1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს”-BBC
“ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს”-BBC

“ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს”-BBC

1.84K
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბიბისი”(BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართული ოპოზიციის ლიდერი, რომელიც სცემეს, მმართველ პარტიას ადანაშაულებს” (ავტორი – პოლ კირბი), რომელშიც მიმოხილულია საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური სიტუაცია – დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ბრიტანული მედიასაშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან გიორგი გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტი: როგორც იგი აცხადებს, ბათუმში, შავიზღვისპირა ქალაქში ყოფნის დროს, სასტუმრო „შერატონის“ ვესტიბიულში მას თავს დაესხნენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – გაუტეხეს ცხვირი და მიიღო ტვინის მცირე შერყევა. მართალია, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ინციდენტი აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება:  გიორგი გახარიას პარტიის აზრით, თავდასხმა „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და ოპოზიციის დაშინებას ემსახურება. 

ინციდენტს გამოეხმაურა ევროპის კომისია, რომლის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას ცემაში მმართველი პარტიის წევრების მონაწილეობა შოკისმომგვრელ ფაქტს წარმოადგენს. 

მისი თქმით, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ძალადობა ან დაუსჯელობა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თვითონ გიორგი გახარია დაადანაშაულეს იმაში, რომ ურთიერთ შეტაკება, ვიდეოკადრების თანახმად, სწორედ მან გამოიწვია: ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა – ოპოზიციის მოქმედების პროგრამის საფუძველს სიცრუე და მზაკვრობა წარმოადგენსო.

საინტერესო ფაქტია, რომ გიორგი გახარია ადრე „ქართული ოცნების“ წამყვან პოლიტიკოსს წარმოადგენდა, 2021 წლამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა. მოგვიანებით იგი თანამდებობიდან გადადგა და შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც, კიდევ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არჩევნების შედეგად პარლამენტში სადეპუტატო  ადგილები მიიღო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, იგი შეუერთდა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის აზრით, რადგან არჩევნები გაყალბდა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

აღსანიშნავია, რომ იმავე ქალაქ ბათუმში კიდევ ერთი ფიზიკური ძალადობა მოხდა – თავს დაესხნენ ზვიად ქორიძესაც, ჟურნალისტს და ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს. იგი ბათუმში ჩასული იყო ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელთან დაპირისპირებას უკავშირდება: კამათის დროს მზია ამაღლობელმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სილა სტკიცა, რის შედეგადაც მზია ამაღლობელი დააკავეს.

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა დაგმო გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა და მთავრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა. მან დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ფიზიკური დაპირისპირებები.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია: ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური რყევა შეინიშნება – მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ხდება შეტაკებები როგორც ოპოზიციასა და პოლიციას შორის, ასევე ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრე მოქალაქეებს შორის.

საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღიურად იმართება: მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში, ევროპული კურსიდან გადახრაში და რუსეთთან – ოკუპანტ სახელმწიფოსთან – ურთიერთობის დათბობაში, ოპოზიცია მოითხოვს განმეორებით არჩევნებს, დაკავებულების გათავისუფლებას და ევროპული კურსის აღდგენას. 15 იანვარს ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ სამსაათიან საპროტესტო გაფიცვაში მონაწილეობა მიიღეს ასობით დაწესებულებისა და კომპანიების თანამშრომლებმა.

პუბლიკაციაში გადმოცემულია დასავლეთის, კერძოდ, ევროკავშირისა და აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებით:

„ევროკავშირი და აშშ ქვეყნის მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში და პრორუსული კურსის გატარებაში ამხელენ და ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები არათავისუფალ და არასამართლიანად ჩათვალა და საქართველოს ხელისუფლებას განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა ქვეყნის მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში დაადანაშაულა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: