1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომი და ჯო ბაიდენის შანსები 2024 წლის არჩევნებში – ავთანდილ წულაძე
ომი და ჯო ბაიდენის შანსები 2024 წლის არჩევნებში – ავთანდილ წულაძე

ომი და ჯო ბაიდენის შანსები 2024 წლის არჩევნებში – ავთანდილ წულაძე

491
0

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, თუმცა საარჩევნო კამპანიის ინტრიგა სულ უფრო და უფრო იძაბება. ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს უსწრებს, რადგან ამერიკელებს უფრო მეტად აწუხებთ შიდა პრობლემები: ეკონომიკური მდგომარეობა, არალეგალური იმიგრაციის პრობლემები, ინფლაცია და ა.შ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომმა, უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად, გაზარდა ზეწოლა ბაიდენის ადმინისტრაციაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯო ბაიდენი წარუმატებელია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში და მისი 2024 წელს ხელახლა არჩევის შანსები მცირეა.

თუმცა, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბს განსხვავებული აზრი აქვს. მაიკლ ჰირშის სტატიაში ჟურნალ Politico-ში ნათქვამია, რომ ბაიდენის გუნდი სამხედრო კრიზისებს მოქმედი პრეზიდენტის კამპანიის გადატვირთვის შესაძლებლობად ხედავს.

https://www.politico.com/news/magazine/2023/10/20/biden-age-war-politics-00122337
ჯო ბაიდენს აკრიტიკებენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები იმის გამო, რომ ის ასაკოვანი პოლიტიკოსია. ბაიდენის გუნდმა, ფსიქოლოგ დეილ კარნეგის ცნობილი რჩევის თანახმად, გადაწყვიტა “ლიმონისგან ლიმონათის დამზადება”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მინუსი გადააქციონ უპირატესობად. ბაიდენის გუნდი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ასეთ გამოცდილ და ბრძენ ლიდერს შეუძლია წარმართოს ამერიკა სწორ გზაზე საერთაშორისო არენაზე ასეთი საშიში გამოწვევების პერიოდში. თელ-ავივში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა გაიხსენა მისი შეხვედრა ისრაელის ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრთან გოლდა მეირთან. ამრიგად, მან ხაზი გაუსვა, რომ მას აქვს უნიკალური პოლიტიკური გამოცდილება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვითარების გამწვავების პერიოდში.

ბაიდენის კონსულტანტები ასევე შეახსენებენ, რომ ომები და საერთაშორისო კონფლიქტები წარმატებით გამოიყენეს აშშ-ს პრეზიდენტებმა არჩევნებში გასამარჯვებლად. ფრანკლინ რუზველტმა მოიგო მესამე ვადა მეორე მსოფლიო ომის დროს; ასაკოვანმა რონალდ რეიგანმა ისარგებლა სსრკ-სთან „ცივი ომის“ დაძაბულობით და დაამარცხა უფრო ახალგაზრდა მეტოქე უოლტერ მონდეილი; ჯორჯ ბუში უმცროსი მეორე ვადით აირჩიეს ერაყის ომის ფონზე.

ჯო ბაიდენი აპირებს გადამწყვეტი ცვლილება შეიტანოს თავის საარჩევნო კამპანიაში მიმდინარე ომებისა და ჩინეთსა და ტაივანს შორის ომის საფრთხის წარმოჩენით, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის საშიშროება. სწორედ ეს იყო მესიჯი ჯო ბაიდენის ამერიკელებისადმი ბოლო მიმართვაში. პრეზიდენტი ბაიდენი იყენებს სამხედრო კონფლიქტს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ისევე როგორც ფრანკლინ რუზველტმა გამოიყენა იაპონიის თავდასხმა პერლ ჰარბორზე. შეერთებული შტატები იძულებულია იზოლაციონიზმიდან გლობალური ლიდერობისკენ შემობრუნდნენ. და აქ ბაიდენის გუნდმა სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთა. ამერიკელები თავის თავს პირველებად თვლიან მსოფლიოში. მათთვის ლიდერობის დაკარგვის საფრთხე ეროვნული სიამაყის დამცირებაა. ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი დებს ფსონს, რომ მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია გლობალური კონფლიქტის ესკალაციის შედეგად გამარჯვებული გამოვიდეს. ფსონი ძალიან სარისკოა, მაგრამ ბაიდენი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა უკან დასახევი გზა არ აქვს.

ბაიდენის გუნდის ახალი სტრატეგია რესპუბლიკელებსა და დონალდ ტრამპს ცუდი მხრიდან ასახავს. სანამ ბაიდენი მსოფლიო ომის ცეცხლს აქრობს, რესპუბლიკელები წვრილმან ინტრიგებში არიან ჩაძირულები და ვერ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რაც კონგრესის მუშაობის პარალიზებას ახდენს. ბაიდენი მიდის თელ-ავივში ისრაელის მხარდასაჭერად და ასეთ დროს კონგრესი, რესპუბლიკელების დაბნეულობის გამო, ვერ ამტკიცებს ისრაელისთვის დახმარებას.

ამრიგად, ამერიკის არჩევნების სცენარში გარდამტეხი მომენტი დადგა. მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, უკრაინასა და ღაზას სექტორში ომების შედეგის პროგნოზირება ნაადრევია. მაგრამ ფსონები იდება და ბრძოლა გრძელდება.

 

ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი