
“პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან” -BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან“. პუბლიკაციაში განხილულია ანტიდასავლურ ფრონტზე შექმნილი სიტუაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთ-ჩინეთის კავშირებს და მათი ურთიერთობის პროგნოზს.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ვლადიმერ პუტინი ისევ ჩავიდა ჩინეთში, მაგრამ ამჯერად – ახალი სტატუსით. პირველად უკრაინაში შეჭრის მომენტიდან რუსეთის პრეზიდენტი თავის მთავარ მოკავშირესთან – ჩინელ ლიდერთან – გაემგზავრა არა როგორც სი ძინპინის ვასალი, კუთხეში მიმწყვდეული დასავლური სანქციებით, არამედ როგორც მსოფლიოს ლიდერი, რომელიც თანასწორად საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტთან – პლანეტის წამყვან სამხედრო-ეკონომიკურ ლიდერთან და ჩინეთის მთავარ მოწინააღმდეგესთან.
ვლადიმერ პუტინი ტრიუმფატორის როლში
ჩინეთში ვიზიტი, შეიძლება ითქვას, ვლადიმერ პუტინის ტრიუმფს წარმოადგენს ალასკიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სადაც დონალდ ტრამპმა იგი საზეიმოდ მიიღო აშშ-ის მიწაზე. კრემლის ბინადარის ტრიუმფის აუდიტორია ძალზე ფართოა: ჩინეთში, მასპინძელ სი ძინპინის გარდა, რუს სტუმარს ვლადიმერ პუტინს ანტიდასავლური კოალიციის ათზე მეტი ლიდერი ხვდება. 31 აგვისტოს ისინი ყველა ქალაქ ტიანძინში შეიკრიბნენ, შანხაის თანამშრომლობის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტზე, რომელიც ორდღიანია და პირველ სექტემბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ტიანძინის სამიტის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პეკინში გადაფრინდება, სადაც რამდენიმე დღე დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის არმიის სამხედრო აღლუმში, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონელ ოკუპანტებზე გამარჯვების 80 წლისთავს.
რა აკავშირებს ერთმანეთთან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს
ექსპერტთა აზრით, ვლადიმერ პუტინის უჩვეულოდ ხანგრძლივი ვიზიტი მოწოდებულია დასავლეთს აჩვენოს, რომ რუსეთისა და ჩინეთის „უსაზღვრო მეგობრობა“ სულ უფრო მტკიცდება, ხოლო აშშ-ის მცდელობები შუღლი ჩამოაგდოს მოსკოვ-პეკინს შორის, ჩასაშლელად არის განწირული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ვლადიმერ პუტინს ჩააბარებს და სანქციებს გააუქმებს, ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს ზურგს მაინც არ შეაქცევს.
„ჩინეთზე ვაჭრობის სფეროში ზეწოლის გაძლიერებით, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისა და ჩინეთის ღერძს აძლიერებს. ორ ქვეყანას შორის კავშირების დასუსტების მცდელობებმა და „პირუკუ კისინჯერის“ პოლიტიკის განხორციელებამ რაიმე საგრძნობი შედეგები ვერ მოიტანა“, – ამბობს პიერ ანდრიე, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, რომელიც რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
1970-იანი წლების დასაწყისში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის მცდელობების შედეგად აშშ-მა შეძლო კომუნისტური ჩინეთის გამოყვანა საბჭოთა კავშირის ორბიტიდან, მაგრამ იმ პერიოდში აშშ-სა და ჩინეთს ისეთი დაპირისპირება არ იყო, როგორიც დღეს არის.
„თუ აშშ-ის სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ შუღლი ჩამოაგდოს მოსკოვსა და პეკინს შორის უკრაინაში ომის შეწყვეტით და რუსეთისადმი გამოცხადებული ზოგიერთი სანქციის მოხსნით, მაშინ გამოდის, რომ ვაშინგტონი სრულად ვერ აფასებს რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის სიღრმეს და მრავალფეროვნებას“, – წერს ექსპერტი ნატალია ხაბაროვსკაია სტატიაში, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის Center For European Policy Analysis-სის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, – „მოსკოვი და პეკინი ამჟამად ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მჭიდრო ორმხრივი კავშირების პერიოდში იმყოფებიან და ამრიგად, არცერთი მხარე არ მოისურვებს ერთმანეთზე უარი თქვას, როგორც არ უნდა შეეცადოს ვაშინგტონი თავის მხარეზე რომელიმეს გადაბირებას“.
ჩინეთს და რუსეთს მხოლოდ ვაჭრობა და ეკონომიკა არ აერთიანებთ. დიახ, ჩინეთი რუსული ენერგორესურსების მთავარი მყიდველია და ასევე ჩინური ავტომობილებისა და სხვა პროდუქციის მთავარი მიმწოდებელი რუსეთისათვის დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ.. მაგრამ უკრაინასთან ომმა პეკინი და მოსკოვი ერთმანეთთან იდეოლოგიურადაც დააახლოვა.
„ორივე ქვეყანა დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოდის და ბრძოლას უცხადებენ „ამერიკულ ჰეგემონიას“. ორივე ქვეყანა ბირთვული სახელმწიფოა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს წარმოადგენენ. მათი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, – ამბობს პიერ ანდრიე, რომელიც ამჟამად Asia Society Policy Institute-ში ექსპერტად მუშაობს, – ეკონომიკაში ისინი ერთმანეთს ავსებენ. რუსეთი ნედლეულის ქვეყანაა, ჩინეთი – სამრეწველო და ტექნოლოგიური სახელმწიფო. სამხედრო-სტრატეგიული გეგმებით ჩინეთი იგებს იმ გეოგრაფიული ფაქტორებით, რომელსაც რუსეთი „ჩრდილოეთის საზღვაო გზით“ უზრუნველყოფს.
მაგრამ მთავარს იმ მრავალი ფაქტორებიდან, რომელთა მიხედვით შეიძლება რუსეთისა და ჩინეთის ერთმანეთთან დაახლოება აიხსნას, პიერ ანდრიე ორი დიდი ქვეყნის ლიდერების პირად თბილ ურთიერთობას ასახელებს.
ვლადიმერ პუტინსა და სიძინპინს ერთმანეთთან ბევრი რამ საერთო აქვთ: ორივე 72 წლისანი არიან, ორივე „საბჭოური ჩამოსხმის კომუნისტური წყობის დროს გაიზარდნენ, ორივე დიდი ხნის მმართველები არიან და და ასეთებად დარჩენა სურთ თავიანთი სიცოცხლის ბოლომდე. ორივემ ხელისუფლების ავტორიტარული ვერტიკალი ჩამოაყალიბეს, ვერ ითმენენ სხვაგვარად მოაზროვნეებს და საკუთარ თავს მიწების შემკრებებად თვლიან.
ვლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპის სკალპით ხელში
სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს „ძვირფას მეგობრად“ თვლის. იგი მას ყველაზე ბევრჯერ შეხვდა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის ლიდერს – 42-ჯერ. მაგრამ ამ ვიზიტს ყველა სხვა ვიზიტებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინის აქტივში არ იყო ხალიჩების გაფენა ალასკაზე, იყო მხოლოდ მისი დაპატიმრების ორდერი, რომელიც ჰააგის სასამართლომ გამოწერა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულობების გამო. ჩინეთი ერთადერთ წამყვან სახელმწიფოდ რჩებოდა, სადაც რუს ლიდერს გარანტირებული თბილი მიღება ელოდებოდა. იმავდროულად სი ძინპინი თბილად ხვდებოდა ჯო ბაიდენს, ხოლო იმ დროისათვის მთავარი ევროპელი ლიდერი, ფრანგი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინელ სტუმარს ფრანგულ პირენეებს ათვალიერებინებდა.
ახლა კი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ამერიკელი პრეზიდენტის სკალპით (დამარცხებული მტრის თავზე აჭრილი თმებიანი კანით) ჩავიდა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს არა სი ძინპინის უმცროს ძმად გამოჩნდეს, არამედ მისი თანასწორი სტატუსით.
„მაგრამ მათი ურთიერთობა თანასწორია მხოლოდ ერთი შეხედვით, – ამბობს პატრიცია კიმი, ბრუკინგის ინსტიტუტის ექსპერტი, – ჩინეთისათვის მომგებიანია, რომ ვლადიმერ პუტინი მოკლე თოკით ეჭიროს და არ დაუშვას კრემლის შებრუნება დასავლეთისაკენ (როგორც ეს ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს მოხდა), თუმცა პეკინს არ რუსეთის გაძლიერება არ სურს: „პეკინისათვის იდეალური შედეგია ის, რომ რუსეთი საკმაოდ ძლიერი იყოს დასავლეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ სუსტიც დარჩეს და ჩინეთის ორბიტაზე იყოს“.
რუსების შიში ჩინელების მიმართ
„რუსეთ-ჩინეთის ამჟამინდელი ურთიერთობა ბევრისთვის ასიმეტრიულია, ანუ უფრო მეტად მომგებიანია ჩინეთისათვის, რომელიც რუსეთს „სანედლეულო დანამატად“ იყენებს და სადაც თავისი პროდუქციის გასაღებას ახორციელებს, – აღნიშნავენ რუსული „ლევადა-ცენტრის ანალიტიკოსები, – ასეთი ვითარება რუსებში დისკომფორტს და ჩინეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შიშს იწვევს“. იმავე დროს რუსები ჩინეთს „მაშველ რგოლადაც“ განიხილავენ აშშ-სთან დაპირისპირებაში.
რუსეთში ჩინეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება დღეს რეკორდულია, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში – მინიმალური. ჩინეთი რუსების ცნობიერებაში აღქმულია როგორც ანტიამერიკა, რომელიც რუსეთთან ერთად დასავლურ გავლენას ეწინააღმდეგება.
ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი ვოიაჟი მოწოდებულია იმისათვის, რომ რუსებს იმედი განუმტკიცოს: ბირთვული სახელმწიფო რუსეთი მოძმე უიარაღო უკრაინას კი არ იპყრობს, არამედ ხელს უშლის დასავლეთის მზაკვრული ზრახვების განხორციელებას.
„ავტოკრატების ღერძი“?
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელიც დასავლურ გავლენის წინააღმდეგ გამოდის, ანუ მის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს და ნატოს ღირსეული ალტერნატივა აქვს.
ჩინეთში ჩავიდა თვით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელსაც პეკინთან სასაზღვრო დავა აქვს, ორიოდე წლის წინ ინდოეთსა და ჩინეთს შორის ჰიმალაებში სისხლიანი შეტაკებებიც მოხდა. მაგრამ ახლა რიგ მომენტებში ინდოეთისა და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – დონალდ ტრამპი ორივეს – ნარენდრა მოდისაც და სი ძინ პინსაც სანქციებით და ტარიფების გაზრდით ემუქრება.
„ჩინეთს ძლიერი ეკონომიკა აქვს, ის უდიდესია კიდევ ერთი გაერთიანების – „ბრიკსის“ წევრებს შორისაც, მაგრამ რუსეთის გარეშე ანტიდასავლური ფრონტის შექმნა ძნელია“, – ამბობს პიერ ანრიე, – „რუსეთი ჩინეთისათვის სასარგებლო პარტნიორია, რაც სი ძინპინს ეხმარება ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნებაში და საერთოდ, მთელი ცენტრალური აზიის რეგიონში, რუსეთთან თანამშრომლობით ჩინეთი „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებშიც მხარდაჭერით სარგებლობს.
ანტიდასავლური ფრონტის საბრძოლო ხაზზე ვხედავთ ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ჩრდილოკორეელ ლიდერს კიმ ჩენ ინს, რომლებიც პეკინში, ტიანანმენის მოედანზე სამ სექტემბერს ჩინეთის არმიის სამხედრო აღლუმს მიიღებენ.
„პირველად ისტორიაში ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთ ადგილზე იკრიბებიან – სამხედრო აღლუმის დროს პეკინში. გახდება თუ არა ეს „ავტოკრატების ღერძის“ წევრთა ლიდერების პირველი სამიტი? საეჭვოა. იმიტომ, რომ გარეგნული სოლიდარობის მიუხედავად, მათ სხვადასხვა მიზნები აქვთ და ისინი ერთმანეთს არ ენდობიან… თუმცა ვლადიმერ პუტინის, მასუდ პეზეშკიანისა და კიმ ჩენ ინის ერთად ყოფნა ხაზს უსვამს ჩინეთის როგორც წამყვანი ავტორიტარული სახელმწიფოს როლს“, – ამბობს – ამბობს ნილ თომასი, ექსპერტი Asia Society Policy Institute-დან.
მოამზადა სიმონ კილაძემ