლებელია, თუმცა არ ჰყავს ლიდერი, რომელსაც ამის გაკეთების გონება და გამბედაობა აქვს. მეორეს მხრივ – ახალი სამყარო, „გლობალური უმრავლესობა“, კონსერვატიული, მზარდი ეკონომიკით და უახლესი ტექნოლოგიებით, თუმცა ახალია და ყველასთვის გასაგები შესაძლოა ჯერ არ ჩანს. აი ასეთ საინტერესო, რთულ, მაგრამ დიდი პერსპექტივების წინაშე ვართ.“
რა გავლენას ახდენს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება ქვეყნის განვითარებაზე?არის თუ არა შესაძლებელი კონსტრუქციული კომპრომისი?
– „ქვეყნის განვითარებას აფერხებს ოპოზიციის არარსებობა. ეს ქუჩაში მოწანწალე ბრბო ოპოზიცია არ არის და, მადლობა ღმერთს, არანაირი რეპუტაციული რესურსი არ გააჩნია, რომ სერიოზული სახალხო მღელვარება გამოიწვიოს.“
ეკონომიკური გამოწვევები – ინფლაცია, ფასების ზრდა და მზარდი ემიგრაცია – რა პოლიტიკურ და სტრუქტურულ ცვლილებებს საჭიროებს ქვეყანა ამ პრობლემების გადასაჭრელად?
– „ფასების ზრდას იწვევს „მოთხოვნის“, ანუ მომხმარებლის ზრდა, როცა „მიწოდების“, ანუ წარმოების ზრდა არ ხდება. მოთხოვნის ზრდა განაპირობა ვიზიტორების მატებამ, რაც კარგია, და უკანონო მიგრაციამ, რაც უკვე სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება და შეგვიძლია ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, რომლის ხერხემალი სოფლის მეურნეობა უნდა იყოს.
როგორ ხედავთ საქართველოს საგარეო კურსს – ევროკავშირი და დასავლეთი, რეგიონული თანამშრომლობა თუ მრავალმხრივი ბალანსის შენარჩუნება?
– „ევროკავშირმა ამ ფორმით თავისი თავი ამოწურა და ახლა თვითგანადგურებით არის დაკავებული. ჩვენს წინაშეა უზარმაზარი პერსპექტივები, გრანდიოზული რეგიონული პროექტები და ამის განხორციელებისთვის გვექნება ხელშეწყობა ამ პროექტებით დაინტერესებული სახელმწიფოებისგან. მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ჩვენი ნეიტრალური, არა მილიტარიზებული პოზიცია. აი ასეთი არჩევანის წინაშე ვართ.“
როგორ აფასებთ რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივებს? რა საფრთხეები და შესაძლებლობები იკვეთება ამ კონტექსტში?
– „აუცილებლად მიმაჩნია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ამისთვის ახლა უაღრესად ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, ამიტომ დროულად უნდა ვისარგებლოთ. დღეს რუსეთი დაინტერესებულია ამ ტიპის დიალოგით და თანამშრომლობით. ასევე რუსეთი, თავის პარტნიორ ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად, უფრო ხელსაყრელ ურთიერთობებს გვთავაზობს – თანაც ცხოვრების წესის კარნახისა და ჭკუის სწავლების გარეშე.“
რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ პოლიტიკაში?
– საქართველოს საკვანძო ფუნქცია ექნება ორი სამყაროს ეკონომიკურ დაკავშირებაში. ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ ურთიერთობების ერთგვარ „ხაბად“ გადავიქცეთ. ამის არგამოყენება ისტორიული დანაშაული იქნება და აშკარად ჩანს, რომ საქართველო ახლა ამას ცდილობს”.
ესაუბრა ნინო მდივანი