1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 313 დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

ომის 313 დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

ომის 313 დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
117
0

რუსეთმა კიევზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. 

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. შედეგად კიევში 1 ადამიანი – 19 წლის კაცი დაშავდა.

დაბომბვის შედეგად, ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები ხორციელდება

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ოკუპირებულ დონეცკში კიდევ 400 მოკლული რუსი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ოლქის ტერიტორიაზე დრონები გამოჩნდნენ, დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე, მიკოლა ლუკაშუკიც.

საჰაერო განგაში გამოცხადდა კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქებში, ასევე სუმის, ხარკოვისა და პოლტავას ოლქებში, მოგვიანებით კი დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიროვოგრადის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ამასთან, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებული დრონის ნამსხვრევები კიევის დესნიანსკის რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდა დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევში 20 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

დრონები და რაკეტა ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

„საავიაციო და საზენიტო-სარაკეტო ძალებმა დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიესოლქებში Shahed-ის ტიპის 6 უპილოტო საფრენი აპარატი და Kh-59MK2 ტიპის მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ქალაქ დნიპროსკენ მიემართებოდა. საჰაერო თავდაცვამ კი Shahed-ის 3 დრონი ჩამოაგდო“, – აცხადებენ „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობაში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელდა 51 ავიადარტყმა, ასევე გამოიყენეს 44 ირანული დრონი და 55-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან. მათი დიდი ნაწილი საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო.

მანამდე კი, 31 დეკემბერსა და ახალი წლის ღამეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.