
ნატოში აშშ-ის ელჩი: ჩვენს მოკავშირეებს არ აქვთ საკმარისი პოლიტიკური ნება, გააკეთონ ის, რაც ომის შესაჩერებლად არის საჭირო – ევროპას შეუძლია ჯარების გაგზავნა, მაგრამ არავის სურს ამის გაკეთება
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.
მისი თქმით, ნატოს წევრების მიერ მშპ-ს 5%-ის თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ მიღწეული ბოლო შეთანხმება ტრანსატლანტიკურ ალიანსში ევროპის როლის „გათანაბრებას“ ემსახურება.
ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომში მთავარ მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინა, ხოლო მოკავშირეები კონფლიქტის დასრულებისთვის პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.
უიტაკერის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიზანი მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმებაა და არა სამხედრო გამარჯვება.
„არცერთი მხარისთვის გამარჯვება არ არსებობს. სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. გადაწყვეტა – ბრძოლის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა“, – აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს შუამავლობის უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა და აღნიშნა, რომ „სულ მცირე, ორივე მხარე ახლა ერთმანეთს ესაუბრება“, თუმცა დასძინა, რომ „მიამიტობაა იმის ფიქრი, რომ აშშ-ს შეუძლია უბრალოდ გამოაცხადოს ბრძოლის შეწყვეტა და რომ რუსეთი ან უკრაინა, ან თუნდაც რომელიმე მხარე, შეწყვეტს ბრძოლას“.
„პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მოკავშირეებს არ აქვთ საკმარისი პოლიტიკური ნება, გააკეთონ ის, რაც ამ ომის შესაჩერებლად არის საჭირო. ევროპას შეუძლია ჯარების გაგზავნა, მაგრამ არავის სურს ამის გაკეთება. და იცით რა? მათ ყოველთვის უნდათ, რომ ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთოს. ეს არის ჩემი იმედგაცრუება ამჟამინდელი მდგომარეობით“, – დასძინა მან.