1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს -“მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში
ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს -“მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში

ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს -“მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში

242
0

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც, მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.

ანგარიშში ჩამოთვლილია შვიდი ქმედება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოს არჩევნების წინ; მათ შორისაა: ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, აშშ-ის კონგრესში „ქართული ოცნების“ მთავრობის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებისთვის კანონმდებლობის წინ წაწევა, აშშ-ის მთავრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადი და ფინანსური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა, მედიის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირმა შეიძლება, განიხილოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველებისთვის. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად უთხრა მისიას, რომ ეს ქმედება რეალურად აჩვენებდა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა უნდა დაუჭირონ მხარი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეასრულონ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, ხოლო „აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიუკერძოებელი დაკვირვების შეზღუდვისა და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმის ფონზე“.

ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.

დოკუმენტის მიხედვით, „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნების შემდგომ პერიოდში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა, „ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად, დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელ ფაქტორად“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, რომ ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

წყარო