1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე – The Daily Telegrtaph
ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე – The Daily Telegrtaph

ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე – The Daily Telegrtaph

452
0

„შესაძლოა ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეთოდებს ომის წარმოების მხრივ (მე პირადად არ ვეთანხმები), მაგრამ ისრაელი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ გაეროს კედლებში მშვიდობაზე მიმდინარე წყნარი ლაპარაკი და თავაზიანი თხოვნები არ მუშაობს“, – წერს გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegrtaph) დაბეჭდილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ უოლესი. სტატია გამოქვეყნებულია სათაურით „ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბინიამინ ნეთანიაჰუს მოქმედება მიანიშნებს, რომ თუ თქვენ გსურთ გეგმების ბოლომდე განხორციელება, ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ გაბედულად უნდა შეუტიოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ მიზნების მისაღწევად პოლიტიკოსმა ზოგჯერ შეიძლება რისკი გასწიოს, თავისი საერთაშორისო პოპულარობა გაწიროს და დიპლომატიური მანევრების მიღმა არ დაიმალოს.

(…)

მე პირადად ბინიამინ ნეთანიაჰუ არ მომწონს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ უარესად ვღიზიანდები დიპლომატიური მოლაყბეებით, რომლებსაც, როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იბრძვის ყოველი დაღუპულისათვის, ყოველი მძევლისათვის და ებრაული თემის ყოველი წევრისათვის. ბევრ ჩვენს დიპლომატს ავიწყდება, რომ ბინიამინ ნეთანიაჰუ  ოდესღაც თვითონ იყო დაჭრილი ლიბანში ებრაელი მძევლების გათავისუფლების დროს, ხოლო მისი უფროსი ძმა, ისრაელის ეროვნული გმირი იონათამი 1976 წელს ენტებეს (უგანდა) აეროპორტში განხორციელებულ ოპერაციაში, ტერორისტების მიერ გატაცებული „ერ-ფრანსის“ თვითმფრინავის ებრაელი მგზავრების გათავისუფლების დროს დაიღუპა.

ბინიამინ ნეთანიაჰუს სერიოზული დამოკიდებულება აქვს თავისი ყოველი გადადგმული ნაბიჯის მიმართ. მან კარგად იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დიდი დრო დაჭირდება რაიმე პოზიტიურის გასაკეთებლად შექმნილ სიტუაციაში, ამიტომ იგი გაბედულად აგრძელებს თავის მოქმედებას. პრემიერ-მინისტრი აცნობიერებს, რომ თუ იგი ამას არ გააკეთებს, ისრაელს სხვა  ვერავინ ვერ დაიცავს.

ჩვენი ფრიად პატივცემული საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებული და ნაწყენია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მისი მოწოდებები თავშეკავებაზე აინუნშიაც არ ჩააგდო. ჩვენი დიპლომატები გაგებაში არ არიან, თუ რა ხდება სინამდვილეში. ფორინ-ოფისი იმდენად არის გატაცებული აკვიატებული იდეით – როგორმე გაეროს კომიტეტში თავმჯდომარის ადგილი დაისაკუთროს, რომ რეალურ სიტუაციას ვერ აღიქვამს.

სამხედრო გეგმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს „მიზნის მიღწევა“ წარმოადგენს. თუ მიზნის მიღწევა გსურს, გაბედულად და სერიოზულად უნდა იმოქმედო. სწორედ ამიტომ ვიმეორებ ყოველთვის, რომ დიდი ბრიტანეთის რბილი ძალა ხისტი ძალითაც უნდა გამაგრდეს, რომელიც მუდამ მზად იქნება გამოსაყენებლად და თან სასიკვდილო შედეგით.

(…)

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში თავისი „გამარჯვების გეგმით“ შევიდა. არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, რომ მან იქ რაიმე ხისტად თქვა და საკითხი მკაცრად დააყენა. შეიძლება თქვა კიდეც. ჩვენც ხშირად ვაკეთებთ მკაცრ განცხადებებს რუსეთის მიმართ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ჩვენ მიზნებს ვერ ვაღწევთ. ანუ დასავლური პოლიტიკა უკრაინის სასარგებლოდ სათანადოდ ვერ მუშაობს.

ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ უკრაინის საკითხს სერიოზულად არ აღვიქვამთ. იგი ხედავს, რომ ჩვენ ვყოყმანობთ, ვიმალებით კულისებში და ლაპარაკით ვართ დაკავებული. ამ დროს კი კრემლი უკრაინულ ხორცსაკეპში კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის.

ვლადიმერ პუტინს ორი კოზირი აქვს. პირველი ის, რომ იგი სასიკვდილოდ რუსი ჯარსკაცების კიდევ უფრო მეტ რაოდენობას გაუშვებს – კრემლმა მშვენივრად იცის, რომ სახალხო ბუნტი არ მოხდება. მეორე – მას არ სჯერა ჩვენი ნათქვამისა, როცა ვამბობთ – „რუსეთი უნდა დამარცხდეს, უკრაინამ კი უნდა გაიმარჯვოს“. ალბათ, იმიტომ, რომ კარგად უწყის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის მოწოდებები – „ბრიტანეთმა სხვებს არ უნდა გადაასწროს და თავი უნდა შეიკავოსო“.

კრემლის დესპოტი თვლის, რომ ევროპულ კანცელარიებში ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები მალე დაიწყებენ ასეთ ლაპარაკს: „ოჰ, ნეტავ სწრაფად დასრულდეს ეს ომი და ისევ მშვიდობას დავუბრუნდეთ, როცა საბიუჯეტო თანხებს უფრო მეტად ჩვენს ჯანდაცვაში, სოციალურ დახმარებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში დავხარჯავთ, ვიდრე უკრაინისადმი დახმარებაში“. შეიძლება ამ მხრივ ვლადიმერ პუტინი მართალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობს წესი, რომ პუტინს დავუმტკიცოთ – იგი მწარედ სცდება. დიახ, ასეთი მოქმედება ლიდერის გაბედულებას და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. დიახ, ასეთი ნაბიჯი სარისკოა. მაგრამ სწორედ ჩვენი ასეთი ნაბიჯებით შეუძლია უკრაინას გამარჯვება, ხოლო ვლადიმერ პუტინი ნამდვილად დამარცხდება.

კრემლის პატარა ბოროტმა დიქტატორმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს – ჩვენი მომავლის სახელით. ამ დროს ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს – პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და დასავლეთმაც.

(…)

იმას, რასაც ვამბობთ და ვიტყვით, ფუჭი არ უნდა იყოს და წონა უნდა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ვლადიმერ პუტინისათვის, „ჰამას-ჰეზბოლასათვის“, ირანისათვის… და ყველაზე მეტად – ჩინეთისათვის.

წყარო