
“პუტინი მორიგი შეჭრისათვის ემზადება, ნატოს კი ყურადღება გაფანტული აქვს”-The Daily Telegraph
„პუტინი მორიგი შეჭრისათვის ემზადება, ნატოს კი ყურადღება გაფანტული აქვს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია რებეკა კოფლერი, სამხედრო სტრატეგიული დაზვერვის ანალიტიკოსი, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი. მასალაში ერთმანეთთანაა შედარებული ნატოსა და რუსეთის სამხედრო სტრატეგიები.
ნატოს ბოლო სამიტზე ჰააგაში მიღებული დეკლარაციის თანახმად, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისათვის თავდაცვის სფეროსათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% დახარჯონ. ეს დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთი მიხვდა – ვლადიმერ პუტინის მოქმედების წინააღმდეგ მიმართულმა შეშფოთება-აღშფოთება-დაგმობამ და დონალდ ტრამპის დიპლომატიური ემისარის სტივ უიტკოფის ძალისხმევამ, კრემლზე გავლენის მიზნით, რაიმე შედეგი არ გამოიღო. იმავდროულად ალიანსმა გააცნობიერა, რომ აუცილებელია რუსეთის შეკავება, რაც გენმდივნის მარკ რიუტეს აზრით, შეიძლება 5 წლის განმავლობაში განხორციელდეს.
ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ეთანხმება მარკ რიუტეს მოსაზრებას, რომ რუსეთი რამდენიმე წელიწადში მზად იქნება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ შემტევი ოპერაცია წამოიწყოს. თუმცა მე პირადად, რომელსაც გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი რუსეთის სტრატეგიის შესწავლაში, მაინცდამაინც დიდად არ ვარ დარწმუნებული, რომ კრემლის მსხვერპლი ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა იქნება, თუ ის უშუალოდ არ ჩაერევა უკრაინის ამებებში და დონბასის ბრძოლის ველზე თავის საარმიო ქვედანაყოფებს არ გაგზავნის. ამასთან, იმის მიუხედავად, ნატო რას გააკეთებს ან არ გააკეთებს უახლოეს 5 წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ალბათ, მაინც თავს დაესხმება და ეს ქვეყანა, სავარაუდოდ, მოლდოვა იქნება.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხარჯების გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თავისთავად არაფერს არ მოიტანს. ფული და ტექნოლოგიები, რომლებიც ომის წარმოების დასავლური სტილის საფუძველს უზრუნველყოფს, ომს თავიდან ვერ აგვაცილებს და ვერ გაგვამარჯვებინებს. ამას მხოლოდ სტრატეგია აკეთებს, ხოლო წარმატებული სტრატეგია ეფუძნება მოწინააღმდეგის მეთოდების ღრმად გაცნობიერებას და მისი სამხედრო დაგეგმვის ელემენტების შესწავლას.
თავის დროზე, 2013 წლის სექტემბერში, ყირიმში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, რიგმა ანალიტიკოსებმა, მათ შორის მეც, ნატოს წევრებს ვაცნობეთ რუსეთის სტრატეგიული გეგმების შესახებ. სამწუხაროდ, არც ნატოს და პენტაგონელ კოლეგებს არანაირი კონტრსტრატეგია არ შეუმუშავებიათ. აქედან გამომდინარე, დასავლეთი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრას მოუმზადებელი შეხვდა.
რუსეთის გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული სტრატეგია ე.წ. „ასიმეტრიული ომის“ თაობაზე ბევრად არის ნასესხები ბრიტანელი სტრატეგოსის ბევილ ლიდელ ჰარტის ნაშრომებისაგან. როგორც ცნობილია, ჰარტი გამოდიოდა მოწინააღმდეგესთან არაპირდაპირი მეთოდებით ბრძოლის სასარგებლოდ და არა სამხედრო ძალის უხეში გამოყენებისათვის, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების გვერდის ავლას და ყურადღების კონცენტრირებას მის სუსტ და მოწყვლად მხარეებზე.
აშკარაა, რომ უკრაინის კონფლიქტი სწორედ ისეთ ეტაპზეა გადაზრდილი, როგორიც რუსეთს არ სურს და მას თავს არიდებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრემლმა ფუნდამენტურად შეცვალა თავისი მიდგომა, როცა უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგობა დაინახა. იმდენად, რამდენადაც ნატოს ქვეყნების არმიები ტექნოლოგიურად რუსეთზე წინ დგანან, მოსკოვი ხვდება, რომ მას სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება სამომავლო ომი საწყის ეტაპზევე მოუწევს. გარდა ამისა, კრემლი ასევე შეეცდება, რომ არ გაიმეოროს უკრაინაში დაშვებული შეცდომები.
ამრიგად, რუსული სტრატეგოსები გეგმავენ, რომ ნატოს ძლიერების განეიტრალება ომის წარმოების ნატოსეული მიდგომების დარღვევით განახორციელონ, ანუ დარტყმა მიაყენონ ალიანსის ლოჯიტიკას და კოსმოსურ სისტემებს, რაზედაც დამოკიდებულნი არიან ნატოს ძალები. ამიტომაც ნატოს წევრებისათვის აუცილებელია უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე მხოლოდ ფულის ხარჯვა წარმოადგენს. მათთვის აუცილებელია იმის გაცნობიერება, თუ რას თვლიან რუსები ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მოწყვლად ადგილებად და მიიღონ ის ზომები, რაც კრემლს მათი გამოყენების სტიმულს მოუსპობს. არსებობს 5 მიმართულება, საითაც მოქმედება უნდა გააქტიურდეს.
პირველი – კოსმოსური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
მეორე – კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერშეტევებისაგან;
მესამე – წესების გამკაცრება წყალქვეშა კაბელების დასაცავად;
მეოთხე – თავდაცვა რუსი ჯაშუშებისაგან;
მეხუთე – საერთო საბრძოლო პოტენციალის უპირატესობის უზრუნველყოფა.
ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანით რუსეთი ამჟამად სამ თვეში უფრო მეტ საბრძოლო მასალებს აწარმოებს, ვიდრე ევროპა მთელი წლის განმავლობაში. ნატოსათვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების, ტანკების, დრონებისა და ჭურვების წარმოების გაფართოება უკიდურესად აუცილებელია, რათა რუსეთს ამგვარი არსენალის დამზადებაში დაეწიოს და გაუსწროს. ნატომ (და ევროკავშირმა) აუცილებლად უნდა შეავსოს თავისი დაცარიელებული საწყობები.
მაგრამ იარაღი თავისით არ ისვრის. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანმა უნდა გაწვრთნას და აღჭურვოს იმდენი საომარი ძალა, რომელიც საკმარისი იქნება ვლადიმერ პუტინის გათვლების ჩასაშლელად. მოსკოვი რეგულარულად ახორციელებს როგორც ღია, ასევე ფარულ მობილიზაციებს უკრაინასთან სამწლინახევრიანი ომის განმავლობაში – ამ მხრივ საყურადღებოა სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად შეტანილი კანონპროექტი, რომელიც არმიაში გაწვევას მთელი წლის განმავლობაში ითვალისწინებს. თუ მას მიიღებენ და პრეზიდენტი ხელს მოაწერს (და ეს ასეც იქნება!), კანონი ძალაში შევა 2026 წლის პირველი იანვრიდამ.
ევროპაში კი სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია შემოღებული, ზოგიერთები ჯერჯერობით მხოლოდ განიხილავენ, უმრავლესი სახელმწიფოები კი ამაზე არც ფიქრობენ. მაგრამ ისეთ ომში, რომელიც გამოფიტვის პრინციპით იწარმოება, ბევრი რამ არის დამოკიდებული არმიის პირადი შემადგენლობის პერმანენტულ განახლებაზე, რადგან ასეთ დროს გამარჯვების მეტი შანსი არსებობს.
კარგი ახალი ამბავია ის, რომ ნატოს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი თავისი რიგების შემჭიდროებისა და განმტკიცების დრო, რუსეთის ახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად. ტრაგიკული იქნებოდა, ალიანმა რომ ზომები ახლავე არ მიიღოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ კოლოსალურ ფასს იხდის უკრაინა რუსეთისაგან თავდაცვისათვის. ნატო ვალდებულია ზომები მიიღოს დაღუპული უკრაინელებისა და მათი ოჯახების ხსოვნის სახელით და ისეთი სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია შეიმუშაოს, რომელიც წინ აღუდგება ვლადიმერ პუტინის სცენარს.
მოამზადა სიმონ კილაძემ