1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა – პესკოვი
პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა – პესკოვი

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა – პესკოვი

328
0

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.

ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომელმაც ევგენი პრიგოჟინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე რუსულ მედიასთან ისაუბრა.

პესკოვის თქმით, თავად პრიგოჟინი ბელარუსში გადავა.

ამასთან, კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ არ დაიწყება ამბოხში მონაწილე „ვაგნერის“ მებრძოლების სისხლის სამართლებრივი დევნა, „მათი საბრძოლო დამსახურებების გათვალისწინებით“.

მებრძოლების ნაწილი, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამბოხში, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებს მოაწერენ ხელს.

პესკოვის თქმით, ლუკაშენკო თავად გამოვიდა შუამავლობის ინიციატივით, რადგან პრიგოჟნს 20 წელზე მეტია, იცნობს.

სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.