1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება – BBC russian
პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება – BBC russian

პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება – BBC russian

290
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება“. მასში კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორდღიან (18-19 აგვისტო) ვიზიტს აზერბაიჯანში, მის შეხვედრას მასპინძელ კოლეგასთან – ილჰამ ალიევთან. სტატიაში ასევე განხილულია აზერბაიჯანის როლი რუსეთ-უკრაინის ომში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აზერბაიჯანში ყველა კმაყოფილი არ არის ვლადიმერ პუტინის ვიზიტით. ეს უკავშირდება როგორც ისტორიულ ხსოვნას, ასევე რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაინც მეგობრულად ხვდება თავის რუს კოლეგას და ოჯახურ თბილ მიღებას უწყობს… ხოლო პროსამთავრობო პრესა, რომელიც დღემდე ამაყად აცნობდა მკითხველს უკრაინაში მებრძოლი აზერბაიჯანელი მეომრების გმირობას, ახლა ვლადიმერ პუტინს აქებს.

„რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა არაფერს ამბობს შაჰიდების ხეივანზე, სადაც ის ადამიანებია დაკრძალული, რომლებიც კრემლის არმიამ იმსხვერპლა“ – ასე გამოხატავს აღშფოთებას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბლოგერი, რომელიც შეცდომაში შეიყვანა რუსული პროსამთავრობო ტელეარხის Russia Today-ს ინფორმაციამ, თითქოსდა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში ყოფნისას ყვავილებით შეამკო II მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი, „მარადიულ ცეცხლთან“.

სინამდვილეში რუსეთის ლიდერმა ყვავილები დააწყო იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა – მარადიულ ცეცხლთან, შაჰიდების ხეივანში, საბჭოთა არმიის მოქმედების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ, როცა 1990 წლის იანვარში  დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი და მძიმე ტექნიკა იქნა გამოყენებული. დარბევის დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მოვლენა ბაქოში „შავი იანვრის“ სახელით არის ცნობილი, რომელსაც ადგილობრივი ნაციონალისტები ხშირად იხსენებენ ერთი მიზნით, თუ რატომ არ უნდა უყვარდეთ აზერბაიჯანელებს რუსეთი, რომელიც იმ დროს ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა იმპერიის დაშლის შეჩერებას.

ვლადიმერ პუტინს ბაქოს ქუჩებში რუსეთის დროშების ფრიალით არ შეხვდნენ, თუმცა არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ რუსეთისა და რუსი პრეზიდენტის მიმართ აზერბაიჯანში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: მოსკოვსა და ბაქოს შორის ამჟამად რთული დამოკიდებულება არსებობს.

რატომ რთული? ბაქოს როლი მოსკოვ-კიევის ომში

როცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადალახა და მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა, ნაქოში სტიქიური აქციები გაიმარტა უკრაინის მხარდასაჭერად. ასეთი მოვლენა აზერბაიჯანისათვის არ არის დამახასიათებელი, სადაც პოლიცია ჩვეულებრივად მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას და მსგავს ფაქტებს, ერთეულ პიკეტებსაც კი მკაცრად აღკვეთავს ხოლმე. უკრაინის მხარდამჭერი მიტინგების დროს კი ბაქოელი სამართალდამცველები მშვიდად უყურებდნენ იმას, თუ როგორ მიდიოდნენ აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან და პროტესტს გამოხატავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს, ბაქო კიევში აქტიურად გზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო აზერბაიჯანული პრესა პოზიტიურად აშუქებდა იმას, თუ როგორ გმირულად იბრძვიან აზერბაიჯანელი მოხალისე მეომრები უკრაინის მხარეზე. ისინი იქ ნამდვილად არიან – როგორც ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობაში, ასევე „ქართულ ბატალიონშიც და სხვა ქვედანაყოფებში. აზერბაიჯანელმა მოხალისეებმა ორდენები და „უკრაინის გმირის“ წოდებაც კი დაიმსახურეს.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, აზერბაიჯანს არ შეუძლია ღიად მხარი დაუჭიროს უკრაინას იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან.

მჭიდრო კავშირი რუსეთთან

კორონავირუსის პანდემიამდე და უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთში წასული აზერბაიჯანელების რაოდენობა ყოველწლიურად შესამჩნევად აჭარბებდა რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსული რუსების რაოდენობას – დაახლოებით ათი ათასით მაინც.

აზერბაიჯანის სახსტატსამსახურის მონაცემებით, რუსეთი ომამდეც იკავებდა და დღესაც იკავებს პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც აზერბაიჯანში ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის. 2023 წელს აზერბაიჯანში ჩასული რუსების რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა.

დსთ-ის ქვეყნებთან აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი თიტქმის ორ მესამედს სეადგენს (ანუ 4,4 მილიარდ დოლარს). მჭიდრო კავშირები აქვთ სამშობლოსთან რუსეთის მსხვილ ბიზნესმენებს – ეროვნებით აზერბაიჯანელებს, მაგალითად, ფარჰად აჰმედოვს, რომლის სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან გასულ წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ყოფილი ქმარი ემინ ალაგაროვი და მამამისი – არაზ ალაგაროვი რუსეთში Crocus City Hall-ის მფლობელები არიან.

ბაქოში, ერევნისა და თბილისისგან განსხვავებით, ბევრ უმაღლეს სასწავლებელში და თითქმის ყველა სკოლაში ჯერ კიდევ არის რუსული ენის სწავლების შესაძლებლობა სრული პროგრამით. აზერბაიჯანში რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ქვეყნის დედაქალაქში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღებისათვის.

ამრიგად, გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, აზერბაიჯანში, ვლადიმერ პუტინის მიმართ ძლიერი მტრობა გამოხატული არ არის და ის პროსახელისუფლო პრესაც, რომელიც უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოხალისეებით ამაყობს, [ზემოდან კარნახით] თბილად მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს და მას აზერბაიჯანის მეგობარს უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, თავისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ (მეუღლესთან ერთად) კი იგი კერძო სტუმრის სახით მიიღო „ზაგულბას“ რეზიდენციაში, სადაც კრემლის ბინადარი თავისუფლად ზის მაგიდასთან, საკინძეგახსნილი პერანგით.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთის იზოლაცია მოახდინა, უკრაინის მიწების ანექსიის გამო, კრემლი ძველ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებას და ახლების პოვნას ცდილობს. რუსეთმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას სწორედ იმ დრეებში, როცა მისი არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მთავრობა უკრაინასთანაც და დასავლეთთანაც ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და არასოდეს არ ბრუნდება ზურგით ვლადიმერ პუტინისაგან. ეს სახელმწიფო ვიზიტიც რუსეთის ლიდერისათვის იმის სესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მან მსოფლიოს აჩვენოს – კრემლს მხარდამჭერები ბევრი ჰყავს.

ვიზიტის შედეგები

ჯერ-ჯერობით, ვლადიმერ პუტინის ბაქოური ვოიაჟის ყველა ნიუანსი ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებებს ნავთობის ტანკერების ერთობლივ მშენებლობაზე, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვა დოკუმენტებს.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია ერთმანეთის სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროს პრინციპებისადმი პატივისცემა და ა.შ.). დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და მის შემდგომ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს აზერბჯაინისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას“.

წყარო