ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა.
„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ – ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პრესსპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა? მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია. პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასა და ექსტრემიზმთან. ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად თუ არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული – უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, – წერს პაპუაშვილი.