“ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის”-Daily Express
აშშ-ის ახალმა უსაფრთხოების ეროვნულმა სტრატეგიამ ევროპა შოკში ჩააგდო, თუმცა ბრიუსელში კიდევ უფრო მეტი შფოთვა გამოიწვია იმან, რომ ისევ დაიწყო დისკუსის აშშ-ის ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) სტატიაში სათაურით: “ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის” (ავტორი – ჯონ ვარფა).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევროპელი ლიდერები განცვიფრებულნი იყვნენ მას შემდეგ, როცა თეთრმა სახლმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა – დოკუმენტი, რომელიც ანგრევს ყველა ტრადიციულ წარმოდგენებს ევროპა-აშშ-ის ურთიერთობებზე და სამხედრო-პოლიტიკურ ინტეგრაციაზე.
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ინიციატივით გამოვიდა თავისი ქვეყნის ნატოდან გასვლის თაობაზე, რაც, ალბათ, დიდ პანიკას გამოიწვევს აშშ-ის მოკავშირეებს შორის.
33-გვერდიან დოკუმენტი შეიცავს ევროპის მკვეთრ კრიტიკას, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები „პოლიტიკური თავისუფლებებისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში“ არიან დადანაშაულებულნი. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროპა „ცივილიზაციური დაღუპვის“ წინაშე დგას. დოკუმენტში ხაზი აქვს გასმული გადასვლას კონცეფციაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელშიც ვაშინგტონის მხრიდან ძირითადი ყურადღება ეთმობა დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს [ანუ ამერიკის კონტინენტს მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს, ასევე თითქმის მთლიანად წყნარი ოკეანის რეგიონს], აშშ-ის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და არა გლობალურ ვალდებულებებს. საგარეო პოლიტიკისადმი ამ ახალი მიდგომების ჩარჩოებში აშშ ყურადღებას დაუთმობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას – “სტრატეგიული სტაბილურობის” დამყარების მიზნით.
თეთრი სახლის მიერ შემუშავებულმა დოკუმენტმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა ეჭვი ნატოში აშშ-ის გრძელვადიანი მონაწილეობის მიმართ, რომელიც დასავლეთის ომის შემდგომი უსაფრთხოების ქვაკუთხედად ითვლება.
ევროპულ დედაქალაქებში, ალბათ, კიდევ უფრო მეტ შფოთვას გამოიწვევს აშშ-ის კონგრესის წევრის წინადადება, რომელმაც წამოაყენა კანონპროექტი სამხედრო ალიანსიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე. თუ საკანონმდებლო ორგანო ამ წინადადების განხილვას დაიწყებს, ეს სენსაცია იქნება (წარმოუდგენელი ფაქტი!)…
რესპუბლიკელმა დეპუტატმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა აშშ-ის კენტუკის შტატიდან თომას მასიმ განაცხადა, რომ ნატო უკვე ვეღარ პასუხობს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს.
„ნატო ცივი ომის გადმონაშთია, – თქვა მან, – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან, თანხები ჩვენი საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ და არა ევროპის მო სოციალისტო მთავრობების მქონე ქვეყნებისათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საპირწონედ, კომუნისტური ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომელიც უკვე აღარ არსებობს, 30 წლის წინ გაქრა რუკიდან. აშშ-ის მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამერიკელ გადასახადის გადამხდელს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა. ნატოს წევრობის გამო ჩვენ საფრთხეში ვართ – იძულებულნი ვხდებით, რომ სხვადასხვა ქვეყნებს შორის დაწყებულ ომებში ვიყოთ ჩათრეული.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კონსტიტუცია არ იწონებს და არ გვავალდებულებს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას, რაზედაც ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ-დამაარსებელი მამები გვაფრთხილებდნენ… ამერიკა არ უნდა იყოს მსოფლიოს ქვეყნების დამცველი, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მდიდარი ქვეყნები უარს ამბობენ საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“.
უნგრეთის ფუნდამენტალური სამართლის ცენტრის ანალიტიკოსის ზოლთან კოშკოვიჩის აზრით, აშშ-ის გასვლა ნატოდან ვლადიმერ პუტინისათვის იდეალური საჩუქარი იქნებოდა: „ევროპასა და ამერიკას შორის განხეთქილების შეტანა რუსეთის უდიდესი გამარჯვება იქნებოდა ბოლო 80 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მოვლენასთან ახლოს ვართ. ისეთი მოვლენები ვითარდება, რომ ვფიქრობ, დასავლეთის სამხედრო კოალიცია ვლადიმერ პუტინს ამ ყველაფერს ოქროთი მოვარაყებული ლანგრით მიართმევს“.