” ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები”- ჯოზეფ ბორელი
ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.
„ჩემი გზავნილია, რომ ეს არის მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, კითხვაზე, საქართველო როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიენიჭება თუ არა კანდიდატის სტატუსი, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.
„ზუსტად ასეა. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.