ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
ოპოზიციასაც გააჩნია, ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში სიტუაცია ძალიან რთულია.
„ჰიპოტეტურად რომ გითხრათ, იმ ადამიანს ვერ დაელაპარაკები, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს დამიზნებული და როგორც კი, მიუახლოვდები, ეს იარაღი გაისვრის. ამ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან რთულია. დიალოგის საშუალება იქნებოდა, რომ არა ის საბოტაჟი, რომელიც მათ საკუთარ ქვეყანას გამოუცხადეს და პარლამენტში არ შემოვიდნენ. ამას უფრო ის გარემოება ამძიმებს, რომ საბოტაჟი განახორციელეს არა იმიტომ, რომ რაღაც საკითხების მიმართ აქვთ პრინციპული პოზიცია, არამედ იმ მიზნით, რომ რევოლუცია მოეხდინათ. საკითხებზე მსჯელობა შეიძლება პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც. მწვავე დაპირისპირებებიც შეიძლება, მაგრამ ბოლო წლებმა გვანახეს, რომ ერთადერთი მიზანი და ამოცანა საქართველოში ცეცხლის დანთებაა, რომელიც ქვეყანას ნგრევის გზას გაუყენებს.
რა დიალოგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მაშინ, როცა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი დამნაშავეები არიან. კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავეები. ისინიც, რომელთაც ადამიანები ფიზიკურად აწამეს და ფიზიკურად მოკლეს, რუსეთს ხელში საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი განზრახ ჩაუგდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არგუმენტები გვაქვს. რასაკვირველია, დიალოგი ვერ შედგება. ეს ადამიანები გამოდიან და ფიზიკურ განადგურებას გიქადიან. გეუბნებიან, რომ ტყვია უნდა გესროლონ თავში, 84 დეპუტატს ტყვია უნდა მოხვდეს. ეს ერთი ადამიანის განცხადება არ არის. რაღა დიალოგზეა საუბარი? – თქვეს, რომ ჩვენ და ჩვენს ლიდერს ბენზინი რომ გადაგვასხან და დაგვწვან, ეს მათთვის სასიხარულო ფაქტი და მოვლენა იქნება. ვის უნდა ელაპარაკო? – ასეთ ადამიანებთან დიალოგი შეუძლებელია, რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს. პროცესებზე ზებუნებრივი ძალა თუ სხვა რაღაცა იქონიებს გავლენას. იმედია, საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიშობიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ“, – განაცხდა ვოლსკიმ.