1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული – ტრამპი
პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული – ტრამპი

პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული – ტრამპი

128
0

„ვლადიმერ პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული“, – განაცხადა 11 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა თავისი კარგი ურთიერთობები რუს კოლეგასთან და იმედი გამოხატა, რომ სამიტი ნაყოფიერი იქნება. პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნებულია თეთრი სახლის (The White House) ვებ-გვერდზე სათაურით „მალე დავიწყებთ“.

გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან:

– თქვენ ახსენეთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან  შეხვედრა, რომელიც ალასკაზეა დაგეგმილი. გთხოვთ გვითხრათ, რას ელოდებით სამიტისაგან და მიიწვევთ თუ არა შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის?

– თქვენ, რასაკვირველია, უნდა გესმოდეთ, რომ ეს კონფლიქტი არ დაიწყებოდა და საერთოდ არ მოხდებოდა, მე რომ იმ დროს პრეზიდენტი ვყოფილიყავი. [პუტინი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ჩვენთან ურთიერთობებს], ჩვენ ერთმანეთთან კარგად ვიყავით. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს [რუსებს მიეცათ] ტერიტორიების გაკონტროლების შესაძლებლობა. ბარაკ ობამას დროს მათ დაიწყეს ამ შესაძლებლობის გამოყენება [უკრაინაში] და დიდი ტერიტორიები დაიკავეს, ხოლო ჯო ბაიდენის დროს მათ პრაქტიკულად ყველაფერი დაიპყრეს. ახლა ეს დროის საკითხს წარმოადგენს.

და იცით, რა დაიპყრეს [რუსებმა] ტრამპის დროს? არაფერი. მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა მილსადენის მშენებლობის დასრულება, რომელიც იმ დროს სანახევროდ იყო აშენებული. ჰოდა, მე რომ პრეზიდენტი გავხდი [პირველი ვადით], მისი მშენებლობა შევაჩერე. მილსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ერქვა. თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ ამის შესახებ. ანუ მე გავაჩერე მსოფლიოში უდიდესი გაზსადენის მშენებლობა.

მე რუსეთის მეგობარი არ ვიყავი, მაგრამ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. და არამარტო რუსეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს წელში მოხრას და დამორჩილებას. შემდეგ მოვიდა ჯო ბაიდენი და მისმა ადმინისტრაციამ გაზსადენის მშენებლობა მოიწონა. მე ამის დაჯერება არ მინდოდა. შემდეგ მათ [ბაიდენის გუნდის წევრებმა] ისიც თქვეს, „ტრამპი რუსეთის მიმართ მკაცრი არ იყოო“. მე ყოველთვის მკაცრი ვიყავი. ვიმეორებ: მე გავაჩერე უდიდესი ეკონომიკური და ათასობით სამუშაო ადგილის მქონე პროექტი. და ეს დაბალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი [ბაიდენი] მოვიდა და მათ მილსადენის მშენებლობის დასრულების ნება მისცა ევროპისათვის რუსული გაზისა და ნავთობის მისაწოდებლად….

ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრა სინამდვილეში სასინჯ შეხვედრას წარმოადგენს. პრეზიდენტმა პუტინმა შეხვედრა შემომთავაზა. მას სურს, რომ შემხვდეს და ახლა მე მისი მჯერა. ამის შესახებ ადრე რამდენჯერმე უკვე ვთქვი, თუმცა იმ დროს იმედგაცრუებული დავრჩი. ჩვენ კარგად ვსაუბრობდით ერთმანეთთან, მაგრამ როცა საუბარს ვამთავრებდით, რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებს ეცემოდა და ათობით ადამიანი იღუპებოდა.. მე მაშინ პუტინს ვუთხარი, რომ ეს ულმობელი მოქმედებაა და რომ რუსები დაუნდობლად მოქმედებენ. ახლაც ყოველდღიურად იღუპება 5-6 ათასი ადამიანი. დიახ, ეს ჩვენიანები – ამერიკელები არ არიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან, მაგრამ რაკეტებით არავინ არ უნდა დაიღუპოს. ისინი ხომ ახალგაზრდა ჯარისკაცები არიან. უკრაინელი ჯარისკაცების ასაკი მატულობს, ახლა ჯარში უკვე 60-წლიანებს იწვევენ. ეს საშინელებაა.

მე ვთვლი, რომ ვალდებული ვარ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. გაიგეთ, ხალხო, რომ ეს ომი ჯო ბაიდენმა დაიწყო. ეს ჩემი ომი არ არის. ერთი თვის წინათ ნატოსთან ხელშეკრულება დავდე, იცით თქვენ ამის შესახებ [უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე]. ჩვენ ახლა არაფერს არ ვიხდით. ისინი ჩვენგან ყიდულობენ და ამის ფულს ნატოს ევროპელი წევრები იხდიან. მე ასევე მოვამატე სამხედრო ხარჯები ნატოს წევრი ქვეყნებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2-დან 5%-მდე.

ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი გამოყო, ევროპამ – 100 მილიარდი. დახარჯულმა ფულმა უამრავი ადამიანი შეიწირა – ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.

ამიტომაც მე ვაპირებ პირადად შეხვხვდე ვლადიმერ პუტინს და ვესაუბრო. მინდა მას ვუთხრა, რომ დროა დაამთავროს ეს ომი. მე ვიცი, რომ მას სიტუაციის არევა არ სურდა და ამ ომს იგი არასდროს არ დაიწყებდა, რომ არა… როცა არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა , ხელისუფლებაში „ავტოკალამი“ მოვიდა. დაიწყო ცუდი ამბები, გაუგებრობები, ათასგვარი სისულელე  და ბოლოს საქმე ომამდე მივიდა, რომელიც შეიძლება მესამე მსოფლიო ომად გადაქცეულიყო.

მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ისევ განმეორდება, ამიტომ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და მოვიფიქრე. მე ამერიკის დიდ პატივისცემად ვთვლი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში მოდის და მე მის ქვეყანაში არ მივდივარ, ან სადმე მესამე სახელმწიფოში.

ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკება გვექნება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალასკიდან გამოფრენის წინ, დავურეკავ ევროპის ლიდერებს, რომლებთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს [და ყველაფერს გავაცნობ]. სხვათა შორის, მე ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რაც მან გააკეთა.

ეს ომი არ უნდა მომხდარიყო [და არ უნდა გაგრძელდეს]. ამიტომაც მე დაველაპარაკები ზელენსკისაც. შემდეგი შეხვედრა ან ზელენსკისა და პუტინს შორის იქნება, ან ზელენსკის, პუტინს და ჩემს შორის, თუ ჩემი მონაწილეობა საჭირო გახდება. მაგრამ მე მინდა, რომ მათი შეხვედრა იქნას ორგანიზებული. მე ძალიან შემაშფოთა იმან, რაც ზელენსკიმ თქვა: „მე საკონსტიტუციო ორგანოდან თანხმობა და მხარდაჭერა დამჭირდებაო“. ესე იგი, რა გამოდის? მას აქვს უფლება საომარი მოქმედებები აწარმოოს, მაგრამ ტერიტორიების გასაცვლელად თურმე ნებართვა და თანხმობა ჭირდება. ტერიტორიების გაცვლა უკრაინის ინტერესებს შეესაბამება. დიახ, იქნება არასასიამოვნო მომენტებიც ორივე მხარისათვის. რას ვიზამთ, არის კარგიც და არის ცუდიც.

რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან რთულია. საზღვრები ყველგან ერთნაირი და ერთგვაროვანი არ არის. იქნება რაღაც ცვლილება ტერიტორიებში. სხვათა შორის, ყველა ამბობს სიტყვას „ცვლილება“. ჩვენ ვაპირებთ ფრონტის ხაზის ცვლილებას. რუსებმა უკრაინის დიდი ნაწილი დაიკავეს. შევეცდებით ამ ტერიტორიების [რაღაც] ნაწილი დავუბრუნოთ უკრაინას, მაგრამ რუსებს ბევრი აქვთ დაკავებული, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, რომელიც ყველაზე ღირებულია. თუ თქვენს გვერდით ტბაა, მდინარე ან ზღვა და ოკეანე, ეს ყველაზე საუკეთესო საკუთრებას წარმოადგენს. ბევრმა არ იცის, რომ უკრაინა ადრე ოკეანის [შავი ზღვის] ნაპირზე ათასობით კილომეტრზე იყო გადაშლილი, დღეს კი მისი სანაპირო ტერიტორია მხოლოდ ოდესის ოლქით შემოიფარგლება.

ამიტომაც მე მივდივარ სამიტზე, რომ ეს პირობები განვიხილოთ. შესაძლოა მე იქიდან [ხელცარიელი] დავბრუნდე, მაგრამ შემდგომი წარმატების იმედით. შეიძლება ვთქვა კიდეც, რომ ამ საკითხისა გადაწყვეტა შეუძლებელია. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

ვფიქრობ, მე რომ არ ვიყო, პუტინი არავის არ დაელაპარაკებოდა. მე კი მას შევხვდები, დაველაპარაკები, საკითხებს განვიხილავთ და შემდეგ, როგორც გითხარით, ყველაფერს ვეტყვი ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს – რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მე მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

ვფიქრობ, რუსეთმა საკუთარი თავის მოწყობას მეტი დრო უნდა დაუთმოს. რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, მისი ტერიტორია 11 სასაათო სარტყელშია მოქცეული. რუსეთი პლანეტის ყველაზე დიდი ქვეყანაა. მას აქვს უდიდესი წარმატების პოტენციალი, მაგრამ მისი ეკონომიკა არცთუ კარგ მდგომარეობაშია, ომმა ძალიან დააზარალა.

რა თქმა უნდა, არაფერი კარგი არაა იმაში, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსული ნავთობის მყიდველ დიდ ქვეყანას ეუბნება, რომ 50%-იან ბაჟს დაუწესებს, თუ მოსკოვისაგან ნავთობის ყიდვას გააგრძელებს. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება. თქვეს კიდეც, რომ მათ სხვა ასე არ მოექცეოდა.

მე მზად ვიყავი [რუსეთის მიმართ] უფრო სერიოზული ზომები მიმეღო, მაგრამ შემატყობინეს, რომ გარიგების დასადებად მზად არიან. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მე მინდა, რომ რეალურად დავინახო ცეცხლის შეწყვეტა. მინდა, რომ დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისათვის კარგი და სასარგებლო იქნება. ტანგოს ხომ ორი ცეკვავს? ჰოდა, იმედი მაქვს, კარგი მოლაპარაკება გვექნება, თუმცა კარგად იცით ისიც, რომ მათ [რუსების] მიმართ ყოველთვის კეთილი არ ვიყავი: გავაჩერე მათი მილსადენის მშენებლობა, უკრაინელებს „ჯაველინები“ მივეცი… იცით, რა შეუძლიათ „ჯაველინებს“? მათ „ტანკების მკვლელებს“ უწოდებენ. ობამამ უკრაინელებს ზეწრები მისცა, მე კი „ჯაველინები“ მივეცი. უჩემოდ უკრაინელები რუსების ტანკებს ვერ გაანადგურებდნენ და ისინი ოთხ საათში კიევს დაიკავებდნენ, გზატკეცილით რომ წასულიყვნენ. მაგრამ რუსმა გენერალმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღო – ტანკები სოფლის გზებით და სახნავ-სათეს მიწებზე გაუშვა… თავსხმა წვიმების გამო რუსული ტანკები ტალახში ჩაიფლენ. მე იმ გენერალს არ ვიცნობ, მაგრამ რადგანაც ვლადიმერის ხასიათი კარგად ვიცი, ის გენერალი თავის პოსტზე უკვე აღარ იქნება.

ალასკაზე პუტინთან საუბრის შემდეგ, როცა პირადად გავიგებ, რას მთავაზობს, ჯერ, რასაკვირველია, ზელენსკის დავურეკავ, შემდეგ ევროპელებს და, ალბათ, ვეტყვი – „აბა, წარმატებები. გააგრძელეთ ბრძოლა“, ან ვეტყვი ასე: „ჩვენ მოლაპარაკება შეგვიძლია“.

ერთ ფაქტს გეტყვით: უკრაინელებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ რუსეთთან გარიგება დაიდოს. არადა, სამი წლის წინ ყველა ბრძოლის გაგრძელების მომხრე იყო. საერთოდ, ყველას უნდა ბრძოლა, სანამ ბრძოლა უშუალოდ არ დაიწყება.

– მე რამდენიმე კითხვა მაქვს: ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად არ არის მიწვეული პარასკევს?

– ჩვენს შეხვედრაში მისი მონაწილეობა არ იგეგმება. მე შემეძლო ისე გამაკეთებინა, რომ ის ალასკაზე ჩამოსულიყო, მაგრამ იცით… მას ბევრი შანსი ჰქონდა [ომის შესაწყვეტად], მაგრამ ბრძოლები სამ წელზე მეტია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებია.

– რას ნიშნავს „კარგი გარიგება“?

– მე ამას მაშინ გეტყვით, როცა გავიგებ, კონკრეტულად რა სურს პუტინს. „კარგ გარიგებას“ ბევრი განმარტება აქვს. ჩვენ ახლა ძალიან რთულ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ… ომი, რომელიც მე ახლახან მოვაგვარე [სომხეთ-აზერბაიჯანს შორის], ისეთივე რთული იყო, როგორც ეს [რუსეთ-უკრაინის] ომი, თან საქმე მარშრუტებს და ვაჭრობას ეხებოდა. როცა ვლადიმერ პუტინს შევხვდები, პირველივე ორ-სამ წუთში მივხვდები, შეიძლება თუ არა გარიგების დადება.

– საიდან იცით?

– იქიდან ვიცი, რომ ეს ჩემი სამუშაოა. მე ვდებ გარიგებებს.

წყარო:

https://inosmi.ru/20250812/konferentsiya-274148748.html

მოამზადა – სიმონ კილაძემ