
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
ცვლილებები მესამე მოსმენით კანონმდებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.
კანონპროექტით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, თუ ამისთვის უკვე არსებობს რამდენიმე წინაპირობა. კერძოდ:
1) მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. კერძოდ, ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიცაა: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება თუ განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და სხვა;
2) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია;
3) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.