1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს – The Hill
ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს – The Hill

ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს – The Hill

658
0

აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ის (The Hill) 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს“ (ავტორები – იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული სავიზო და ფინანსური სანქციები, როგორც ჩანს, არაეფექტური აღმოჩნდა – იმიტომ, რომ ისინი არ შეეხო ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ანტიდასავლური და პრორუსული კურსის გატარებაში – ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამას წინათ შემოღებული ანტიქართული სანქციები, ადრინდელებთან ერთად (კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო) სრულიად ბუნებრივი და დასაბუთებული იყო, მაგრამ მათი გაღრმავება არ მომხდარა. არადა, შეერთებულმა შტატებმა ნათლად და მკაფიოდ უნდა აჩვენოს საქართველოს, რომ ვაშინგტონი ყველა ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ, თუ მთავრობა იმ გზით სიარულს გააგრძელებს, რომელსაც ქართველი ხალხისათვის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისათვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.
ბიძინა ივანიშვილი თავისი ქონება რუსეთში ბიზნეს-საქმიანობით დააგროვა, სანამ იგი საქართველოში დაბრუნდებოდა და თავის მიერ შექმნილ პარტიას 2012 წელს გამართულ არჩევნებში გაამარჯვებინებდა და ხელისუფლებაში მიიყვანდა. იმ დროიდან მოყოლებული (ერთი წლის გამოტოვებით) ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც, რაიმე ოფიციალური თანამდებობის არქონის მიუხედავად, ხელისუფლებით სარგებლობს და ბრძანებებს გასცემს. იგი ისწრაფვის რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა გააუმჯობესოს და ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ასევე აღდგენილია პირდაპირი ავიამიმოსვლაც, რის შედეგადაც საქართველოს ასი ათასობით რუსი სტუმრობს, ხოლო ორმხრივი ვაჭრობა ფართოვდება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კანონმდებლობაც რუსულ სტილზე გადაიყვანა – ისეთ სამართლებრივ აქტებს იღებს, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ რუსეთში მოქმედ კანონებს (მაგალითად, უცხოური აგენტების შესახებ, ერთსქესიან ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვის თაობაზე, ტრანსგენდერების მკურნალობასთან დაკავშირებით და ა.შ.). ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა წინა ხელისუფლების მიმართ და ამას წინათ განაცხადა, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტის (ამჟამად კი პოლიტპატიმრის) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას მიუძღვის ბრალი 2008 წლის სისხლისმღვრელი ომის დაწყებაში, რაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა და არა რუსეთს.
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს მოხდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი მხურვალე გამოსვლები იმას მოასწავებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში [ოპოზიციის მიმართ] საშინელი ანტიდემოკრატიული ზომები განხორციელდება, ასევე გატარდება ანტიდასავლური პოლიტიკა. მისი მტკიცებით, ქართულ ოპოზიციას აშშ და ევროპა (ანუ „გლობალური ომის პარტია“) აფინანსებს – მიხეილ სააკაშვილის „უგუნური და სადისტური რეჟიმის“ აღდგენისა და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია შეეცდება ასეთი მოვლენები „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აიცილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მან არჩევნების შედეგებით მანიპულირება დაიწყოს. იგი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლურ ოპოზიციას, ანუ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ნიურნბერგის პროცესს“ მოუწყობს და მათ ისეთ მკაცრ სამართლებრივ-პოლიტიკურ სასჯელს გამოუტანს, როგორსაც „მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი იმსახურებს“. „ქართული ოცნება“ ოფიციალურად აცხადებს (პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახით), რომ მას პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ხილვა არ სურს.

„ქართული ოცნება“ ამჟამად ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს. აცხადებს რა რეპრესიებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო ორგანიზაციების) მიმართ სამომავლო რეპრესიებს, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად ანტიდასავლურ რეჟიმს ამყარებენ, რომელიც პროდასავლურად განწყობილ მოსახლეობას მართავს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრას, რომ თუ იგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს თავის სასარგებლოდ ან თუ ოპოზიციის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიიღებს, ის და მისი მილიარდები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მძიმე სანქციების ქვეშ მოექცევა.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უფრო ადრე – რამდენიმე თვის წინ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მილიარდერი და მისი მარიონეტები მთავრობაში და პარლამენტში აშშ-ის ელჩისა და კონგრესის წევრების მიმართ მკვეთრი რიტორიკით გამოვიდნენ. ჩვენ საქართველოს მმართველი პარტია უნდა დავარწმუნოთ, რომ თუ ის არჩევნების შედეგების შეცვლა-გაყალბების მიზნით თავის შენიღბულ განზრახვას შეასრულებს, შემდეგ კი ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს განახორციელებს და საქართველოს ანტიდასავლურ დიქტატურად გადააქცევს, ჩვენ შევეცდებით ხელი შევუშალოთ ასეთ ნაბიჯებს და მათ მიმართ მკაცრ პერსონალურ სანქციებს შემოვიღებთ.

გარდა ამისა, იმის ფონზე, რომ სულ უფრო მატულობს ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე და შეშფოთება – შესაძლოა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ფხიზლად უნდა იყვნენ: მათ უნდა დააფიქსირონ გაყალბების მცდელობის ყოველი ფაქტი. თავის მხრივ, აშშ და მისი მოკავშირეები მკაცრად უნდა გამოვიდნენ ფალსიფიცირებული არჩევნების ლეგიტიმიზაციის წინააღმდეგ.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნება“ ხმების უმეტესობას მიიღებს, თუმცა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული „ქართული ოცნების“ მარცხი. ასევე გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველი ხალხი ისევ პროევროპულად, პროამერიკულად და დემოკრატიულად არის განწყობილი. ამრიგად, საქართველო, ოდესღაც ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, დასავლეთის პარტნიორი, ამჟამად პრობლემად არის გადაქცეული. თუმცა ამერიკას და ევროპას, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა და ინტერესი აქვთ, თავიანთი მიზნების განხორციელების პირობებში, სიტუაციის გამოსწორება შეუძლიათ.

ამჟამად ქართველი ხალხის გადარჩენა იმ პრორუსული ავტორიტარული სამომავლო რეჟიმისაგან, რომელსაც ქვეყანას ოლიგარქი უმზადებს, მხოლოდ მიზანმიმართული მტკივნეული სანქციების შემოღების მუქარითაა შესაძლებელი.

წყარო