1. Home
  2. სხვა
  3. ორნი თეთრ სახლში: ჯო ბაიდენის თვითკმაყოფილება – The Daily Telegraph
ორნი თეთრ სახლში: ჯო ბაიდენის თვითკმაყოფილება – The Daily Telegraph
0

ორნი თეთრ სახლში: ჯო ბაიდენის თვითკმაყოფილება – The Daily Telegraph

52
0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ორნი თეთრ სახლში: ჯო ბაიდენის თვითკმაყოფილება – იგი ერთადერთი დემოკრატია, რომელმაც თავის დროზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა“ (ავტორი – ტონი დაივერი), რომელშიც ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პრეზიდენტის, თეთრი სახლის წარმავალი ბინადარისა და მომავალის გულთბილი შეხვედრაა გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში მყოფმა ჯო ბაიდენმა გაუწოდა ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, თეთრი სახლის მომავალ ბინადარს დონალდ ტრამპს, არ იყო სავალდებულო, რომ მეგობრული ყოფილიყო. ბოლო თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიების დროს, ორივე ერთმანეთს ულმობლად ურტყამდა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს „მძინარე ჯოს“ და „ნამდვილი საფრთხის განსახიერებას“ უწოდებდა, ჯო ბაიდენი კი, თავის მხრივ (ზოგჯერ კი პრესმდივნის პირით) აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპი ყველაფრით აკმაყოფილებს ფაშისტის სახელს.

თუმცა ჯო ბაიდენისათვის გარდამავალი ხელისუფლების პერიოდი (როცა ერთი მიდის და მეორე მოდის) ისეთ მომენტად იქცა, რომ მას შესაძლებლობა მიეცა მოხდენილად დახვედროდა ჯერ კიდევ სტუმრის სტატუსში მყოფ დონალდ ბაიდენს და ასევე მოხდენილად  დაშორებოდა. მან კამერების წინაშე ქვეყანას აცვენა, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებიდან  წასვლა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა პოლიტიკურ მტრობაზე მაღლა დააყენო.

 უფლებამოსილების გადაცემა, რასაკვირველია, ჯო ბაიდენისათვის ერთგვარი თვითკმაყოფილების გრძნობით იყო მოცული, რადგან იგი ჯერ-ჯერობით ერთადერთ დემოკრატ პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელმაც ორ არჩევნებში ერთხელ მაინც შეძლო რესპუბლიკელი  ექს-პრეზიდენტის დამარცხება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შეგვიძლია, რომ თქვენი განთავსება თეთრ სახლში სასიამოვნო იყოს“, – უთხრა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს.

აღსანიშნავია, რომ „კოჭლ იხვს“ იისფერი ჰალსტუხი ეკეთა, რაც ორპარტიულობის ფერს შეესაბამება. მასპინძელმა სტუმრისადმი პატივისცემის ნიშნად ბუხარიც კი აანთო, რათა სიმბოლურად განეიტრალებულიყო ის მკვეთრი აცივება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში მოხდა.

სცენა, რომელიც დამშვენებული იყო წითელი ვარდებით და რომელიც ბუხრის ცეცხლის ალისფერ ათინათს უთავსდებოდა, უფრო მეტად მოგვაგონებდა ორი მოხუცი მამაკაცის შეხვედრას, რომლებიც ერთმანეთს თავს გადახდილ ისტორიებს უზიარებენ, ვიდრე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რანდევუს, რომლის დროსაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის პოსტის გადაცემის დეტალები იხილებოდა.

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის უკან, კედელზე, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სურათები ეკიდა, მათ შორის კი, ცენტრალურ ადგილზე, ფრანკლინ დელანო რუზველტის ფოტო, რომელსაც ჯო ბაიდენს ხშირად ამსგავსებენ. ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტები ორივე მხარის – დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მომხრე მასმედიის  კამერების ფოკუსში მოხვდნენ, რაც საკმაოდ ნიშანდობლივია.

ბევრი რამ შეიცვლა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2021 წლის იანვარში თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი დატოვა.

არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა წარმავალ პრეზიდენტთან – ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების დიდი ხნის ტრადიციას წარმოადგენს. მაგრამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დონალდ ტრამპმა წააგო, მაგრამ დამარცხება არ აღიარა, ასეთი შეხვედრა არ გამართულა: დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯო ბაიდენის მიწვევაზე თეთრ სახლში.

ამჯერად მისტერ დონალდ ტრამპი თავისი გამარჯვებით იმდენადვე დიდსულოვანი იყო, რამდენადაც ჯო ბაიდენი თავის დამარცხებაში: „პოლიტიკა მკაცრი რეალობაა და ბევრ შემთხვევაში ჩვენთვის მაინცდამაინც დიდად სასიამოვნო არ არის ხოლმე“, – ფილოსოფიურად შენიშნა დონალდ ტრამპმა და ამით ჯო ბაიდენს მიანიშნა ის, რომ ჯო ბაიდენი იძულებული გახდა საპრეზიდენტო რბოლაზე უარი ეთქვა და ასპარეზი კამალა ჰარისისათვის დაეთმო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი საკმაოდ მწარედ აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს წინასაარცევნო კამპანიის დროს. „დღეს კი ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს და მე ამას ვაფასებ“, – დაამატა ახლად არცეულმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ქცევაში აშკარად გამოსჭვიოდა ტრიუმფი, რომ იგი იმ კაბინეტს სამართლიანად დაუბრუნდა, რომლის დატოვება 2020 წლის არჩევნების შემდეგ იძულებით მოუწია.

„დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას იგივე ძალაუფლებრივი ჟესტები გვაჩვენა, რომლის ნახვასაც მივეჩვიეთ“, – ამბობს დარენ სტენტონი, ქცევითი საკითხების ექსპერტი, – მან ჟესტი „შპილი“ აჩვენა (ორივე ხელის თითები ერთად, პირამიდული სახით, ზემოთ მიმართული), რაც ავტორიტარულ ჟესტს წარმოადგენს. ვინ ასე აკეთებს, იგი თავის მოქმედებაში დარწმუნებულია“.

„ჯო ბაიდენს კი ხელები მუხლებზე ჰქონდა დადებული – ასეთი თავისუფალი და დამაჯერებელი პოზა იმის მიმანიშნებელია, რომ იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და სიტუაციას აკონტროლებს. ვერ ვიტყვი, მან ეს გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯო ბაიდენი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი რეპუტაცია შელახული არ არის“, – აღნიშნავს დარენ სტემტონი.

ორივე მამაკაცმა მოახერხა, რომ შეხვედრას ნორმალური სახე ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში მრავალი უხერხული ფაქტი და მოვლენა იყო მომხდარი.

არადა, ყველამ კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თვლიდა, რომ ჯო ბაიდენს უსამართლოდ ჰქონდა მისი ადგილი დაკავებული თეთრ სახლში. თავის მხრივ, ჯო ბაიდენისათვის დონალდ ტრამპი ის „ცეცხლისწამკიდებელია“, რომელიც დანაშაულის ადგილზე დაუსჯელი დაბრუნდა.

თუმცა ორივეს მხიარული განწყობა და ღიმილი იმის დადასტურებად უნდა ჩავთვალოთ, რომ პრობლემა უკვე წარსულს ჩაბარდა.

2016 წელს, როცა ბარაკ ობამას თავისი ბოლო შეხვედრა ჰქონდა არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში, ისინი კამერების წინაშე სამი წუთი საუბრობდნენ. წარმავალი და მომავალი პრეზიდენტის ლაპარაკი მკაცრი და ცივი იყო – არცერთი არ იღიმებოდა.

2016 წელს არც ბუხარში არ გიზგიზებდა ცეცხლი. ბარაკ ობამას შავი კოსტიუმი ემოსა, თითქოსდა იგი დაკრძალვაზე იმყოფებოდა. არც ყვავილები არ ჩანდა – მათ როლს ვაშლით სავსე ვაზა ასრულებდა.

ამჯერად პრესკონფერენცია მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა. როცა ჟურნალისტები თბილი ოვალური კაბინეტიდან გარეთ გამოვიდნენ და კითხვებისათვის მოემზადნენ, დონალდ ტრამპმა ინიციატივა ჯო ბაიდენს დაუთმო. მასპინძელს კი არაფერი აღარ უთქვამს და კამერების წინაშე ისევ გაიღიმა.

წყარო