
პუტინი უკრაინის ლიდერს სახელითა და გვარით არ მოიხსენიებს. დაჯდება თუ არა იგი მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე? – NYT – The New York Times
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (NYT – The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი უკრაინის ლიდერს სახელითა და გვარით არ მოიხსენიებს. დაჯდება თუ არა იგი მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე?“ (ავტორი – ანტონ ტროიანოვსკი, NYT-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების სამიტის შესაძლებლობა მათი ურთიერთსიძულვილის ფონზე.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ვლადიმერ პუტინის სიძულვილი თავისი უკრაინელი კოლეგის მიმართ იმდენად ღრმაა, რომ იგი თითქმის არასოდეს არ წარმოსთქვამს უკრაინის პრეზიდენტის სახელს და გვარს. კრემლი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმური ლიდერია. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია მას „კლოუნს“ უწოდებს.
მაგრამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინანდელი დიპლომატიური აქტიურობა სწორედ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ითვალისწინებს, ანუ მათ პირისპირ საუბარი მოუწევთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მან დაიწყო მზადება ასეთი შეხვედრისათვის იმ მომენტიდან, როცა იგი ორშაბათს ევროპელ ლიდერებთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებისას ტელეფონით ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
ამრიგად, დიპლომატიური ინტრიგების მორევს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ფონზე, მოსკოვში ახალი გამოცანა დაემატა: შეძლებენ თუ არა ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ერთი-ერთზე („ტეტ-ა-ტეტ“) შეხვედრას?
თუ ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლას მოახდენდა და მას აიძულებდა რუსეთის მოთხოვნების მიღებას უკრაინის ტერიტორიებისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინისათვის ასეთი შეხვედრა სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა იქნებოდა, რომელსაც კრემლი თავის გამარჯვებად წარმოადგენდა. მაგრამ ასეთი მოქმედება პოლიტიკურ რისკებს შეიცავს იმდენად, რამდენადაც კრემლმა დიდი ხნის წინ მიანიშნა: ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი და თანასწორი მოლაპარაკების გამართვა ვლადიმერ პუტინისათვის ღირსების შელახვის ტოლფასია.
„ეს კომპრომისი იქნებოდა“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში რუსმა მაღალჩინოსანმა კანონმდებელმა კონსტანტინე ზატულინმა, რომელმაც პუტინისა და ზელენსკის პოტენციურ შეხვედრა „კრემლის დათმობად“ შეაფასა. „რუსეთის ასეთი ნაბიჯი იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ კრემლი პრაქტიკულად მხარს უჭერს თეთრი სახლის სამშვიდობო ინიციატივას“, – თქვა მან.
კონსტანტინე ზატულინის თქმით, „რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რადგან ეს ნიშნავს, რომ კრემლი უკრაინელი ლიდერის მიმართ თავის დამოკიდებულებას ცვლის. დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მოსკოვის აზრით, უკრაინის ლიდერი უკანონოდ იკავებს ქვეყნის მეთაურის პოსტს. რუსეთი ზელენსკის არალეგიტიმურობას ყველა დონეზე აცხადებს“.
ამასთან, რუსი კანონმდებელი იმასაც ამბობს, რომ მისი აზრით, „აუცილებლად უნდა იქნეს განხილული ორი ლიდერის შეხვედრის შესაძლებლობა – იმიტომ, რომ ფსონები ძალიან მაღალია და შეხვედრის ნებისმიერი ვარიანტის იგნორირება უკვე აღარ შეიძლება“
მოამზადა სიმონ კილაძემ