“ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება”-რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება – კონსულტაციები უნდა დაიწყოს მალე, იანვრიდან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ აქვს და ბარიერის გადალახვის შანსი აქვს გახარიას პარტიასაც, ამიტომ ოპოზიციურ ველზე არსებულმა დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა ვისაც პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვთ, ერთი დიდი გაერთიანება უნდა შექმნან, თუმცა, გოცირიძე არ გამორიცხავს ასევე მეორე გაერთიანების შექმნასაც მათგან, რომელსაც ამ ბლოკთან თავსებადობა არ ექნება.
„თუ მცდელობისა და ბრძოლის მოუხედავად დაბალი ბარიერი ვერ იქნა მიღწეული, გამოსავალი არის დიდი, მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას, შექმნის კოალიციას და გაისტუმრებს წარუმატებელ ხელისუფლებას პოლიტიკურ მოუსავლეთში. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს არის ორი პარტია, რომელიც არავისთან გაერთიანებას არ აპირებს და რომელთაც აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, ერთს 100%-იანი შანსი, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, მეორეს – გახარიას პარტიას კი ნაწილობრივი შანსი აქვს. დანარჩენი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ერთ დიდ, მთავარ ბლოკში, რომელიც იქნება იმაზე ძლიერი ვიდრე „ნაციონალური მოძრაობაა“, შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ კიდევ ერთი ოპოზიციური ბლოკის შექმნას, რომელსაც ამ დიდ ბლოკთან არ ექნება თავსებადობა. ძალა ამ შემთხვევაში არის ერთ, დიდ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებაში. ცალ-ცალკე გასული პარტიების უდიდესი ნაწილი ბარიერს ვერ გადალახავს და თუ ერთმა ან ორმა გადალახა, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის. „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი ბლოკი, მათ შორის შეიძლება იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ნაწილი და ცნობადი პირები, რომლებსაც პოლიტიკაში მოსვლა გადაუწყვიტავთ. ეს ბლოკი უნდა იყოს ნომერ პირველი თავის ელექტორალური ძალით, „ნაციონალური მოძრაობის“ ტოლფასი ან მასზე მეტი. ამ არითმეტიკით იმარჯვებს ოპოზიცია და იცვლება ხელისუფლება. პატარა პარტიების მხრიდან არჩევნებზე ცალკე გასვლა ან გულუბრყვილობა და ილუზიაა, ან უპასუხისმგებლობა ან „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ პირდაპირ წყალს, ან კიდევ არიან ახირებული ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოლიმპიური პრინციპით – გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ მონაწილეობა. ეს არის დიდი შეცდომა. გაერთიანებაზე საუბარი ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მალე, ალბათ იანვრიდან უნდა დაიწყოს კონსულტაციები“, – განაცხადა გოცირიძემ.