
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.
მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში იმართება.
კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
„ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადითაა წარდგენილი. კალაძე დედაქალაქის მერად პირველად – 2017 წელს, მეორე ვადით კი 2021 წელს აირჩიეს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.