“ნატოს სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის” – არჩილ თალაკვაძე
ნატოს სამიტმა ვილნიუსში დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის – საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა ძლიერდება, არ შესუსტებულა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველო აუცილებლად მიიღებს მიწვევას ნატოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ნატოს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად რჩება.
რაც შეეხება უკრაინას, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო და ცხად გეგმას ელოდა, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული.
მისივე თქმით, უკრაინას ნატოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
„ნატოს სამიტმა ვილნიუსში დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. თუ ჩვენ ავიღებთ შვედეთის მაგალითს და ჩვენი ქვეყანა გახდება ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, უფრო სტაბილური, უფრო წარმატებული სახელმწიფო, საქართველო იქნება უფრო სასურველი და ძლიერი პარტნიორი ნატოსთვის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სწორედ ამ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველო აუცილებლად მიიღებს მიწვევას ნატოში. რაც შეეხება უკრაინას, როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ ველოდით უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული, თუმცა იმედის მომცემია გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის განცხადება, რომ როგორც კი შიგნით კონსულტაციები დასრულდება, უკრაინა ამის შესახებ იქნება ინფორმირებული. უკრაინას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ნატოს მხრიდან და იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტის მერე მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საქართველო და უკრაინა, ნატოს კონტექსტში, ერთმანეთთან დააპირისპიროს.
„ეს არის ერთი მხრივ, უცოდინარობის და უპასუხისმგებლობის მაგალითი, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველო და უკრაინა დააპირისპირონ ერთმანეთთან ნატოს კონტექსტში. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, უკრაინა, რომელიც ძალიან მძიმე ომშია საკუთარი ტერიტორიების და თავისუფლების დასაცავად, იმსახურებს და უკრაინას პრიორიტეტულად ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ყურადღება, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მხრიდან. საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო საზოგადოებას გვაქვს მორალური ვალდებულება უკრაინასთან, ამიტომ ამის რაღაცნაირად დაპირისპირება საქართველოსთან არის მავნებლური დამოკიდებულება და პირდაპირ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიცია ამით პირდაპირ აზიანებს და პირდაპირ ებრძვის საქართველოს და უკრაინის მეგობრობას საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულებას, თითქოს ჩვენ უნდა შეგვშურდეს უკრაინის. არა, პირიქით. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მიესალმება უკრაინასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ყურადღებას და გაზრდილ მხარდაჭერას. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, სერიოზული კომენტარი არც კი შეიძლება ამაზე გავაკეთოთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, ის ტყუილსა და აბსურდს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამიტზე არ მიიწვეს.
„აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, თითქოს პრემიერ-მინისტრი არ მიიწვიეს და მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. ეს უბრალოდ ალოგიკურია და ვინც ეს ვერსია მოიფიქრა, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ჩვენს საზოგადოებაზე,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეს მიხედვით, ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში. ამასთან, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, კომუნიკეს მიხედვით, უკრაინის მომავალი ნატოშია. „უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“, – ნათქვამია კომუნიკეში.