პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა
პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციში მიმდინარე ბრიფინგზე მოაწერა ხელი.
„პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.
დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.