1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა”-The New York Times
“პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა”-The New York Times

“პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა”-The New York Times

212
0

„პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ პოლ სონის სტატიას, რომელშიც განხილულია ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში და მისი შეხვედრები ევრაზიელ ლიდერებთან, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO – Shanghai Cooperation Organisation) წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტის ჩარჩოებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამი წლის წინათ ევრაზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და თავდაცვითი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ სამიტზე მძიმე განწყობა სუფევდა: ისე ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თავში იყო ჩაკეტილი და დამარცხების წინაშე იდგა. იმ სამიტის დროს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შეშფოთება გამოხატა ვლადიმერ პუტინის სპეცოპერაციის გამო უკრაინაში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მრავალმნიშვნელოვნად თქვა: „დღეს ომების ეპოქა არ არის“. სამიტის მონაწილე სხვა სახელმწიფოების ლიდერები თავიანთ რუს კოლეგას თითქოსდა იძულებით ხვდებოდნენ და მოკლე საუბრის შემდეგ სწრაფად მარტოდმარტო ტოვებდნენ. რუსეთის არმია ბრძოლის ველზე მარცხდებოდა და უკან იხევდა…

მაგრამ ეს სამი წლის წინ იყო. დღეს ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა შეცვლილია – ისევე როგორც მისი გარემომცველი მსოფლიო. ეს ყველაზე ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა ევრაზიის თავდაცვისა და უსაფრთხოების მთავარი ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ჩატარდა.
ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა მაღალი ტრიბუნით და დასავლეთი ყველას გასაგონად დაადანაშაულა უკრაინის ომში. მან ბედნიერი სახით ჩამოართვა ხელი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის და რაღაცაზე სიცილით საუბარი დაიწყო, როცა მათ ორივეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი შეუერთდა. ირანის, ნეპალის, ტაჯიკეთის, თურქეთის და ვიეტნამის ლიდერები რუს პრეზიდენტს თამამად და სიხარულით ესალმებოდნენ, მათი დახურული მოლაპარაკებები შუაღამემდე გრძელდებოდა.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ომი გარკვეულწილად მოცემულობად გადაიქცა, ჩვეულებრივ მოვლენად“, – ამბობს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი მარია რეპნიკოვა, ჩინეთისა და რუსეთის სპეციალისტი, – „ყველაფერი თავის რიგით მიდის, თითქოს არავითარი ომი არ არის და არც ათასობით ჯარისკაცი არ იღუპება“.

უკრაინის საგარეო საქმეტრა სამინისტრომ თავის განცხადებაში გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ სამიტის შემაჯამებელ, დასკვნით კომუნიკეში საერთოდ არ არის ნახსენები ის „უდიდესი, სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ხდება“.
თანაც ამ დროს ყველა ჩუმად არის და არაფერს ამბობენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომელიც არათუ დაეხმარა თავის რუს კოლეგას იზოლაციიდან გამოსვლაში და პირველად ათწლიანი პაუზის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ამერიკის მიწაზე მიიღო, არამედ წაეჩხუბა ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერებს და ამით ისინი პუტინს დაუახლოვა.

დონალდ ტრამპისა და ნარენდრა მოდის ურთიერთობა ძალიან გაუარესდა. იმის ნაცვლად, რომ ინდოელმა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადოს პაკისტანთან ომის შეწყვეტაში შუამავლობის გამო, ნარენდრა მოდი აშშ-ის მიმართ უკმაყოფილობას ამჟღავნებს – დონალდ ტრამპმა ინდოეთს სავაჭრო ტარიფები გაუზარდა, რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ჩაუჯდა რა ვლადიმერ პუტინს პირად ლიმუზინში მოსალაპარაკებლად, ორივემ 50 წუთი საიდუმლოდ ისაუბრა, შემდეგ კი ტელეკამერების წინაშე ნარენდრა მოდი თბილად მოეხვია ვლადიმერ პუტინს და ზოგიერთებს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინდოეთს აქვს სხვა ვარიანტებიც.

უკრაინასთან ომის პირველივე დღეებიდანვე რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს თავის დიპლომატიურ ურთიერთობებს არადასავლურ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან, ინდოეთთან და თურქეთთან, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არტერიებად გადაიქცნენ რუსეთის სამხედრო რელსებზე გადასული ეკონომიკისათვის.

„საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ რუსეთმა სამწლინახევრიან მძიმე კონფლიქტს გაუძლო, საკმაოდ მტკიცედ დგას ფეხზე და ნელა, მაგრამ მაინც წინსვლას აგრძელებს, არამედ იმაშიც, რომ რუსული დიპლომატია მოხერხებული და ოსტატური გამოდგა“, – ამბობს მაიკლ ქიმიჯი, ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამების დირექტორი, – „მოსკოვმა დიპლომატიური ურთიერთობების ისეთი ქსელი ააწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკისათვის, ძალას მატებს პუტინის სისტემას და ომის ნეგატიურ შედეგებს არბილებს“.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოჩენილ თბილ დამოკიდებულოებასაც აქვს თავისი საზღვრები. რუსეთის ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან ღრმა გამყინვარებაშია. ბრიუსელი ლაგამს სდებს რუსეთის იმ პარტნიორებს, რომელებიც ევროკავშირთან ვაჭრობით შემოსავალს იღებენ. ასეთი ქვეყნები თავს იკავებენ რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიების აღიარებისაგან და კრემლის სპეცოპერაციის მხარდაჭერისაგან.
მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ გაჩაღებულმა სავაჭრო ომებმა და მისმა ცვალებადმა საგარეო პოლიტიკამ კრემლს შესაძლებლობების „ფანჯარა გაუღო“. შედეგმაც არ დააყოვნა: პუტინმა და სი ძინპინმა განაცხადეს, რომ ერთმანეთისათვის ისინი უფრო მჭიდრო და სტაბილური პარტნიორები გახდნენ. სხვათა შორის, პუტინი ჩინეთს წლების წინ აფრთხილებდა იმ „ხელოვნური ქაოსზე, რომელსაც აშშ თესავს მსოფლიოში“.

„ჩინური დასაბუთება, რომელსაც მხარს რუსებიც უჭერენ, იმაში გამოიხატება, რომ მსოფლიოში განხეთქილების შემტან წყაროს სწორედ აშშ წარმოადგენს, – ამბობს მაიკლ ქიმიჯი, – მათთვის ეს უკვე უბრალო მემი და დისკუსიის საკითხი აღარ არის, არამედ სრული ჭეშმარიტება და სიმართლეა“.

ტიანძინის შეხვედრის შემდეგ ჩინეთი მეორე მსოფლიო ომში იაპონელ ოკუპანტებზე გამარჯვების (კაპიტულაციის) 80 წლისთავს აღნიშნავს. ვლადიმერ პუტინი ჩინეთში დარჩა და მონაწილეობა მიიღო პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში – ანალოგიურად იმისა, რაც რუსეთმა 9 მაისს ჩაატარა მოსკოვში, წითელ მოედანზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. სი ძინპინი იმ სამხედრო აღლუმს პირადად ესწრებოდა, ახლა კი მან რუს სტუმარს უმასპინძლა.

მაგრამ მოსკოვის ძალისხმევისა და რუსული დიპლომატიის სიმარჯვის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებსაც რუსეთი თავისი ინტერესების სფეროდ თვლის, კრემლის გავლენა სუსტდება.
შანხაის სამიტის დროს კრემლს პასუხის გაცემა მოუწია რთულ კითხვაზე აზერბაიჯანთან მიმართებით – შეხვდებოდა თუ არა იგი ილჰამ ალიევს, რომელიც ასევე იმყოფებოდა ტიანძინში.

გასულ თვეში ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ჩავიდნენ და დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ანუ ეს ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა კრემლს დაასწრო და შუამავლის ინიციატივა „ხელში ჩაიგდო“, რასაც ადრე რუსეთი ასრულებდა ხოლმე. სხვათა შორის, პუტინი ტიანძინში მყოფ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, ილჰამ ალიევს კი არა.

სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერთა ტიანძინის სამიტს „დასავლეთისადმი პასუხი“ უწოდა, რომელსაც ბაჟებისა და ტარიფების ზრდით და დოლარის როლით მსოფლიო ბატონობის მოპოვება სურს.
„ის, რომ დასავლეთის კონკურენტები არამარტო გაიზარდნენ, არამედ ისტორიულ „კოლექტიურ დასავლეთს“ ბევრ სფეროში სჯობნიან კიდეც, ეს ყველასათვის აშკარაა“, – განაცხადა რუსმა მინისტრმა რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: