“ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი იწყებს რეპრესიას, დევნის განსხვავებულ აზრს”-ნიკა მელია
მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, პარტიის ახალი მენეჯმენტი დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს.
„იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება. ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში. ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი, ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით. მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება, მივყავდეთ მომავლისკენ“, – წერს ნიკა მელია.