ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების, კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას -ირაკლი კობახიძე
მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგადად, IT სფერო არის ძალიან სწრაფად მზარდი საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და აღნიშნულ სფეროს დამატებითი წახალისება, სტიმულირება სჭირდება.
„მიხარია, რომ დღეს უკვე წარმოვადგენთ მეორე პროექტს, რომელიც დაიწყება ქუთაისში. პირველი პროექტი უკავშირდებოდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ეს პროექტი არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის, ამ რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ქუთაისზე ზრუნვა იქნება ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი, მივიღეთ გადაწყვეტილება ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, საგანგებოდ 40 მლნ ლარით გაიზრდება მომავალი წლიდან ქუთაისის ბიუჯეტი. ასევე ჩვენ დავაანონსეთ, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთასორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების რაოდენობამ უნდა მიაღწიოს 20 000 სტუდენტს და უნდა გადააჭარბოს ამ მაჩვენებელს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პროექტის წარმატებით განხორციელება პირდაპირაა დაკავშირებული იმ პროექტთან, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება და აქ წარმოდგენილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები. მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. ზოგადად, IT სფერო არის ძალიან სწრაფად მზარდი ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამატებით გვჭირდება ამ სფეროს წახალისება, სტიმულირება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო IT-სკოლებს, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორებს და ინკუბატორებს.
„აქ განთავსდება ხელოვნური ინტელექტის ე.წ. ექსელენს-ცენტრი და წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის არა მხოლოდ ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განსავითარებლად, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებული ინტერესების გამოვლენისა და რეალიზებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.