
პუტინის მხეცური სისასტიკის პერიოდი: აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების არავითარი სურვილი არ აქვს – The Daily Telegraph
„დაიწყო ზაფხული – პუტინის მხეცური სისასტიკის პერიოდი: აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების არავითარი სურვილი არ აქვს“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ლიზა ჰასელდინი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კრემლის არმიას უკრაინაში ზაფხულის მასშტაბური შეტევის განხორციელება აქვს დაგეგმილი.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
მას შემდეგ, რაც უკრაინამ გაბედული ოპერაცია „ობობას ქსელი“ განახორციელა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურების გამო შურს იძიებდა. თუ დონალდ ტრამპს დავუჯერებთ, მისმა რუსმა კოლეგამ ყოველგვარი ყოყმანის და შეშფოთების გარეშე, მაგრამ იმავდროულად მტკიცედ თქვა, რომ იგი იძულებულია კიევის მოქმედებაზე რეაგირება მოახდინოს.
როგორც ჩანს, კრემლმა უკვე დაიწყო პასუხის გაცემა: ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის თითქმის მთელი ტერიტორია – უკიდურესი დასავლეთი როვნოს ოლქის ჩათვლით – რუსული დრონებისა და რაკეტების შეტევის ობიექტი გახდა. მოსკოვმა მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში ერთდროულად 479 უპილოტო საფრენი აპარატი და 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
დარტყმა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ უკრაინის მეზობელი – პოლონეთიც შეშფოთდა და თავისი სამხედრო-საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა – ვაითუ რომელიმე „გზააბნეული“ რუსული დრონი ან რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზეც შემოფრინდეს და უბედურება დაატრიალოსო.
საერთოდ, მოსკოვი უკვე საკმაო ხანია სულ უფრო აძლიერებს უკრაინაზე დარტყმებს და ყოველი შეტევის დროს, დრონებისა და რაკეტების რაოდენობით, რეკორდებს ამყარებს, მაგრამ „ობობას ქსელმა“ რუსეთი გაამწარა და დაბომბვების ესკალაციისაკენ უბიძგა.
მართალია, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა წარმატებით მუშაობს და დრონებისა და რაკეტების უდიდეს ნაწილს ჰაერშივე ანადგურებს, მაგრამ ისინიც კი, რომლებიც უკრაინელ მეზენიტეებს უსხლტებიან, საკმაო ზიანს აყენებენ ქვეყნის ეკონომიკას და რაც უფრო უარესია, სამოქალაქო მოსახლეობის მორალურ სულს აქვეითებს – ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იძულებულნი არიან საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებს მიაშურონ და საათობით მიწისქვეშ ისხდნენ.
მოსკოვის საჰაერო თავდასხმების ესკალაცია ხდება იმ დროს, როცა ზაფხული უკვე დადგა, ანუ მოსალოდნელია რუსეთის მასშტაბური შეტევა. ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კრემლის არმიის გენერალური იერიში უკვე დაიწყო.
ვლადიმერ პუტინის სამხედრო ძალები წინ მიიწევენ და, როგორც ჩანს, ისინი დნიპროს (ყოფილი დნეპროპეტროვსკის) ოლქშიც შეიჭრებიან (ზოგიერთი მონაცემით, უკვე შევიდნენ კიდეც). გარდა ამისა, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვარს მიღმა და ფრონტის ხაზის გასწვრივ, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე „ბუფერული ზონის შექმნას აპირებს. იგივე ხდება სუმის ოლქის ტერიტორიაზეც, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა საზღვრის გასწვრივ უკრაინის რამდენიმე სოფელი დაიკავეს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, სუმისა და ხარკოვის ოლქებთან თითქმის 125 ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსული დივიზიების მიზანს წლის ბოლომდე დნეპრის მარცხენა ნაპირის მთლიანად დაკავება შეადგენს – ეს მდინარე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიედინება, უკრაინას ორ ნაწილად ჰყოფს.
მიუხდავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან საუბრისას ყოველტვის აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებისა და ომის დასრულების იდეას, სინამდვილეში იგი ყველანაირად ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებას და ომის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებას. თვითონ განსაჯეთ: გასულ თვის – მაისის – განმავლობაში, როცა სტამბოლში მხარეთა შეხვედრა გაიმართა, რუსეთის არმიამ ორჯერ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე აპრილში.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ობობას ქსელის“ მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი მაინც ფრონტის წინა ხაზზე რჩება, ანუ იგი მზად არის სულ უფრო მეტი რუსი გაგზავნოს სამხვერპლოზე – ომის ხორცსაკეპში. ამჟამად მას, უბრალოდ, სტიმული არ აქვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და სერიოზულად დაიწყოს საუბარი კონფლიქტის შეწყვეტაზე – არც დონალდ ტრამპთან, არც ვოლოდიმირ ზელენსკისთან და არც არავისთან. ჩვენი მხრიდან სხვანაირად ფიქრი უკვე ილუზია იქნება.
მოამზადა სიმონ კილაძემ